ქართველი ემიგრანტის სულისშემძვრელი ისტორია - ”ან თავი უნდა ჩამომეხრჩო, ან გადავრჩენილიყავი”

  • სარკე
  • 1 აგვისტო 15:22

ვუვლი მოხუცს, ვულაგებ, ვუსუფთავებ. მე არ მრცხვენია, ჩემი შრომით ვიშოვო ფული.

27 წლის ვხდები და 8 წელია არაფერს ვიკლებ, არც ჩემს ოჯახს და არა მარტო… ვმუშაობ იმიტომ, რომ არ ვთხოვო მშობლებს, არ დავჯდე მათ ხარჯზე, არ ვთხოვო სხვას, არ გავხდე მათხოვარი. დიახ, 7 წელი და თვეებია, ოჯახი არ მინახავს… ამ ტანჯული წლების მონაგარს ჩემს ოჯახს ვახმარ, რომ არ თქვან, აი, ნახეთ, ეს გოგო როგორ დაბეჩავდა, ქმარ-შვილი დაეღუპა და ოჯახის კისერზეაო. არ მინდა, ვინმემ შეცოდებით შემომხედოს…

მე 20 წლის გავხდი ემიგრანტი ქვრივი, შვილმკვდარი, განადგურებული. ვამბობდი, რად მინდა ცხოვრება. ის, რაც მიყვარს, დავკარგე, მეც უნდა მოვკვდე-მეთქი, თუმცა შევხედე ჩემს დედიკოს, მამიკოს თვალებში და მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ღირდა ცხოვრება და უნდა გამეგრძელებინა. მე ოჯახის კისერზე დაკიდებას, მათთვის ტვირთად დაჯდომას, გულგაგლეჯილმა ვარჩიე ემიგრანტობა უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში, ჩემი დაიკოს ამარა. არ მრცხვენია, არ ჩავხრი თავს, არა! პირიქით, თავაწეული ვივლი. მეამაყება ჩემი წარსული, აწმყო და მომავალსაც არ შევირცხვენ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ნათია სალაძემ.

ნათია ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს და ამავდროულად ინტერნეტტელევიზიას ხელმძღვანელობს, რომელსაც “ემიგრანტების ტვ” ჰქვია და ძირითადად ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასა და პრობლემებს აშუქებენ.

ნათია 4 თვის გათხოვილი იყო, როცა მის მეუღლეს, ირაკლი გამეზარდაშვილს, უკურნებელი სენის დიაგნოზი დაუსვეს. 9 თვე ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს უვლიდა, დაკარგა შვილიც… ნათია სალაძე “სარკეს” მოუყვა, რა გადაიტანა სრულიად ახალგაზრდამ მაშინ, როცა ცხოვრება ყველაზე ლამაზი უნდა ყოფილიყო და როგორ გაუმკლავდა თავს დატეხილ უბედურებას.

ნათია სალაძე: ხარაგაულში, სოფელ ვარძიაში ვცხოვრობდი. 17 წლის გავთხოვდი თერჯოლაში, სოფელ ეწერში. თვენახევარიც არ იყო გასული, რომ ჩემს მეუღლეს ოფლისდენა და გულყრები დაეწყო. ქორწილი 3 თვის მერე გვქონდა და მაშინ გონება დაკარგა, რამდენიმე საათი გათიშული იყო. ვიფიქრეთ, რომ ქორწილის გამო ღელავდა და გულყრა ამან გამოიწვია. ცუდად კიდევ რომ გახდა, ექიმთან წავიყვანეთ და საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – თავის ტვინის სიმსივნის მეოთხე სტადია.

