"მის სურათთან ლოცვებს ვკითხულობ, ვეხვეწები, რომ დამესიზმროს"

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 12:45

მომღერალ ნინი ქარსელაძის ცხოვრებაში ყველაზე რთული და მტკივნეული პერიოდი დგას. ახლახან მას მამა გარდაეცვალა – თეკუჩა ქარსელაძე.

როგორც თავად ამბობს, ბევრი ბრძოლის მერე სამყაროსთან ომი წააგო და ახლა, მამის მოგონებებით ცხოვრებას ეგუება. 


გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "თბილისელებიდან":
 


ნინი ქარსელაძე: მამა 22 დღე იწვა საავადმყოფოში, მაგრამ მაინც მეგონა, ამ ბრძოლას მოვიგებდით. იმედიანად ვიყავი და ფიქრშიც არ დამიშვია, რომ ერთ დღესაც  მიმატოვებდა. ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა და იმედს ეს მიმყარებდა. სხვათა შორის, გარდაცვალების წინა დღეს რომ მივედი საავადმყოფოში, ეს იმედი გამიქრა. სახლში დავბრუნდი და დედას ვუთხარი, მამა ცუდად მომეჩვენა-მეთქი. იმ ღამით გარდაიცვალა. დილით დარეკეს საავადმყოფოდან, დედამ გამაღვიძა და ეს საშინელი ამბავი მითხრა. 12 ივლისი ყველაზე მძიმე თარიღია ჩემს ცხოვრებაში. მამის იმქვეყნად წასვლით ბევრი რამ დასრულდა ჩემთვის. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ მასზე, ვიგონებ მის გვერდით გატარებულ წამებს, მტკივა და განვიცდი. მას ჩემს ცხოვრებაში წამყვანი როლი ჰქონდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან და ყველაფერში მქონდა მისი იმედი. თუ რამე პრობლემა იყო, დედას მერე, მამას ვაგებინებდი. ისიც, შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა. ახლა მისი წასვლით ჩემი ბავშვობაც დასრულდა.


– ბევრი ადამიანი ახლობლის გარდაცვალებას ინტუიციურად ან რაიმე მინიშნებებით წინასწარ გრძნობს, მაგალითად, სიზმრის სახით. მსგავსი რამ თუ მოხდა შენს შემთხვევაში?


– გამძაფრებული ინტუიცია დედაჩემისგან გამომყვა. ბოლო პერიოდში უცნაურ სიზმრებს ვხედავდი. სამჯერ დამესიზმრა მამას გარდაცვლილი მეგობარი, რომელსაც მე არ მოვსწრებივარ და მხოლოდ ფოტოებზე მყავდა ნანახი. ვერ ვხსნიდი, რატომ მესიზმრებოდა, რა უნდოდა. ცუდზე არ ვფიქრობდი, ტვინიდან „ვისხლიტავდი“, არ მინდოდა ნეგატიურზე მეფიქრა. თუმცა, მამას გარდაცვლილი მეგობრის დასიზმრება ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა და მინიშნებაც ახდა, რომ მამა მალე წავიდოდა მასთან.


– თავად მამა თუ დაგესიზმრა გარდაცვალების მერე?


– ჩემ გარდა ყველას დაესიზმრა. როცა მის სურათთან ლოცვებს ვკითხულობ, ვეხვეწები, რომ დამესიზმროს. მინდა, მოვიდეს და მითხრას, სად არის და როგორ. 20 აგვისტოს 40 დღე გავა და ვგრძნობ, ეს ტკივილი  და მონატრება უფრო და უფრო მიმძიმდება. ბოლო პერიოდში რაღაცაზე ვეხუმრებოდი და ძალიან მწარდებოდა. მისი წასვლის მერე, ბევრი ისეთი დეტალიც ამომიტივტივდა თავში, რაც არ მახსოვდა. ვეჩხუბებოდი იმაზე, რომ მინდოდა, საკუთარ ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა და კიდევ ბევრი წელი ყოფილიყო ჩემ გვერდით. მხოლოდ ეს იყო ჩემი ჩხუბის მიზეზი მასთან. 56 წლის ასაკშიც კი  ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, თმაში ერთი ჭაღარაც არ ჰქონდა.


