დედამთილი: რძალმა ჩემ შვილს, მშობლების სიყვარული დაავიწყა

  • თბილისელები
  • 7 აგვისტო 11:06

ჟურნალ "თბილისელების" რუბრიკაში მოდი ვილაპარაკთ 58 წლის ნანას ისტორი ვრცელდება, რომლის პრობლემა რძალთან და შვილთან ურთიერთობას ეხება.

დედისერთა შვილი ისე გავზარდე, როგორც იტყვიან, მისთვის ცივი ნიავი არ მიმიკარებია. დათუნა გვიან ასაკში შემეძინა და მასზე ვიყავი გადაყოლილი.


სულ იმაზე ვნერვიულობდი, რამე არ მოაკლდეს, ვასწავლო, კაცად დავაყენო, მის ცოლსა და შვილს მოვესწრო-მეთქი და რად გინდა? ძლივს დავწერეთ პირჯვარი, რომ დაოჯახებულიყო. ცოლი 30 წლის ასაკში მოიყვანა. გაპრანჭული, ლამაზი და დახვეწილი გოგო რომ გამაცნო, ვიფიქრე, ავშენდი, ეს რა გემოვნება ჰქონია ჩემს შვილს, ეს რა ანგელოზი შემოდის ჩემს სახლში, აწი რაღა მომკლავს-მეთქი, მაგრამ მის ქცევებს რომ ვაკვირდები, სწორედ, მისი დამსახურება იქნება ჩემი ნაადრევი სიკვდილი. შემოდგა თუ არა ჩვენს სახლში ფეხი, გამოაცხადა:


საჭმლის გაკეთება არ ვიცი, დაუთოებას ვერ ვიტან, ფანჯრებს რომ ვწმენდ, ალერგია მეწყებაო. ანუ, გამოვიდა, მე შემეშვით სახლის საქმეებში და თავშიც ქვა გიხლიათო. ვიფიქრე, ახალგაზრდაა, არაფერს ვეტყვი, მოვა გონს და რომ დამინახავს ამდენ საქმეს ვაკეთებ და ვიღლები, თავად მოიფიქრებს და შემეშველება-მეთქი. მაგრამ გავიდა ექვსი თვე და შემეშველა კი არა, თავზე წამომაჯდა და ნერვები დამაგლიჯა. დაიზნიქება, დაიპრანჭება, ჩემს შვილს ხან კალთაში უზის და ხან კისერზე ეკიდება და სახლი რომ ჭუჭყმა წაიღოს, არ ენაღვლება. ეს ჩემი შვილიც თავის ჭკუაზე გადაიყვანა. ყოველთვის მორიდებული იყო ჩემსა და მამამისთან და ახლა, ისე გვიბრუნებს ენას, სახტად ვრჩებით. როგორც ვაკვირდები, ქალბატონი „ქოქავს“. ისე გამოაშტერა კომპლიმენტებითა და ალერსით, მშობლებიც კი დაავიწყა. არადა, დათუნა მართლა არ იყო ასეთი. სულ სამაგალითო შვილად მოიხსენიებდნენ და ცოლი თუ ასე აურევდა ჭკუას, თან, საკმაოდ დიდ ასაკში, ამას ვერ წარმოვიდგენდი. პატარა რომ იყოს, ვიტყოდი, არ ესმის, აჰყვა ცოლის ენებს-მეთქი, მაგრამ ამხელა კაცს, არ უნდა შეეძლოს იმის გარჩევა და გააზრება, რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ცოლს და რა – დედ-მამას? ამას წინათ გამომიცხადეს, ერთი კვირით გვინდა დასვენება და უცხოეთში ვაპირებთ გამგზავრებასო.


ხუმრობით ვუთხარი: მეც დაღლილი ვარ და წამოვალ, იქნება ძალები აღვიდგინო და იქიდან ჩამოსული, უფრო კარგად მოგემსახუროთ-მეთქი. ისეთი დამცინავი და ზიზღიანი თვალებით შემომხედეს ორივემ, ვინანე, ჩემი სიმართლენარევი ხუმრობა. რძალს რა უნდა მოვკითხო, ჩემმა შვილმა მიპასუხა აგდებულად:


კარგი რა, დედა, ნუ „გაუშვი“ დედამთილური, ნუ ხარ ეგოისტი, ძლივს ვიპოვე ადამიანი, ვის გვერდითაც მიხარია ყოფნა და მურმანის ეკალივით ნუ გვერჭობი, ნუ გვირევ ცხოვრებასო. გული მეტკინა, მეწყინა, მაგრამ ჩავყლაპე. ხანდახან ვფიქრობ, ოღონდ ჩემი შვილი იყოს ბედნიერი და ჩემი თავი ჯანდაბას, სადამდეც შევძლებ, ვემსახურები, მაგრამ სიტყვა ვეღარ მითქვამს, რომ არ გამოეკიდონ. არადა, სულ წარმომედგინა, დათუნა რომ ცოლს მოიყვანდა და დედამთილი გავხდებოდი, ჩემს რძალს როგორ ვატარებდი ხელისგულზე, შვილივით მეყვარებოდა და ისიც მადლობას თბილი სიტყვებით და ჩახუტებით გამოხატავდა. ასე წარმომედგინა რძალდედამთილობა. ჩახუტება და კოცნა კი არა, როგორც ვხედავ, ჩემი დანახვაც არ უნდა. ჩემს შვილს კი, ჩემ თვალწინ, მოურიდებლად ისე კოცნის, თითქოს იქ არ ვიყო. მის მაგივრად მე მრცხვენია და თვალს ვარიდებ. თუმცა, სხვის შვილს რა მოვთხოვო, როცა ჩემი შვილიც მისნაირია. რომ ამბობენ, როგორც აღზრდი, ისე გამოგადგებაო, არ ყოფილა მართალი. ჭკვიანია ჩემი რძალი, იცის, ხვევნა-კოცნით როგორ მოიგოს ქმრის გული, ისე, რომ კაცმა დედამისი არაფრად ჩააგდოს და თან, გამოიყენოს.


ნანა, 58 წლის.

წყარო: თბილისელები