მაშინ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და არავინ მითხრა, რა სჭირდა რეალურად. მითხრეს, რომ პატარა კისტა იყო, რომელსაც ამოკვეთდნენ და კარგად იქნებოდა. ოპერაცია რომ გაუკეთეს და გამოწერეს, მესამე დღეს ისევ ცუდად გახდა. თავიდან სითხესავით რაღაც გადმოსდიოდა. კიდევ გავუკეთეთ ოპერაცია და მაშინ შემთხვევით მოვისმინე ექიმის ნათქვამი. მახსოვს, კიბეზე ჩამოვდიოდი და დავეცი. მაშინ არაფერი დამემართა, მაგრამ მერე, სტრესის გამო, ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. 6 თვის ფეხმძიმემ ვიმშობიარე. ბავშვი გარდაიცვალა…

არ ვიმჩნევდი, რა ცუდად ვიყავი და ვეუბნებოდი, არა უშავს, შვილი კიდევ გვეყოლება-მეთქი. არ შეიძლებოდა ენერვიულა ან ძალიან გახარებოდა რამე, რადგან მაშინვე ცუდად ხდებოდა. სხვა ოთახში ან ტუალეტში ვტიროდი.

9 თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი და მე ვუვლიდი. 192 სანტიმეტრი სიმაღლის იყო და უნდა გადაგებრუნებინ-გადმოგებრუნებინა. დედამთილ-მამამთილიც მეხმარებოდა, მაგრამ მე მთელ ღამეებს ვათენებდი. საშინელება გამოვიარე. წიგნს ვწერ ამ ამბავზე და დედაჩემს ვეკითხები ხოლმე, მართლა გადავიტანე ეს ყველაფერი, თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია-მეთქი.

17-18 წლის ბავშვი ვიყავი. დედაჩემს ვურეკავდი, რომ არ დამძინებოდა. მეშინოდა, ჩემი ქმარი კრუნჩხვებში არ ჩავარდნილიყო. ერთხელ 2 დღე არ ვიყავი სახლში, სუნთქვის პრობლემების გამო ცხვირის ოპერაცია გავიკეთე და შინ რომ დავბრუნდი, სახე გალურჯებული ჰქონდა. ღამე კრუნჩხვა დამართნია და ლოგინიდან გადმოვარდნილა. ამის მერე ვეღარ ვიძინებდი, სულ ვფხიზლობდი.

ირაკლი ბავშვობაში დაცემულა, ჰემატომა განვითარებულა. თერჯოლელი ზაზა ექიმი ამბობდა, როგორ შეიძლებოდა 15 წელი ჰემატომა ისე გაზრდილიყო, ვერ მიმხვდარიყავით, ეს გოგოც გააუბედურეთო…

7 წლის ასაკში მეორე სართულიდან გადმოვარდნილა. 10-11 წლის ასაკიდან ცუდად ხდებოდა. რესტორანში მუშაობდა და რამდენჯერმე იქაც გამხდარა ცუდად. ხან კბილს დააბრალეს, ხან – გადაღლას. მისმა მშობლებმაც ვერ წარმოიდგინეს, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. ექიმთან არც მისულა.

– გრძნობდა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ თვეებს ითვლიდა?

– არ უფიქრია, რომ რამე დაემართებოდა. ცუფას მეძახდა და მეუბნებოდა, ნუ გეშინია, ცუფა, კარგად ვიქნებიო. ბოლომდე გონებაზე იყო.

– სიყვარულით გათხოვდით?

– დიახ. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ტელეფონით გავიცანი. როცა პირველად შევხვდი, ძალიან წვიმდა, სულ დასველდა. პირველად ეკლესიაში ვნახეთ ერთმანეთი, სადაც სასაფლაოც არის. ეს ადგილი საშინლად მაქვს გონებაში ჩარჩენილი – ისაა ჩვენი შეხვედრისა და განშორების ადგილი.

საოცრად თბილი და კარგი ადამიანი იყო. როგორც კი დავინახე, მინდოდა, ჩავხუტებოდი და სულ ჩემი ყოფილიყო. ჩემი და მაშინ საბერძნეთში იყო და მეუბნებოდა, შენც ჩამოდიო. ირაკლი მთხოვდა, არ წავსულიყავი. მერე გადავწყვიტეთ, რომ გავპარულიყავით. ღამის 4 საათზე გავიპარე სახლიდან. მარტი იყო.

წყარო: სარკე