"მე და ჩემი და-ძმა თხილის გარკვეული რაოდენობას რომ მოვაგროვებდით მერე შეგვეძლო 2-3 კგ თხილი  ნაყინში გაგვევცალა"

  • თბილისელები
  • 7 აგვისტო 15:49

მომღერალი ნათია თოდუა ჟურნალ "თბილისელებითვის" მიცემულ ინტერვიუში მისი ბავშვობის წლებს იხსენებს იხსენებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


ნათია თოდუა: ყოველთვის ვცდილობ, ზაფხულის ცხელი დღეები ჩემს ქვეყანაში გავატარო. ამ ზაფხულს უკვე ორჯერ ჩამოვედი – ჯერ ბათუმსა და ზუგდიდში მქონდა გადაღებები, შემდეგ თბილისში ვიყავი ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და კახეთშიც გახლდით ჩემს "გერმანელ მშობლებთან" ერთად, რომლებსაც საქართველო ძალიან უყვართ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემმა "გერმანელმა მამამ" იმდენი იცის კახეთის შესახებ, რომ გიდობაც კი გაგვიწია (იცინის). ძალიან უყვარს მწვადი და კახური ღვინო. ძალიან თბილად დამხვდნენ კახეთში. უცხო ადამიანები მაჩერებდნენ, მეფერებოდნენ და მლოცავდნენ. ამჟამად კი ისევ გერმანიაში ვარ და ჩემს ახალ მენეჯერთან ერთად ალბომის გამოშვებაზე ვმუშაობ. ტურნეს ვგეგმავთ და სამომავლო გეგმებს ვსახავთ. თუმცა, პარალელურად, დასვენებას და გართობასაც ვასწრებ. ჩემი და ჩამოვიდა სტუმრად ბერლინში. გავიხსენეთ აფხაზეთში გატარებული ზაფხულის დღეები და ბევრი ვიცინეთ.


– რატომ იცინეთ?


– მოგეხსენებათ, სამეგრელოში, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჯახების უმრავლესობა თხილის ბიზნესზეა დამოკიდებული, წლიდან წლამდე თხილით ირჩენენ თავს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ზაფხულის ამ დროს, სამზადისი გვქონდა თხილის მოგროვებაზე. მე და ჩემი და-ძმა რომ მოვაგროვებდით გარკვეულ რაოდენობას, შემდეგ შეგვეძლო 2-3 კილოგრამი თხილი ჩვენთვისაც აგვეღო და იმით ნაყინი გვეყიდა. ეს იყო ჩვენი შრომის მოტივაცია (იცინის). მაღაზიები ჩვენგან შორს იყო, ამიტომ ველოდებოდით ყოველ ნაშუადღევს მენაყინეს, რომელსაც ძველი მოტოციკლით სოფელში ნაყინი დაჰქონდა და სანაცვლოდ, რადგან ფული არ გვქონდა, თხილს იბარებდა. ახლაც მახსოვს ის ხმა – ძველ მოტოციკლს განსხვავებული ხმა ჰქონდა, რომელსაც კილომეტრის მოშორებითაც კი ვცნობდი. გავიგებდი თუ არა ამ ხმას, მეც გავკიოდი მთელი ხმით – "მოდის, მოდის, გვიახლოვდება!". ამით ვახარებდი და-ძმას და ისინიც გამორბოდნენ თხილით ხელში. ვერ აღვწერ, რა ბედნიერება იყო ჩვენთვის, ჯერ ლოდინის პროცესი და შემდეგ მაგნოლიის ხის ჩრდილში, ბედნიერი სახეებით, ნაყინების განაწილება. იცით, ასე მგონია, სწორედ მაშინ განმივითარდა იმედიანად ცხოვრების უნარი. მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა, რომ ბედნიერება მოდის, მოდის და ის ნელ-ნელა, იმ მენაყინის მოტოციკლივით გვიახლოვდება.


 

წყარო: თბილისელები