რატომ დაკაწრა სანდრო ჟორჟოლიანი მეუღლემ

  • თბილისელები
  • 29 ივლისი 16:28

ერთხელ რუსთაველის თეატრის მსახიობები სპექტაკლის შემდეგ სვამდნენ, თან სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ.

უცებ ერთმა თქვა, რომ ყველა კაცის ცოლი ქმარს ჩუმად უჩხრეკს ჯიბეებსო. ამ აზრს ყველა დაეთანხმა, გარდა სანდრო ჟორჟოლიანისა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე მას არასდროს უჩხრეკდა ჯიბეებს. ქეიფი რომ დასრულდა, სანდროს მუდმივმა გამამწარებელმა, მიშა სარაულმა ჟორჟოლიანს პიჯაკის ჯიბეში საკუთარი ხელით დაწერილი ბარათი შეუმჩნევლად ჩაუდო, რომელშიც ეწერა:


"საყვარელო სანდრო, მოუთმენლად გელოდები ამ ღამით. შენი ქეთათო". სანდრო სახლში ტაქსით მიიყვანეს და მთვრალს მალევე დაეძინა.


მეორე დღეს სანდრო ჟორჟოლიანი თეატრში სახედაკაწრული გამოცხადდა და როდესაც ჰკითხეს, რა სჭირდა, მან გულწრფელად თქვა:


– არ ვიცი, რა დაემართა ჩემს ცოლს. მეძინა, როცა დამეტაკა და ჩხუბი დამიწყო. სახე ჩამომკაწრა და მიყვიროდა, ახლავე მითხარი, ვინ ქეთათოსთან დადიხარო. მიშა სარაულს გაეცინა და თავის მეგობარს ნიშნის მოგებით უთხრა:


– აკი ამბობდი, მეუღლე ჯიბეებს არ მიჩხრეკსო. სანდრო ყველაფერს მიხვდა და სარაულს კარგა ხნით გაებუტა.

წყარო: თბილისელები