"ცხოვრებას ციხეში დავასრულებ" - ვინ იბრძოლებს "პირველი ქურდის" სტატუსისთვის

  • ვერსია
  • 2 აგვისტო 17:34

გაზეთი "ვერსია" ოლეგ შიშკანოვის დაკავებისა და ე.წ. ქურდული საერთოს შესახებ სტატიას აქვეყნებს:

"რუსეთის ხელისუფლებამ „კანონიერ ქურდებზე“ ნადირობის სეზონი რომ გამოაცხადა, ძველი ამბავია. რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ყველა ლიდერი, რომელთა დაკავებაც კი შეიძლებოდა და ე.წ. წითელი ხაზიც მას შემდეგ გადაიკვეთა, რაც გისოსებს მიღმა ოლეგ შიშკანოვი, იგივე შიშკანი აღმოჩნდა. რუსეთის ნომერ პირველი ქურდს, ბრალად რამდენიმე წლის წინ მომხდარი მკვლელობა წაუყენეს, როცა ერთი ოჯახი საერთოდ გაქრა (მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია) და შინ მხოლოდ სისხლის კვალი დარჩა. ჰოდა, სწორედ ამ ოჯახის ამოწყვეტას ედავებიან შიშკანოვს და მან განაცხადა, რომ ცხოვრება დასრულდა.


„უკვე ზუსტად ვიცი, ციხეში, მინიმუმ, 15 წლით გამიშვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან ცოცხალი ვერ გამოვალ. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ცხოვრებას ციხეში დავასრულებ“, - განაცხადა შიშკანოვმა სასამართლო პროცესზე, სადაც წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.


ახლა მთავარი ის კი არ არის, ვინ იბრძოლებს შიშკანოვის მიერ გათავისუფლებული ტახტისთვის, არამედ ის, რა ბედი ელის „ობშჩიაკს“. მოგეხსენებათ, ქურდები ყველაზე მეტად, სწორედ მას უფრთხილდებიან და „ობშჩიაკის“ თანხა „ქეშად“ ხშირად არარეალურ ციფრებს უკაკუნებს. ახლაც, როცა შიშკანოვი დააპატიმრეს, გაირკვა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი „ობშიაკი,“ ოლეგ პიროგოვმა (ცირკაჩი) გადაიბარა, მაგრამ რად გინდათ - პიროგოვი საზღვარგარეთაა და დიდი ალბათობით, რუსეთში არ დაბრუნდება, რადგან მის წინააღმდეგ უკვე ორი საქმე აღძრეს და დაბრუნების შემთხვევაში, მას საზღვარზევე დააკავებენ.


„რუსული პოლიცია მორიგი სპეცოპერაციისთვის ემზადება. მას ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, სად ინახება „ობშჩიაკი“, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობს და როგორც კი გაიგებს, მის ამოსაღებად აუცილებლად იმოქმედებს.


საუბარი ათეულ მილიონობით დოლარზეა და ეს არ არის მცირე მოცულობის თანხა ანუ მას ჩვეულებრივ სეიფში ვერ დამალავენ და ვარაუდობენ, რომ ფული რომელიმე გავლენიანი ქურდის სახლში იმალება“, - წერს რუსული მედია.


ე.წ. ქურდული კანონების მიედვით, „კანონიერმა ქურდმა“ სიცოცხლის ფასადაც კი არ უნდა დათმოს „ობშჩიაკი“. ამიტომ, თუ სამართალდამცავები „ქურდულ საერთოს“ მართლა მიაგნებენ და შინ ვინმე დახვდებათ, ის „ვინმე“ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს. სხვა შემთხვევაში, მას მაინც სასიკვდილო განაჩენი ელოდება და ამიტომ, ურჩევნია, ქურდად მოკვდეს, ვიდრე „ობშჩიაკის“ დამკარგველ ვირთხად.


სხვათა შორის, ციხის ყოფილი დირექტორი, თამაზ მელაძე, რომელსაც ყველა პატიმარი კარგად იცნობდა, გარკვეულ შემთხვევებში, თვალს ხუჭავდა ბევრ რამეზე, რათა ციხეში წესრიგი შეენარჩუნებინა. იყო შემთხვევა, როცა ზონაზე, სპეცრაზმელების მონაწილეობით, „შმონი“ ჩატარდა და ციხის მაყურებელმა „ობშჩიაკის“ რვეული, თანხასთან ერთად, ტანზე მიიკრა. ის სიცოცხლის ფასად არ აპირებდა ყველაფერ ამის დათმობას, როცა მელაძე მიხვდა, რაც ხდებოდა, „მაყურებელს“ ხელი მოკიდა და სპეცრაზმს არ გააჩხრეკინა. ამით მან ციხეში ბუნტის მოწყობის საშიშროება აიცილა თავიდან."

წყარო: ვერსია