როგორ "შესტენეს" "ნაციონალებმა" ბინების ქურდს ე.წ. კანონიერი ქურდობა

  • ვერსია
  • 8 აგვისტო 19:08

გაზეთი "ვერსია" ახალ ნომერში პატიმარ #0578-ის მონათხრობს აქვეყნებს:

"ძმებო, შეცდომით დამიჭირეს ამ სირებმა"


223-ე მუხლი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს შემოიღეს, "კანონიერი ქურდის" სტატუსისთვის სასჯელს ითვალისწინებს. ეს თემა აქტიური სხვა ქვეყნებისთვისაც გახდა. რუსეთმა ამ მუხლის ანალოგი უკვე მიიღო და მართალია, სტატუსის გამო იქ ჯერ არავინ გაუსამართლებიათ, მაგრამ როგორც რუსული მედია წერს, რამდენიმე პირი ამ ბრალდებით უკვე დაკავებულია და სასამართლოს ელის. როცა ამ კანონს საქართველოში იღებდნენ, ოპოზიცია აპროტესტებდა, შესაძლოა, ვინმეს ქურდობა, უბრალოდ, დააბრალონ და ციხე მიუსაჯონო. იგივე ხდებოდა რუსეთშიც, მაგრამ ორივე შემთხვევაში, კანონი მიიღეს და მარტივადაც ახსნეს - გამორიცხულია, ადამიანს დააბრალო „კანონიერი ქურდობა“, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში გამორიცხული არაფერია.


რუსთავის #17 დაწესებულებაში ახალი ეტაპი მოვიდა, თუმცა ეტეპსაც ვერ დაარქმევდი - „ვარონკამ“ ერთადერთი პატიმარი მოიყვანა. მერე, როცა გაირკვა, რომ „ვარონკა“ მეშვიდე დაწესებულებიდან იყო მოსული, ინტერესი უფრო გაიზარდა. როგორი საქმეა, მეშვიდეში სასჯელს „კანონიერი ქურდები“ იხდიდნენ და მოსული უნდა ყოფილიყო პიროვნება, რომელიც ქურდის სტატუსს ატარებდა, მარამ პატიმრებისთვის ისიც ცხადი გახლდათ, რომ „კანონიერ ქურდს“ „ზონაზე“ არავინ შემოუშვებდა. ახლადმოყვანილი პატიმარი, წესისამებრ, სამი დღე „კარცერში“ გააჩერეს, შემდეგ კი „ზონაზე“ ამოუშვეს. ეს იყო საშუალო ასაკის, სუსტი კაცი, რომელსაც მხრებზე ქურდული ვარსკვლავები კი ჰქონდა სვირინგად, მაგრამ ასეთი ვარსკვლავები „ზონაზე“ ხუთასამდე პატიმარს ჰქონდა და ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ის აუცილებლად ქურდი იყო.


რა თქმა უნდა, ახლადმოყვანილი „მაყურებლების კამერაში“ შეიყვანეს. „მაყურებლებმა“ უხმოდ აათვალ-ჩაათვალიერეს ახლადმოსული და პირველი ხმაც სწორედ ახალმა ამოიღო:


- თუ შეიძლება, ჩაი დამალევინეთ.


„მაყურებლებმა“ ჩაი უხმოდ დაასხეს და მოსასმენადაც მოემზადნენ. მოსულმაც დაიწყო:


„ვიცი, ახლა რასაც ფიქრობთ - ქურდების „ზონიდან“ მოიყვანეს ეს კაცი და ყველა ვარიანტში, ყოფილი ქურდიაო. არა, ძმებო, არა, შეცდომით წამიყვანეს ამ სირებმა მეშვიდეში და ახლავე გეტყვით, რატომ.


რუსეთში ვცხოვრობდი, ჩვეულებრივი მომპარავი ვარ, რა, ბინის ქურდი. ჰოდა, დამიჭირეს მოსკოვში, მომანათეს ვიდეოკამერა და მეკითხებიან, ქურდი ხარო? რა უნდა მეთქვა? - ქურდი ვარ-მეთქი, ვუპასუხე. ბინის ქურდობისთვის სამი წელი მომცეს, რომ გამოვედი, ციხის კართან დამაკავეს და სადეპორტაციოში წამიყვანეს. იქიდან საქართველოში გამომადეპორტეს და თბილისის აეროპორტში ახალი სპეცოპერაცია დამიდგეს - სპეცდანიშნულების რაზმმა ისე ამიყვანა, ამერიკულ ფილმებში რომ გინახავთ. მშვიდად ვიყავი, საქართველოში არასდროს არაფერი მომიპარავს და ამიტომ, იმედი მქონდა, გამომიშვებდნენ. მიმიყვანეს სამინისტროში და ეს არ მომეწონა. არ ვიყავი იმ კალიბრის კრიმინალი, სამინისტროს იზოლატორში გამოვეკეტე.


მეორე დღეს ამიყვანეს დაკითხვაზე და, ყოველგვარი ბოდიშების გარეშე, 223-ე მუხლი წამიყენეს ბრალად, „კანონიერი ქურდობა“. გავიგიჟე თავი, თქვენ ხომ არ უბერავთ, რა ქურდი, რის ქურდი-მეთქი. ჰოდა, რუსების გადაღებული ვიდეო ჩამირთეს, სადაც ჟურნალისტი მეკითხება, ქურდი ხარო და მეც ვპასუხობ, „და, ია ვორ“.


