ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება

  • 2 აგვისტო 13:59

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ახალი ტერმინალის დიზაინი, ისევე როგორც ძველი ტერმინალის, კომპანია UNSTUDIO-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.


ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის მოპირკეთებისა და სახურავის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები სრულდება, რის შემდგომაც დაიწყება მწვანე გადახურივის მოწყობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი.


ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.


მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და იქნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა და დაბალი ფასების გამო მგზავრთნაკადი სწრაფად გაიზარდა. მხოლოდ 2015-2018 წლებში მგზვართა რაოდენობა 237%-ით 183 ათასიდან 617 ათასამდე გაიზარდა. ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდა. იანვარ ივნისში ქუთაისის აეროპორტი 365 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 55%-ით აღემატება.