– სოციალურ ქსელში დაწერე: მეგონა, მოვიგებდით, მაგრამ სამყაროსთან ბრძოლა წავაგეთო. როდესაც მას საავადმყოფოში აკითხავდი და თავადაც იცოდა, მძიმედ იყო, რას გეუბნებოდა?


– დიახ, ბევრი ვიბრძოლეთ და მამას გარდაცვალებით სამყაროსთან ომი წავაგე. თუმცა, მქონდა იმედი, ამ ყველაფერს ერთად მოვერეოდით. მამას წლების განმავლობაში ფილტვების დაავადება აწუხებდა. მაგრამ, მისი ძლიერი ორგანიზმიდან გამომდინარე, ეს დაავადება ხელში „გვეჭირა“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის მკურნალ ექიმს, ელენე შეროზიას, რომელმაც, რვა წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, აცოცხლა. ბოლოს, 13 დღე კომაში იყო და მართვითი სუნთქვიდან რომ მოხსნეს, საუბარი უჭირდა. მაგრამ, როცა მე კითხვას ვუსვამდი, მის პასუხს ვიგებდი. სამწუხაროდ, სიკვდილის წინა დღეებში საუაბარი ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ბევრი რამის თქმა მინდოდა... მინდოდა, ბოდიში მომეხადა.


– ბოდიში – რისთვის?


– მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაღაც პერიოდში მამასთან ურთიერთობაში დისტანცია დავიჭირე. ვთვლი, რომ ეს ბოლომდე ხინჯად მექნება გულში. ყველაზე მეტად კი იმაზე მწყდება გული, რომ ოცნება ვერ ავუხდინე – ყველაზე მეტად უნდოდა, რომ შვილიშვილი ჰყოლოდა.  ძალიან უყვარდა ბავშვები, გიჟდებოდა და ეს რომ მოხდა და ჩემს შვილს ვერ მოესწრო, ძალიან განვიცდი.


– მესმის შენი. მაგრამ, იმისიც ხომ გჯერა, რომ გარდაცვლილი ახლობლები იმქვეყნიდანაც გვმფარველობენ, გვხედავენ და სულ ჩვენ გვერდით არიან?


– მორწმუნე ვარ და მჯერა იმის, რომ ის სადღაც არის, ოდესღაც შევხვდები და იმ სათქმელს, რაც აქ ვერ ვუთხარი, იქ ვეტყვი. მანამდე კი ღმერთს შევთხოვ, უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგონები. ძალიან მიჭირს. ძირითადად, ან მამას სახლში ვარ, ან სასაფლაოზე ავდივარ და ვესაუბრები. სასაფლაოს ჩემი გემოვნებით ვუკეთებ – სადას და ცოტა „გაპრანჭულს“, ისეთს, როგორიც მას მოეწონებოდა. რამდენიმე დღის წინ პრობლემა მქონდა. ავედი სასაფლაოზე და მამას დახმარება ვთხოვე. ვიცი, დარწმუნებული ვარ, თუ ერთი პროცენტი მაინც აქვს იმის საშუალება, რომ იქიდან დამეხმაროს, ყოველთვის დამეხმარება და ამას ვიგრძნობ. ძირითადად, მარტო მინდა ყოფნა და სულ მის ფოტოს ვესაუბრები. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ერთი წამით რომ არ მტოვებდნენ და მამას მეგობრებს, რომლებიც უმისობას მაძლებინებენ და ამ ტკივილს მიმსუბუქებენ.


– ნინი, ამბობენ, გარდა იმისა, რომ გარეგნობით ძალიან ჰგავხარ მამას, მისი თვისებები და ხასიათიც დაგყვა.


– აბსოლუტურად, ყველაფრით მამას ვგავარ. გარდა იმისა, რომ გაჭრილი ვაშლივით ვგავარ, ხასიათებიც და თვისებებიც მისი დამყვა. როცა მისი გარდაცვალების მერე, სახლის დალაგება დავიწყე, თვალებს არ ვუჯერებდი – ნივთებიც კი ზუსტად ერთნაირად გვაქვს ჩალაგებული უჯრაში. თუმცა, ჩვენ ერთად არ გვიცხოვრია.


 

წყარო: თბილისელები