ჩვენ მოგიყვებით იმას, თუ რა ნაკლი აქვს იდეალურ ქალს

  • თბილისელები
  • 29 ივლისი 13:23

სრულყოფილება ან არ არსებობს, ან ყველაფერი სრულყოფილია. ყველა ადამიანს აქვს თვისებები, რამაც შეიძლება, გაგვაღიზიანოს, ან მოგვხიბლოს.

უცნაურია, მაგრამ თუ ფსიქოანალიტიკოსებს ვენდობით, ადამიანები უფრო მეტად ღირსებების კი არა, ნაკლოვანებების გამო გვიყვარდება.


როგორია იდეალური ქალი?


კრიტერიუმი ერთადერთია – იდეალურია ის, ვინც გვიყვარს. ქალები და კაცები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ყველაზე მეტად, სწორედ, ამ განსხვავებების გამო აკრიტიკებენ ისინი ერთმანეთს და სწორედ ამ განსხვავების გამო უყვარდებათ კიდეც.


ანუ იდეალურ ქალს ნაკლი უნდა ჰქონდეს. გაეცანით იდეალური ქალის ნაკლს:


* ზედმეტად ბევრს ფიქრობს თქვენზე – გამუდმებით ფიქრობს, რა იქნება თქვენთვის უკეთესი, რა უნდა გააკეთოთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ და მერე ამ გენიალური იდეების თქვენთვის გაურკვეველი მეთოდებით თქვენთვისვე ჩაწვეთებას, ან უხეში მეთოდებით თავში ჩატენვას ცდილობს;


* ძალიან დიდ დროს ანდომებს მომზადებას – ამას თითქმის ყველა კაცი მწყობრიდან გამოჰყავს – ზიხარ, ელოდები და უყურებ, როგორ იცვლის სამოსს სამოსზე და მაინც საშინლად არ მოსწონს თავი. სამაგიეროდ, ის ყველაზე ლამაზი იქნება ამ საღამოს და თქვენც ხომ იმიტომ შეგიყვარდათ, ყველაზე ლამაზი რომ არის? როდესაც ქალი სარკესთან ტრიალებს, ამ დროს იხსნება მთელი მისი სამყარო და ამ დროს არის ყველაზე მომხიბვლელი;


* არცერთი თქვენი ნაკლი არ ეპარება – ჩვენ თავადაც ვიცით, რომ ბევრი ნაკლი გვაქვს და გვაღიზიანებს ამ ნაკლზე მითითება, თუმცა, როდესაც ადამიანმა შენი ყველა ნაკლი იცის და მაინც უყვარხარ, ძალიან მაგარია. ამას ყველა კაცი აფასებს. ნაკლზე მითითება და გამოსწორების მცდელობა ყველა ქალში არსებული დედური ინსტინქტების ბრალია – თითქოს თქვენს გაზრდას ცდილობს. კაცი ბოლომდე ბავშვად რჩება და მოსწონს, როდესაც ისევ ბავშვად გრძნობენ თავს;


* საიდან რა იდეა მოსდის თავში, ვერ გაიგებ – ხან პიკნიკის გეგმები აქვს, ხან რომელიმე მწვერვალის დალაშქვრის, რომელიმე სულელური მელოდრამის ყურების... სპონტანური და არაპროგნოზირებადია. ის სუნთქვის, მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, თითქოს ეშინია, რომ რამეს ვერ მოასწრებთ, მოგწყინდებათ... და თუ თქვენ ამავე ენთუზიაზმით არ შეხვდით მის იდეებს, თავბედს გაწყევლინებთ, რადგან რეალურად ის ამ ყველაფერს თქვენი ბედნიერებისთვის აკეთებს და არა საკუთარი თავისთვის;


* თვეების განმავლობაში არჩევს თქვენთვის საჩუქარს – მას ძვირფასი საჩუქრები კი არ უნდა, ისეთი საჩუქარი სჭირდება, რომლითაც დაინახავს, რომ თქვენ იცით, მას რა სჭირდება;


* ათასგვარი დიეტით აქვს თავი გამოტენილი, რაღაც ნიღბებით ითხუპნება, მთელ თავისუფალ დროს შოპინგზე ხარჯავს. ისე მაგრად უვლის თავს, რომ მის გვერდით ნამდვილი მაიმუნი გამოდიხართ;


* სულ მართალია – აზრი არ აქვს მასთან კამათს, რადგან 99 პროცენტში სულ მართლდება. ეს საშინელებაა, თითქოს სულ წაგებული რჩებით, მაგრამ ის თქვენს გუნდშია, გაგიმართლათ!


* რაღაცნაირად ახერხებს, რომ თან ძალიან სჭირდებოდეთ და თან არაფერში სჭირდებოდეთ. ხანდახან გგონიათ, რომ თქვენ გარეშე დაიღუპება, უცებ კი აღმოაჩენთ, რომ თქვენზე უკეთ უმკლავდება ყველაფერს. ის თითქოს სუსტია, დასაყრდენს ეძებს, მაგრამ რეალურად ისე მყარად დგას, თქვენც არ მოგცემთ წაქცევის საშუალებას;


* გაიძულებთ უკეთესი გახდეთ – მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. გაიძულებთ, იბრძოლოთ უკეთესი კარიერისთვის, ოცნებების ახდენისთვის. არ სურს იმის გაგება, რომ გეზარებათ, გეშინიათ არ გცალიათ, არ შეგიძლიათ… თქვენ მისი კაცი ხართ, იდეალური კაცი და თქვენ ყველაფერი უნდა შეგეძლოთ. ასე რომ, პროტესტს აზრი არ აქვს.


* არ ეშინია თავისი აზრების გამოთქმის – ისე გაჯახებთ ყველაფერს, შოკში ჩავარდებით. ზედმეტს ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს იმას, რის თქმასაც თქვენ ვერ ბედავთ. უდავოდ ენაგრძელია, მაგრამ ყველაზე საყვარელი ენაგრძელი;


* კიდევ უნდა, რომ ჩახუტებულებმა იაროთ. არ აღიარებთ, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ამ დროს ყველაზე ბედნიერი ხართ;


* გამუდმებით ახერხებს ახალ-ახალი პრობლემების გამოჩხრეკას. ვერ იტანს კომფორტის ზონაში ყოფნას, როგორც კი გგონიათ – აი, დავმშვიდდით, დავწყნარდითო, უკვე ახალი იდეა აქვს, რაღაც ახლის გასინჯვა უნდა. სამაგიეროდ, საინტერესო ცხოვრება გაქვთ და რომ არა ის, ტელევიზორის ყურებით მოკვდებოდით;


* მთელი ცხოვრების თქვენთან ერთად გატარებას აპირებს, რომ ყოველ ღამე თქვენთან ერთად დაიძინოს და ყოველ დილით თქვენთან ერთად გაიღვიძოს. უნდა, რომ სულ მის გვერდით იყოთ, მუდამ გვერდში ედგეთ, სულ მხარი დაუჭიროთ, თუნდაც არ იყოს მართალი... უნდა, რომ თავი გაწიროთ მის გამო, თუ ეს საჭირო გახდა. თუ დასჭირდა, ცეცხლის დანთებასაც მოახერხებს და შტეფსელის შეკეთებასაც, მაგრამ თქვენი გაკეთებული უნდა, ბევრს ითხოვს? სულაც არა.

წყარო: თბილისელები