დავიწყე იმის ახსნა, რომ ეს შეცდომა იყო, რომ არასწორად გაიგეს, მაგრამ ვინ დაგიჯერა? მომარჭვეს ამ ბრალდებით ექვსი წელი და გამაქანეს მეშვიდე დაწესებულებაში.


ახლა ეს გამიხდა შარი. იქ ხომ ქურდები არიან, ახალი პატიმარი მიიყვანეს, ე.ი. ქურდია, მაგრამ ხომ ყველამ იცოდა, რომ ქურდი არ ვიყავი? დაიწყო იმის გარკვევა, რა მოხდა. ბოლოს, დამიჯერეს ქურდებმა ყველაფერი და ადმინისტრაციას უთხრეს, გაუშვით ეს კაცი, ტყუილად გყავთ დაჭერილიო. მთავარი მტკიცებულება საქმეში ის 33-წამიანი ვიდეო იყო, სადაც ვამბობ, ქურდი ვარ-მეთქი. მოკლედ, იფიქრეს, იმსჯელეს, სხვებთანაც გადაამოწმეს, რუსეთშიც დარეკეს და გაარკვიეს, რომ ქურდი არ ვიყავი. წესითა და რიგით, კი უნდა გავეშვი, მაგრამ ვინ გაგიშვა? ჩამაგდეს „ვარონკაში“ და აქეთ წამომიყვანეს, აქაოდა, შავი სამყაროს წარმომადგენელი ხარო და ახლა აქ უნდა მოვიხადო ის წლები“,- დაასრულა მოყოლა ახლადმოსულმა.


„მაყურებლებიც“ და სხვებიც, ვინც საკანში იყო, მონათხრობს პირდაღებულები უსმენდნენ. ყველაფერი ეს ადვილი დასაჯერებელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ახლადმოსულმა თითები პირში ჩაიყო, ბევრი იბოდიალა და როგორც იქნა, იქიდან ცელოფანში შეხვეული პატარა ბურთულა ამოიღო. ცელოფანი ფრთხილად შემოაძრო, ქაღალდი კი „მაყურებლებს“ გადასცა, ქურდების გამოტანებულიაო. „მაყურებლებმა“ ქაღალდი როგორც რელიქვია, ისე გახსნეს, სულ ერთი წინადადება ეწერა, წაიკითხეს, დაწვეს და თქვეს, რომ პატიმრის მონათხრობი სრული სიმართლე იყო.


მერე, ყველაფერი უკვე მარტივად მიეწყო: ახლადმოსულს დანარჩენი პატიმრები, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაშ მაინც მოწიწებით ეპყრობოდნენ, მერე კი, როცა მიხვდნენ, რომ ის რანგითა და გაქანებით სხვებს არაფრით აღემატებოდა, გაუშინაურდნენ და ცდილობდნენ, რამე ქურდების ყოფაზე დაეცდევინებინათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ახალმა რეალურად არ იცოდა, იქ რა ხდებოდა, რადგან ქურდებთან საკანში არ შეუშვეს, ცალკე ჰყავდათ და მხოლოდ გადაძახილებით თუ ეხმიანებოდა, ისიც 1-2 სიტყვა და მორჩა.


„ყველაზე დიდი დარტყმა, რაც ქურდების იზოლირებით კრიმინალურ სამყაროს მიადგა, სწორედ ეს არის, რომ არ იციან პატიმრებმა, ვინ არის ქურდი, როგორია, ორი თავი აქვს თუ სამი ხელი. აგერ, ქურდობა უნდათ ტიპებს და ცოცხალი ქურდი არ ჰყავთ ნანახი ანუ არაფერი იციან რეალურ ქცევებზე, საუბარზე... პარალელურად, ტელევიზორში ხმამაღლა ყვირიან, რომ ქურდები საშინელი ადამიანები არიან და ამით ხალხს, მასას აძულებენ ანუ სამართლიანობის სიმბოლო იყო ქურდი, ახლა კი საშიში და დესპოტი გახდა. „ზონაზე“ როცა იყვნენ ქურდები, ყველა პატიმარმა იცოდა, რომ მათთან სამართლის საძიებლად უნდა მოსულიყო და ამ სამართალს იპოვიდა. ახლა კი სხვაგვარადაა, ვერ ნახულობენ ქურდებს. ასე შეიქმნა „კანონიერი ქურდებისგან“ მტრის ხატი, რომელსაც რეალურად, „ქურდულმა სამყარომ“ ვერაფერი დაუპირისპირა, თორემ თუნდაც კომუნისტების დროს, ქურდები იმდენად „დასტოინი“ ადამიანები ივყნენ, რომ მათთან მეგობრობა და ნაცნობობა არამარტო მაღალჩინოსნებისთვის, არამედ, ელიტისთვისაც კი სასახელო იყო“, - თქვა ერთ დღეს პატიმარმა, რომელიც სასჯელს თაღლითობისთვის იხდიდა, განათლებით კი ფსიქოლოგი იყო და მასების ფსიქოლოგიაში ცუდად არ ერკვეოდა. 


პატიმარი #0578.

წყარო: ვერსია