სერიალის პარალელურად ნინო ჭოლაძე კაფეში მუშაობს - რომ არა ამ კაფეს ანაზღაურება, რთული იქნებოდა ცხოვრება

  • სარკე
  • 3 აგვისტო 19:43

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ნინო ჭოლაძე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ცნობილი და გავლენიანი ტელეჟურნალისტის, მიმის, როლს თამაშობს.

მისი პატივმოყვარე და ანგარებიანი გმირი მაყურებლისგან სიმპათიას მაინცდამაინც ვერ იმსახურებს და ხშირად უარყოფითი დამოკიდებულება თავად მსახიობზეც ვრცელდება. ასეთი დამოკიდებულება ხანდახან მაშინებს კიდეცო, გამოგვიტყდა ნინო.


საერთოდ კი საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული მსახიობი ბედის მადლიერია, რომ აქვს როლები სცენაზე, ეკრანზე. იმ სამსახურშიც კი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მსახიობობასთან და სადაც დამატებითი შემოსავლისთვის მუშაობს, თავს ერთგვარად სცენაზე გრძნობს და ეს სიამოვნებას ანიჭებს.


– ნინო, თითქმის მთელმა საქართველომ გაგიცნოთ მას შემდეგ, რაც სერიალში გამოჩნდით. მოდით, შეადარეთ სცენაზე და კამერის წინ მუშაობა ერთმანეთს, რა სპეციფიკა აქვს თითოეულს და თქვენი შეგრძნებები როგორია.


– ყოველი სერიის გადაღებისას გატარებული დრო ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო და დიდ გამოცდილებას ვიღებ. ჩემთვის სიახლე იყო ასეთ ტემპში მუშაობა. თეატრში გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიდრე რეპეტიცია დაიწყება, გავეცნოთ სცენარს, ვიმუშაოთ გმირზე, ფიქრებში შევქმნათ და გამოვძერწოთ საკუთარი როლი. აქ კი ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება.


ვისწავლე, ექსტრემალურ პირობებში როგორ ვიმუშაო. ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიას ეხება, ჩემთვის საინტერესოა.


– თქვენი გმირი, მიმი, ცნობილი, შემდგარი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ჟურნალისტია, რომელიც ასევე არის ცოტა ამაყი და, მოდი, ვთქვათ, “სტერვაც”. მისი თვისებებიდან თქვენს თავში რომელიმეს პოულობთ?


– ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მეც ძალიან ბევრი მინუსი მაქვს და მათ შორის ესენიც. ცოტა ამაყი – არა, ჩემდა სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ძალიან ამაყი ვარ.


– მიმის ჰყავს პროტოტიპი ქართველ ტელეჟურნალისტებში? ანუ მისი მანერები, სტილი, მიმიკა ვინმეს დაესესხეთ?


– რაც უნდა არადამაჯერებელად გამომივიდეს, 7 წელია ტელევიზორთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე. სახლშიც კი არ მაქვს, რადგან ტელევიზორი დამღლელია, დროის მფლანგველია და მასზე საერთოდ უარი ვთქვი. აქედან გამომდინარე, არანაირ პოლიტიკურ ტოქ შოუს არ ვუყურებ. არც ვინმესგან ამიღია რამე. ასეთია ადამიანი, რომელსაც სურს, რომ მიაღწიოს წარმატებას და არის უკვე წარმატებულიც. მიხარია, რომ სხვადასხვა ჟურნალისტებს მადარებენ, ანუ მიზანში მოვარტყი.


– რა რეაქცია გაქვთ, როცა მიმიზე უარყოფით კომენტარებს კითხულობთ?


– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი არ მოსწონთ და ბევრს ლანძღავენ, როცა პირისპირ მხედავენ, უხარიათ და ფოტოების გადაღებას მთხოვენ, რაც ძალიან მსიამოვნებს.


ჩემს გმირზე ინტერნეტში ხანდახან ისეთ კომენტარებს წერენ, რომ მეშინია. ზოგჯერ ვფიქრობ, ასე როგორ უნდა აიგივებდნენ მსახიობსა და გმირს, რომ ჩემ მიმართ აგრესია უჩნდებოდეთ. მერე ვხვდები, რომ ძალიან ჩართულები არიან და გმირთან ამიტომაც მაკავშირებენ.


– შვილებს თუ მოსწონთ სერიალში დაკავებული დედა, რას ამბობენ თქვენს როლზე?


– ძალიან მოსწონთ, რომ სერიალში ვმონაწილეობ. ზოგადად კრიტიკას ოჯახისგან უფრო ვიღებ, რადგან ჩემთვის ყველაზე სანდო ადამიანები არიან. ამ ბოლო დროს ნაკლებად მაძლევენ შენიშვნებს, რადგან ეს როლი ძალიან გავითავისე.


– მსახიობების ცხოვრება დღეს შემოქმედებითად ნაკლებად არის დატვირთული. თქვენ საკმარისად გაქვთ როლები, რეალიზებულად მიიჩნევთ თავს პროფესიაში?


– ვერ ვიტყვი, რომ გაჩერებული და უმოქმედო ვარ, მაგრამ მეც გამოვთქვამ ჩემს გულისტკივილს. თითქოს აღარავის სცალია იმისთვის, რასაც ჰქვია მაღალი ხელოვნება. აღარ იქმნება სპექტაკლები, რომლებიც დროს გაუძლებს. განცდა მაქვს, რომ სპექტაკლების უმრავლესობა მოვალეობის მოხდის მიზნით იდგმება – ვითამაშეთ და დავიშალეთ.


არა მგონია, მწირი ბიუჯეტის გამო იდგმებოდეს ცუდი სპექტაკლები. ვფიქრობ, რომ პრობლემა შემოქმედებით პროცესშია. არ შეიძლება ყველას დიპლომი ჰქონდეს, ყველა რეჟისორი იყოს და ყველას მსახიობი ერქვას.


– როგორც ვიცი, თეატრისა და სერიალის პარალელურად კაფეშიც მუშაობთ.


– ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა თეატრიდან ცოტა ხნით წამოვედი. კაფე კი იყო და არის სცენა, სადაც ადამიანებთან ვამყარებ კონტაქტს. კაფე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, აქაურობამ ბევრი რამ გადამატანინა. ეს შემოსავლის დამატებითი წყაროც არის. რომ არა ამ კაფეს ანაზღაურება, ალბათ რთული იქნებოდა ცხოვრება.


 

წყარო: სარკე