ვინ დახვრიტეს კომუნისტებმა იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" გაცოცხლებისთვის?

  • თბილისელები
  • 29 ივლისი 15:24

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ სკოლაში დაბრუნების შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი პოზიცია მოვისმინეთ.

ბევრისთვის ეს ამბავი გასახარი აღმოჩნდა, თუმცა არიან საწინააღმდეგოდ განწყობილებიც, რომლებსაც მისი დაბრუნება სირცხვილად და დიდ შეცდომად მიაჩნიათ.


ლევან თაქთაქიშვილი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი): არ მეგონა, რომ როდისმე თავისუფალ საქართველოში გოგებაშვილის „დედაენას“ დაცვა დასჭირდებოდა. ამ თემაზე საუბარს მისი ისტორიით დავიწყებ: იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ „დედაენას“ საუკეთესო დამცველი გამოუჩნდა: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პიროვნება კი – ლუარსაბ ბოცვაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ (1919 წელი) ეს საზოგადოებაც სულს ღაფავდა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ლამის თავის ფილიალად გადააქცია. „დედაენაშიც“ ამ პარტიის დროშა და პარტიული სარეკლამო ილუსტრაციები გაჩნდა.


გასაბჭოების შემდეგ „დედაენა“ ჯერ ავტორის გვარის გარეშე დაბეჭდეს, „შედგენილი ი.გ-ს მიერ“ – ასე ეწერა ყდაზე, შემდეგ კი საერთოდ აკრძალეს. ანბანის სწავლა პლაკატებით დაიწყეს. ამ საქმეს რუსუდან ნიკოლაძე ჩაუდგა სათავეში. არშემდგარი პროექტის ერთ პლაკატზე ქალი ეხატა, ქათმებს საკენკს რომ უყრიდა და ეწერა: ჯუ,ჯუ! ასე ასწავლიდნენ ასო-ბგერა ჯ-ს.


მაშინდელმა ინტელიგენციამ პროტესტი გამოთქვა. ბატონებმა აკაკი გვახარიამ და ვარლამ ძიძიგურმა ბავშვებს ახალი წიგნი შესთავაზეს, მასში ეს პლაკატებიც იყო და ტექსტებიც, ასე ნელ-ნელა 1926 წლიდან 1936 წლამდე მიიყვანეს საზოგადოება კვლავ „დედაენის“ დაბეჭდვამდე, რომელსაც ეწერა: „დედაენა“ იაკობ გოგებაშვილის მიხედვითო. ეს მაშინ „დედაენის“ გაცოცხლება იყო, თუმცა ტექსტები საბჭოთა სინამდვილის ამსახველი: სტალინი – მამლაქათთან ერთად, ლენინი, კოლმეურნეობა... ასო-ბგერა ჯ-ს შესწავლისას ეწერა – მათხოჯი. ეს ვარლამ ძიძიგურის დაბადების ადგილი იყო. ძვირად დაუჯდათ იაკობის გაცოცხლება. თუნდაც ამ ფორმით. აკაკი გვახარია დააპატიმრეს და დახვრიტეს. კოლეგის ოჯახს ჰონორარი რომ აეღო და ასევე, წიგნს ავტორი რომ არ მოშორებოდა, ვარლამ ძიძიგურმა ყდაზე აკაკის ძმის სახელი – ალექსანდრე გვახარია დააწერა: ა. გვახარია. თუმცა, როგორც აკაკის ოჯახში, ასევე „კაგებეში“ მაინც აკაკი გვახარიას გულისხმობდნენ. ამიტომ, 1951 წელს ბიბლიოთეკებში რომ რეპრესირებული ავტორების სია მოვიდა, სადაც აკაკი გვახარია ბიბლიოთეკებიდან ა.გვახარიას ავტორობით ეწერა, ყველა „დედაენა“ ამოკრიფეს და დაწვეს. ეს აკაკი გვახარიას ღირსეულმა შვილმა, ბატონმა შურა გვახარიამ მომიყვა. მერე „დედაენას“ ქალბატონი ბურჯანაძე და ბოცვაძე პატრონობდნენ (ერთი ვარლამ ბურჯანაძის ოჯახის წევრი იყო, მეორე – ლუარსაბ ბოცვაძის), მერე კი – რამიშვილი. წიგნში იმდენი ცვლილება შევიდა, რომ ბოლოს „დედაენა“ ისე იყო გოგებაშვილის, როგორც საბჭოთა კონიაკი OS – სარაჯიშვილისა. საბჭოთა კავშირის დროს OS „ოჩენ სტარის“ – ძალიან ძველს ნიშნავდა, სარაჯიშვილის დროს კი – ოლია სარაჯიშვილს. „დედაენა“ ჯერ ბრენდი იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი – ფულის საბეჭდი მანქანა. გამომცემლობა „განათლება“ იმდენად გათავხედდა, რომ ახალი ფირმა შექმნეს: „ლამპარი“ და „განათლებიდან“ „დედაენის“ ბეჭდვისა და გავრცელების უფლება „ლამპარმა“ აიღო. მერე კი „დედაენის“ პირველი ნაწილი სამ რვეულად დაყვეს და თითოს, შპალერის ქაღალდზე დაბეჭდილს, მამასისხლად ყიდდნენ. რატომ არ ეწერა წიგნის ავტორად გოგებაშვილი და რატომ იყვნენ მისი შემდგენლები? გოგებაშვილმა, ანდერძით, წიგნი ძმისშვილებს არ დაუტოვა, გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. საზოგადოების მემკვიდრე განათლების სამინისტრო იყო. სამინისტროში კი სურდათ, „დედაენა“, რაც შეიძლება, მეტად შეეცვალათ – საქმეში ეთვლებოდათ. მასში საუკეთესო ლექსები ხშირად არ შედიოდა, სამაგიეროდ, იბეჭდებოდა საბჭოთა პოეტების ბევრი მდარე ლექსი. გოგებაშვილს იყენებდნენ წინიდან და უკნიდან. ასე იყო. „დედაენის“ სახელმძღვანელოს დაბეჭდვაზე ოცნება გამომცემლებმა მხოლოდ 2000 წლიდან დაიწყეს. არადა, ყველაზე ღირსეული ნაბიჯი ბატონმა ვახტანგ როდონაიამ გადადგა. მან გამოსცა და წარადგინა „დედაენის“ სახელმძღვანელო არა გოგებაშვილის პრინციპების, არამედ დამოუკიდებელი ექსპერიმენტის მიხედვით. შედეგმაც არ დააყოვნა: ჯერ ლამის მიწაში ჩადეს, შემდეგ მოიწონეს სკოლებმა. ეს იყო რეალური ალტერნატიული სახელმძღვანელო. „ლამპარი“ საბჭოთა „დედაენის“ ატავიზმს ბეჭდავდა, განათლების სამინისტროს არაერთმა ყოფილმა ფუნქციონერმა მოინდომა გოგებაშვილის სახელმძღვანელოს გადამუშავება.


