"ალბათ, მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა"

  • primetimenews.ge
  • 8 აგვისტო 11:42

დედამისს დღემდე არ სჯერა, რომ ის მკვდარია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს… ის შვილს დღესაც ელის… 

მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი ჰყავდა, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად, ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას. მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 18 აგვისტოს 24 წლის უნდა გამხდარიყო…


ომში რომ წავიდა, მისი ბიჭუნა – ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე – მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული. ომში ისე წავიდა, ბავშვის სქესი არ იცოდა, გოგონა უნდოდა, და ჰყავს კიდეც… ანამ დაბადებამდე იგლოვა მამა, ყველა სტრესი მასზე გადავიდა და რომ დაიბადა, ცალი ფილტვი არ გაეხსნა, თვე-ნახევარი აპარატზე იყო მიერთებული იაშვილის კლინიკაში. თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, ექიმთა ძალისხმევით ანა მდგომარეობიდან გამოვიდა. 


6 აგვისტოს ცოლ-შვილი გორის რაიონის სოფელ ძევერაში გააცილა.


„კარგად მახსოვს, ოთხშაბათი იყო და ვთხოვე, იქნებ პარასკევს ჩამოხვიდე-მეთქი, კიო, ჩამოვალო. რაღაც არ გვინდოდა თითქოს დაშორება, თითქოს ვგრძნობდით… საშინელება ატყდა, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, მთელი სახლი ზანზარებდა, სარდაფში ვიმალებოდით. 7 რომ თენდებოდა… ვუთხარი, შეიძლება ცხინვალში წაგიყვანონ და თავს გაუფრთხილდი-მეთქი…" - ამბობს მაკა ჩიკვილაძე. 


ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი არ ჩანდა. არც ცოცხალი, არც მკვდარი. ოჯახს გიორგი დაღუპული ეგონა. ყველგან ეძებდნენ. ოქტომბერში ნათესავი, ოსის ქალი, რომლის ვაჟიც ოსურ ჯარში მსახურობს, ეტყვის, რომ გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ოჯახს იმედი გაუჩნდება. მეტიც, დარწმუნდებიან, რომ ცოცხალია, თან „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავენ,  რომ „ალანია“ იღებს ფილმს, სადაც არის კადრები, თუ როგორ აწამებენ ოსები ქართველ ჯარისკაცს, მეოთხე ბრიგადის სერჟანტს – გიორგი ანწუხელიძეს. ოჯახი „ალანიას“ მიაკითხავს და ფილმის გასვლამდე ნახავს კადრებს, სადაც გიორგი წელზემოთ შიშველია, თავჩაღუნული, სცემენ, ზედ ადგებიან, ეკით­ხებიან, სად იყავი, გიორგი, გუშინ? გიორგი პასუხობს, აზრზე არ ვარო, გონებას კარგავს, წყალს ასხამენ.


ზუსტად არ იციან, როდინდელია ეს კადრები, ტელეკ­ომპანია ამბობს, რომ აგვისტოს კადრებია.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge