წარმატებულ მამაკაცებს არ აფრთხობთ ლამაზი და ჭკვიანი ქალები

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 14:03

საზოგადოებაში ბევრი გავრცელებული სტერეოტიპია, მაგალითად, ის, რომ ლამაზი ქალები, ძირითადად, სულელები არიან.

ლამაზი ქალი შეიძლება, იყოს სულელი, მაგრამ სისულელე არც შეუხედავისთვის არის უცხო. ამიტომ სტერეოტიპებს მხოლოდ შეცდომაში შევყავართ. სტერეოტიპებზე აყოლა ძალიან ხშირად, თვითშეფასების დაქვეითების მიზეზი ხდება. დაკომპლექსება კი დაუშვებელია. ქალი ლამაზი უნდა იყოს და ეს ყველა ქალს შეუძლია. მთავარია, ისწავლოს, როგორ უნდა გახდეს მიმზიდველი. როგორ მოახდინოს გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილება. ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და გახსოვდეთ: აკრძალული არაფერია! იმუშავეთ საკუთარ თავზე და არ დაუჯეროთ კიდევ ერთ სტერეოტიპს – რომ საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმია. გიყვარდეთ თქვენი თავი და იქნებით ლამაზიც, მიმზიდველიც და თავდაჯერებულიც.


გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ულამაზობის კომპენსაციას იმის დამტკიცებით ნუ ეცდებით, რომ მეტისმეტად ჭკვიანი ხართ. გახსოვდეთ - მამაკაცებს უძნელდებათ მიიღონ ქალი, რომელიც ერთდროულად ძალიან ლამაზიცაა და ძალიან ჭკვიანიც. თანაც თუ ამ ჭკუის დემონსტრირებას აგრესიულად ახდენს. ეს მამაკაცის თავმოყვარეობას ძალიან ძლიერად ურტყამს. ასეთი ქალის გვერდით ის კომფორტულად ვერ გრძნობს თავს. ამ მიზეზის გამო ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი ქალები ხშირად მარტო რჩებიან. ზოგი ქალი კი სპეციალურად ისულელებს თავს, რომ მამაკაცები არ დააფრთხოს.


არსებობს მესამე ფაქტორიც, რომელზეც ჩვეულებრივ, არ ლაპარაკობენ, თუმცა ის გარკვეულწილად, განსაზღვრავს ქალისა და ზოგადად ადამიანის მიმზიდველობის საკითხს. ესაა თავმდაბლობა, უშუალობა, დათმობისა და გაგების უნარი, ერთგულება, საიმედოობა, მზრუნველობა… ერთი სიტყვით, ხასიათი. შეიძლება იყო ლამაზი, ჭკვიანი და ამით იყო მიმზიდველი, მაგრამ თუ ხასიათი არ გივარგა, ურთიერთობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებ.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ წარმატებულ მამაკაცებს არ აფრთხობთ ლამაზი და ჭკვიანი ქალები და იმდენად არიან პიროვნულად მომწიფებულები, რომ სწორედ ასეთ ქალს ეძებენ.
როგორ გამოვიცნოთ ერთი შეხედვით, ლამაზი ქალი ჭკვიანია თუ არა?


* ხშირად ჭკვიანი ქალის გარეგნობასაც შაბლონებითა და სტერეოტიპებით განსაზღვრავენ. ლამაზ ქალებს ჭკუაც სახეზე აწერიათ. უბრალოდ, მამაკაცს ამის ცნობა უნდა შეეძლოს. საამისოდ ალბათ, თავადაც ჭკვიანი და დაკვირვებული უნდა იყოს.


* ძალიან მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, რას ვგულისხმობთ ქალის ჭკუაში? ბევრ მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც პრაგმატიზმითა და ანალიტიკური უნარებით გამოირჩევა. თუმცა მოსაძებნია „ოქროს შუალედი“ – ქალური მომხიბვლელობა რომ არ დაიკარგოს.


* ქალმა უნდა მოახერხოს, რომ თავისი გადამეტებული ჭკუით მამაკაცს თავი არ მოაბეზროს. საპირისპირო შემთხვევაში, ეს მამაკაცის თვალში უჭკუობად აღიქმება. ნორმალური, ხანგრძლივი ურთიერთობა შესაძლებელია, მხოლოდ გონებრივად მომწიფებულ და ჩამოყალიბებულ ადამიანებს შორის.
თუმცა, შეიძლება, ზოგს არ აკმაყოფილებდეს და არ მოსწონდეს ასეთი იდილია. კაცების უმრავლესობა გვერდით ისეთ ქალს ისურვებდა, ვისთანაც ბევრი საერთო ინტერესი ექნებოდა. ვისთანაც უამრავ თემაზე ისაუბრებდა და იკამათებდა.


* ყველა ჩვენგანში ცხოვრობს კომპლექსი, რომელიც ყველაზე სასურველს ყველაზე შეუძლებელსა და დაუჯერებელს ხდის. ამიტომ ან ვერ ვამჩნევთ, ან ვერ ვიჯერებთ, რომ ამის ღირსები გავხდით, ზოგჯერ ადამიანს ბედნიერებაც ეზარება ხოლმე.


კაცი თუ ქალი?


ძველი დროიდან მოყოლებული, მიიჩნევდნენ, რომ ქალი უნდა ყოფილიყო მამაკაცის მორჩილი, ანუ, სწორედ მამაკაცს ევალებოდა ოჯახის გაძღოლა და ქალი ვერ იმოქმედებდა ქმრის ნების საწინააღმდეგოდ. რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, ბევრ ოჯახში დღესაც ასეა. თუმცა, სულ უფრო იზრდება იმ ქალების რიცხვი, რომლებიც ოჯახში წამყვანი ფიგურები ხდებიან. კაცი თითქოს „დაჩაგრულია“. ოღონდ ეს ქალის ბრალი არაა. თუ კაცს ოჯახის გაძღოლის თავი არ აქვს, მერე ქალი ხდება იძულებული იტვირთოს ეს როლი.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ოჯახში პირველობა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის შემოაქვს სახლში მეტი ფული. ეს არასწორი მიდგომაა. ამიტომ, მიუხედავად მათი შემოსავლებისა, პასუხისმგებლობაც და მოვალეობებიც მეუღლეებს შორის თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული.
სტერეოტიპი, რომ ოჯახს აუცილებლად „თავი“ უნდა ჰყავდეს უსარგებლო და მავნებლური მითია. მერე იწყება დავა, ვინ უნდა შეასრულოს „თავის“ ფუნქცია – ცოლმა, თუ ქმარმა და ეს მხოლოდ ვნებს ურთიერთობას. გაცილებით უკეთესია, ოჯახის შექნისას წყვილმა იცოდეს მთავარი ღირებულებები – რომ ორი თავისუფალი, პასუხისმგებლიანი ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას. შესაბამისად, ორივეს თანაბრად მოეთხოვება ოჯახზე ზრუნვა. მეუღლეებმა იმაზე კი არ უნდა იდავონ, ვის დარჩება კამათში ბოლო სიტყვა, ან ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ერთად უნდა იმსჯელონ და ისე გადადგან ნაბიჯი ოჯახის საკეთილდღეოდ.


გაჯიუტება და საკუთარი პრინციპებისთვის ბრძოლა საყვარელ ადამიანთან ბედნიერებას ვერ მოგიტანთ, თან, ვერაფერს დაამტკიცებთ, ამიტომ, ნუ დააყენებთ საკითხს – კაცი, თუ ქალი. ჩვენ ხომ ვავსებთ ერთმანეთს და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია.

წყარო: თბილისელები