მთავრობა რუსეთიდან ტრანზიტით შემოსულ მგზავრებს დააფინანსებს

  • 1tv.ge
  • 24 ივლისი 21:18

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან ტრანზიტული რეისებით შემოსულ თითო მგზავრს ხარჯს 90 ევრომდე  აუნაზღაურებს.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში წერია. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს ჯამში 600 000 ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს.


საუბარია რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებზე. ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“, სომხეთში პარტნიორი ავიაკომპანიის ხელშეწყობით ახორციელებს. დადგენილებაში არ წერია თუ რომელ ავიაკომპანიასთან იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება. 


დადგენილების მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში სულ მცირე ორი სიხშირით ფრენის შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე. 


8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო 3 მლრდ რუბლის ($47 266 00) ზარალს ელოდებიან. 


ამ აკრძალვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ „ატლასგლობალი“ მომხმარებლებს მოსკოვი-თბილისის რეისებს სტამბოლის გავლით სთავაზობს.


ვლადიმერ პუტინის ბრძანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, რომლის წინაპირობაც თავის მხრივ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის  განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი სიტყვით მიმართვა გახდა. 


ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge