თუ უსიამოვნებები ერთმანეთს მიეწყო -გვიხაროდთ - ეზოთერიკოსის რჩევები

  • თბილისელები
  • 7 აგვისტო 15:22

ეზოთერიკოსი, კოტე ე. ჟურნალ "თბილისელებს" იმ მინიშნებების შესახებ ესაუბრა რომელიც ადამიანებს გარკვეულ ცვლილებებს აუწყებს.

– სამყარო ცვლილებების მოახლოებას სხვადასხვა ნიშნით გვამცნობს. მათგან რამდენიმეზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რომლებიც, მართალია, მარტივად ამოსაცნობი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანია. დავიწყოთ უპირველესი ნიშნით, რომელიც გაუწყებთ, რომ თქვენ მზად ხართ ცვლილებებისთვის


– ამის გამოხატულებაა: როცა მუდმივად გაღიზიანებული, ნაწყენი და გაბრაზებული ხართ, ყველა გეგმა მანამდე გეშლებათ, სანამ განახორციელებდეთ; ბედნიერი ურთიერთობები წარსულში რჩება, მოულოდნელად გათავისუფლებენ სამსახურიდან, მეგობრები თანდათან დაგეფანტნენ; ბანკი კრედიტზე უარს გეუბნებათ, დაამტვრიეთ ავტომობილი. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი უიღბლობაა, მაგრამ, სინამდვილეში, იმის მანიშნებელია, რომ ბედისწერა თქვენ მიერ არასწორად არჩეული გეზის შეცვლას ცდილობს. ყველაფერი, რასაც თანდათან კარგავთ, სრულიად ზედმეტი იყო და მალე თქვენი წილი ბედნიერების ახალი ეტაპი დადგება. ამ უსიამოვნებათა კასკადით გარემოება გაიძულებთ, შეცვალოთ ჩვეული ცხოვრება და რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს, მოთმინების ფიალაც ივსება და სხვა ვარიანტი აღარც გაქვთ – მთელი სამყარო ერთხმად გიბიძგებთ მოქმედებისკენ. სწორედ კომფორტის ზონიდან გამოსვლა გახლავთ პირველი ნიშანი ახალი და ბედნიერი გზის დასაწყისისა.


– ესე იგი, უსიამოვნებები თუ ერთმანეთს მიეწყო, უნდა გვიხაროდეს?


– გირჩევთ, კარგად გააანალიზოთ ყველაფერი, რადგან შემდეგი მინიშნებაც არ ეფუძნება სასიამოვნო შეგრძნებებს – ეს არის მდგომარეობა, როცა შინაგან სიცარიელეს გრძნობთ, რაც დიდ იმედგაცრუებას მოსდევს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა დიდხანს იკვლევდით გზას მიზნისკენ და ამისთვის, შეიძლება ითქვას, შიშველი ხელებით თხრიდით მიწას, უცებ კი ყველაფერი გაუფერულდა. ორიენტირებაგამოცლილმა ადამიანმა, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში იმედი დაკარგოს, სრულიად ბუნებრივია. სწორედ მაშინ, როცა სურვილები ნელდება და არაფრის გაკეთება აღარ გინდა, უნდა მიხვდე, რომ ეს სამყაროს გზავნილია. ამიტომ, თუ შინაგანი სიცარიელი იგრძენით – იცოდეთ, თქვენი ცხოვრების ბედნიერი ეტაპი დგება – კარდინალური ცვლილებები ზემოდან გეგზავნებათ და როცა ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგეთ, სწორედ მაშინ იხსნება ქვეცნობიერი. საშუალება გეძლევათ, გარკვევით გაიგონოთ საკუთარი გულის წრფელი ძახილი, რომელიც ერთ მთლიანობაშია გონებას, სხეულსა და სულთან. დგება საკუთარი პიროვნებისა და დანიშნულების გადაფასების დრო.


– არის სიტუაცია, როცა დრო არაფერში გყოფნის...


