ნამდვილი ამბავი - რა პროტექცია გაუწიეს თურქეთის ციხეში მჯდარ ქართველ პატიმარს არველაძეებმა

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 14:45

შოთა არველაძე ასეთ ისტორიას ყვება: 

ეს ის პერიოდია, მე და აჩი რომ „ტრაბზონსფორში“ ვთამაშობდით. იქ საკმაო ავტორიტეტი გვქონდა და ჩვენ სიტყვას აფასებდნენ.


ერთხელ ერთმა ქართველმა გვთხოვა, ადგილობრივ ციხეში დაგვერეკა და უფროსისთვის გვეთქვა, რომ ამ კაცის შვილის სასამართლო დაეჩქარებინათ. ბიჭი მარიხუანის მოწევისთვის იყო დაკავებული.


სასამართლოზე მას ჯარიმას დააკისრებდნენ და გაუშვებდნენ. სასამართლოს ლოდინში კი, ღმერთმა უწყის, რამდენი ხანი მოუწევდა ციხეში ჯდომა. ჩვენ ციხეში დავრეკეთ და გადაგვავიწყდა, რომ ჩვენი თხოვნის შედეგები მოგვეკითხა. ექვსი თვის მერე ეს კაცი საელჩოში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვნახე. გამახსენდა, რომ მის შვილს ვუპროტექციეთ და ვკითხე, როგორაა საქმე, გიშველათ ჩვენმა პროტექციამ-მეთქი?


– მიშველა კი არა და დამღუპაო, – მიპასუხა კაცმა.


– როგორ, გასროკეს-მეთქი?


– არა, რა გასროკეს. თქვენ რომ ციხეში დარეკეთ, ეს ამბავი ციხის მაყურებელმა გაიგო და ჩემი შვილი თავის საკანში დაიბარა, სადაც თქვენი, ტყუპების სურათები ჰქონდა გაკრული და „ტრაბზონსფორის“ მაისური ეცვა. რომ გაიგო ჩემი ვაჟი მარიხუანის მოწევისთვის იყო დაკავებული, თქვენი პატივისცემით, მას მარიხუანა შესთავაზა მთელ ატრიბუტიკასთან – ფლავთან და სხვა რამეებთან ერთად. ამ ჩემს შვილს კი ისე მოეწონა იქ, ასეთ პატივში ყოფნა, რომ სასამართლო ექვსჯერ გადაადებინა და გარეთ გამოსვლა არ უნდაო.

წყარო: თბილისელები