– დღევანდელ მდგომარეობაზე რას იტყვით?


– დღეს, როცა სულმნათი პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო ძეგლად გამოცხადდა და ყველაზე ნაკლები ცვლილებებით მომზადდა, წარწერით: იაკობ გოგებაშვილი. „დედაენა“. 2019 წელი. რა, არ აქვს მას უფლება ერთ-ერთ ალტერნატიულ სახელმძღვანელოდ იყოს? როცა ლევილის ბიბლიოთეკაში სათუთად არის შენახული გოგებაშვილის „დედაენები“, როცა ბერლინში დავით ხელაძე 1931 წელს ბეჭდავს „დედაენის“ 1912 წლის გამოცემის ასლს ქართული ემიგრაციისათვის, როცა 1976 წელს „დედაენის“ ასი წლის იუბილეზე 1876 და 1912 წლების „დედაენის“ ზუსტი ასლების 100 000 ეგზემპლარის დაბეჭდვის შემდეგ ეს ასლები დღესაც თითქმის ყველა ოჯახში ინახება, როცა ღვთისმშობლის წილხვედრობაზე იჭაჭები და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეზე სახლში ხვრინავ ოცდამეერთე საუკუნეში, როცა გალში, ოჩამჩირეში, თურქეთის იმერხევში გოგებაშვილის „დედაენით“ ჩუმად სწავლობენ ქართულს, როცა მასწავლებლები იმ ამოცანას ვერ ხსნიან, რომელსაც ბავშვებს ავალებენ, რა გოგებაშვილს მიადექი და თუ გოგებაშვილის მეთოდები მოძველებულია, ბატონ ვახტანგ როდონაიას რატომ გაუშრეთ სისხლი? რა გინდა, ქართველო ერო? გითხრათ? პასუხი ბაგრატის ტაძარშია. ბაგრატის ტაძარი არ უნდა აღედგინათო! რატომ? დაკარგა ქუთაისის ხელმძღვანელობამ ფულის შეჭმის შანსი. ყველა სამხარეო ხელმძღვანელობა მისი აღდგენის ფულს ჭამდა, „დედაენის“ ასე გამოცემამაც გოგებაშვილის საავტორო უფლებები შესაჭმელი არ გახადა. ახლა უნდა დაწერონ ახალი სახელმძღვანელო. ვინ არის დამწერი? არადა, გვჭირდება ახალი საანბანო სახელმძღვანელო კომპიუტერული პროგრამით, არადა გვჭირდება ქართული ენის და წერის სასწავლებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც უფასოდ განვათავსებდით ინტერნეტში. არადა გვჭირდება ქართული ტექსტის წამკითხველი პროგრამა, „სპილჩეკერით“. კომპიუტერული ტექნოლოგიები და ელექტრონული სახელმძღვანელო – ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენის სასწავლებლად. ქართული ემიგრაციისათვისო... რა ნიჭიერი და ზარმაცი არამზადები ვართ!

წყარო: თბილისელები