– დროის უკმარისობაა სწორედ შემდეგი ნიშანი: მომენტი, როცა გეჩვენება, რომ დრო ისე გეპარება, როგორც მუჭში დაგროვილი წყალი თითებშუა. ეს კი გაფიქრებინებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ნეგატიური მეტია, ვიდრე პოზიტიური. ერთბაშად გახსენდებათ წარსული, უიღბლო ურთიერთობები, ტკივილი, დანაკარგი და წყენა. უკმაყოფილო ემოციები ბლოკავს დადებითი ენერგეტიკის შემოდინებას, რაც საშუალებას არ გაძლევთ, დატკბეთ სიცოცხლის წამიერი მშვენიერებით. შეგრძნება იმისა, რომ სიცოცხლეს ვერ ასწრებთ, გიბიძგებთ, გაიაზროთ, საითკენ მიჰყავხართ ცხოვრების არჩეულ გზას და სწორედ ეს გაგათავისუფლებთ „ამაოების კომპლექსისგან“. ამ სტადიაზე ისწავლით, ცხოვრების ყოველი წამის დაფასებას: დატოვეთ უარყოფითი ემოციები წარსულში და თქვენი ცხოვრება პოზიტიურ რიტმზე გადაეწყობა.


– ზოგჯერ სულ უმიზეზოდაც ხომ გრძნობ, რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს...


– ესეც ერთ-ერთი მინიშნებაა და ემოციებით გადატვირთვას მოსდევს. ერთხელ მაინც გამოცდიდით ალბათ, ემოციათა ისეთ მოზღვავებას, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვნის შემოჭრას რომ გპირდებათ და მოჰყვება კიდეც ამას საოცარი ცვლილებები. იმ დროს თქვენ არ იცით, კონკრეტულად რას უკავშირდება ცვლილებები, უბრალოდ, გჯერათ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და გიჩნდებათ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები. არ დაიწყოთ გრანდიოზული გეგმების შედგენა. უმჯობესია, მოთმინება მოიკრიბოთ და დინებას მიჰყევით. რაც წინ გელოდებათ, ის უკვე ზეცაშია გადაწყვეტილი. თქვენ მხოლოდ მოგეთხოვებათ, ალღო აუღოთ სამყაროს გზავნილს, რომელიც დახმარების ხელს გიწვდით.


დაბოლოს, მოულოდნელ დამთხვევებსაც შევეხები, რაც იმის ნიშანია, რომ სწორ გზას ადგახართ. ზებუნებრივი ძალები შეპარვით მიგანიშნებენ, რომ დიდი ცვლილებების ზღურბლზე დგახართ. ეს ნიშნები დღის განმავლობაში ხშირად შეგახსენებთ თავს, რაც შეიძლება, ციფრების საშუალებითაც გამოიხატოს. ერთი შეხედვით მოულოდნელი დამთხვევა, თუნდაც, როცა შენი ბინის ნომერი მნიშვნელოვანი შეტყობინების მიღების თარიღს ემთხვევა და სხვა მრავალი მსგავსი რამ, შეიძლება კოლოსალურ ძვრებზე მიგანიშნებდეთ – ამ დროს თქვენი აზრები, სურვილები და შესაძლებლობები ერთი მიმართულებით იყრის თავს და წინ ვეღარაფერი დაგიდგებათ. ასე რომ, ცვლილებების არ უნდა შეგეშინდეთ. ნებისმიერი ცვლილება აუცილებელია ბედნიერებისთვის. ყველანი სამყაროს შვილები ვართ და ჩვენს გასავლელ გზაზე ძალიან გვჭირდება მისი მხარდაჭერა. ამისთვის კი, უბრალოდ, სამყაროს მოწყობის კანონებით უნდა ვიცხოვროთ. დაიცავით ისინი და იყავით ბედნიერი, მხიარული და წარმატებული!

წყარო: თბილისელები