"ახლობლების პირით შემომითვალეს: იქნებ არ იჩივლოს, ბოდიშს მოვიხდითო"...

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 15:23

მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ მამა გარდეცვალა, თეკუჩა ქარსელაძის შესახებ დაწერილ სტატიის გამო ერთერთ გამოცემასთან სამართლებრივ დავას აპირებს.

აღნიშნულის შესახებ ნინიმ "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა თუმცა უფრო დაწვრილებით ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა. გთავაზობთ მასალიდან ამონარიდს:


– სოციალურ ქსელში დადე სტატუსი, სადაც გაბრაზებული იყავი ერთ-ერთ გამოცემაზე და სამართლებრივი დავით ემუქრებოდი. რეალურად, რა მოხდა და თუ აპირებ ჩივილს?


– მამა წინა დღის დასაფლავებული იყო და მისმა მეგობარმა გამომიგზავნა სტატიის ფოტო, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა. ბოლომდე ვერც წავიკითხე, სათაურიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გავბრაზებულიყავი. მამას ვინც იცნობდა და არ მგონია, თბილისში ვინმეს არ ცნობოდა, ყველამ იცის მისი ხასიათი და ის, როგორ განიცდიდა თავის ცხოვრების წესს. განსაკუთრებით, ბოლო წლებში, დისკომფორტს უქმნიდა ის პრობლემა, რაც ცხოვრებაში ჰქონდა. სულ ამაზე საუბრობდა, ამბობდა: აუცილებლად უნდა შევცვალო ცხოვრებაო. ამიტომ, ის ტექსტი, რაც იმ სტატიაშია, გამორიცხულია, მამას ეთქვა. სათაურში კი ეწერა – „მილიონებს გაუვლია ჩემს ვენებში და ახლა ბომჟად ვარო“. მართალია, მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ სიტყვა „ბომჟი“ არასდროს უთქვამს, რადგან ძალიან პედანტი და სუფთა იყო, მოწესრიგებული და ვერ იტანდა ამ სიტყვას. ამას, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მამაჩემი იყო. არა! უბრალოდ, ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანი ვიცი და ბევრს უკვირდა, მისი ასეთი ხასიათი. სიცრუეც რომ არ ყოფილიყო, ნორმალური საქციელია? კაცი მიწაში არ იყო გაცივებული და მასზე სტატიას აქვეყნებ ისე, რომ არც ოჯახის წევრს ეკითხები, არც არავის უთანხმებ და აბსურდს იგონებ. არ უნდა მოვთხოვო პასუხი ამ ტყუილების გამო?


– თუ ესაუბრე ჟურნალისტს ან გამოცემის რედაქტორს და მათ რა პასუხი გაგცეს?


– რასაკვირველია, დაკრძალვის მეორე დღესვე დავურეკე და ველაპარაკე რედაქტორს, ვინმე მაიას. ვეცადე, გაწონასწორებული ვყოფილიყავი და არა ემოციური, მაგრამ იმდენად აბსურდული პასუხები გამცა, ყურმილი დავუკიდე. ამის მერე, დამირეკა ჟურნალისტმა არმაზ ხარძიანმა, რომელსაც ვკითხე, ვისთან იყო ინტერვიუ ჩაწერილი, რადგან ვინც ეს ტყუილები ილაპარაკა, აუცილებლად ვუჩივლებ და მოვთხოვ პასუხს სამართლებრივად. უბრალოდ, ჯერ თავს ვიკავებ, მაგრამ როგორც კი ორმოცი გავა, აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს და მამაჩემის სახელის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ! თუ იმ ადამიანს არ მახვედრებენ, ჩანაწერი მაჩვენონ. მაგრამ, ჟურნალისტი მპასუხობს: სახელი და გვარი არ ვიცი, ესპანეთში ცხოვრობს, დავუკავშირდები და დაგელაპარაკებაო. თუმცა, არავის დაურეკავს. შემომითვალა კიდეც, ახლობლების პირით: იქნებ არ იჩივლოს, ბოდიშს მოვიხდითო. მე არ მჭირდება ბოდიში ამ ტყუილისთვის. იმ გამოცემას აუცილებლად მოვთხოვ პასუხს ამ ამორალურ საქციელზე. მათ ჰგონიათ, ამ სტატიით მე მომაყენეს შეურაცხყოფა, მაგრამ ცდებიან. გამორიცხულია, ჩემი მკვდარი მამის სულის შეურაცხყოფა ვინმეს ვაპატიო.

წყარო: თბილისელები