როგორ აავადებდა ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრებს ერთი გამოხედვით - ანომალიური მოვლენა

  • თბილისელები
  • 22 ივლისი 17:32

უფოლოგი ერეკლე შონია სახლში უცნაური მოვლენების, ხმების, მოჩვენებების, შეხებია და ერთი შეხედვით, ალოგიკური ამბების შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს.

უცნაური მოვლენები სახლში, ხმები, მოჩვენებები, შეხება და ერთი შეხედვით, ალოგიკური ამბები არც ისე ცოტა ადამიანისთვისაა უცხო, როგორც უფოლოგი ერეკლე შონია გვიყვება, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია.


ერეკლე შონია: ხშირად მოგვისმენია ამბები, რომლებიც ანომალიურ მოვლენებთან, პოლტერგეისტთან, სულების გამოცხადებასთან, ოჯახში ნივთების გადაადგილებასა თუ არამიწიერ არსებებთან შეხვედრებთანაა დაკავშირებული. ამ ყველაფერს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ადგილის გეოლოგია, ადამიანის მდგომარეობა და საზოგადოების დაძაბულობა. თუ მიწისძვრით დატვირთული წელი გვაქვს ან საზოგადოებრივი დაძაბულობა მატულობს, იმატებს ანომალიური მოვლენებიც. მაგალითად, ძველ უბნებში სახლები აშენებულია მიწისქვეშა წყლებზე, ზოგ სახლს თავისი ისტორია აქვს – იქ ადამიანმა თავი მოიკლა ან არ ჰქონდა მშვიდი ცხოვრება და მისი სული ვერ გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია იწერება და ინახება მის საცხოვრებელ გარემოში. გარდა ამისა, ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს ზებუნებრივი შესაძლებლობები და როცა ის ასეთ გარემოში მოხვდება, მისი უნარები აქტიურდება. თუმცა, შესაძლოა, მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონოდა, რომ მსგავს უნარებს ფლობდა. ზოგჯერ ადამიანი მთელი ცხოვრება ატარებს ამ უნარებს, მას სამყაროსთან მეტი კავშირი აქვს, მაგრამ არ იცის, თუმცა, როცა დასახელებული მიზეზების გამო დაძაბულ გარემოში მოხვდება, ეს წარმოაჩენს ამ ხედვებსა და შეგრძნებებს. ასეთი შემთხვევები ხშირია. მაგალითად, მათ სახლში იწყება ნივთების უნებლიე გადაადგილება, თვითაალება – იწვის ყველაფერი, თავისით იკარგება და ჩნდება ნივთები, ისმის ნაბიჯების ხმა, ზოგი ხედავს კიდეც, რომ ვიღაც დადის, ზოგი გრძნობს, რომ აკვირდებიან. თბილისის ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობდა გოგონა, რომელიც თამაშის დროსაც კი ბრაზდებოდა და იწყევლებოდა. მას გარკვეული პოტენციალი ჰქონდა, გოგონასა და სამყაროს შორის ძლიერი კავშირი არსებობდა, რაც არასწორ კალაპოტში ამყოფებდა. ჩხუბის, წყევლის თუ გინების დროს მათ ოჯახში ყველაფერი იწვოდა. როცა ეს გოგონა ღიზიანდებოდა, სახლში რაღაცას ყოველთვის ეკიდებოდა ცეცხლი – დაწყებული კედლებიდან, დამთავრებული კარადაში დაკეცილი ზეწრებით. იყო შემთხვევა, როცა აკვანს მოეკიდა ცეცხლი, მაგრამ ეს ცეცხლი იყო ცივი და ბავშვს არ წვავდა, თუმცა, დამწვარი იყო ტანსაცმელი და აკვანიც. როგორც კი მათი ყოფა შეიცვალა, მეტად მორწმუნეები გახდნენ და სიკეთის კეთება დაიწყეს, ამ მოვლენამ ხასიათი შეიცვალა. ის ზეციური ძალა ბავშვებზე გადმოვიდა და მათ სწავლაზე ძალიან კარგად აისახა. ამ ადამიანმა დაიწყო საკუთარი თავის კონტროლი და კალაპოტიდან ამოვარდნილი აღარაა. არის შემთხვევები, როცა ასეთი ადამიანები საკუთარ უნარებს გაცნობიერებულად იყენებენ უარყოფითად, ფულის გასაკეთებლად, ჯადოებისთვის... ზღვარს გადადიან, რის გამოც ზედა სამყარო სჯის მათ. ერთმევათ მფარველობა, ეცხადებათ დემონური სამყაროს წარმომადგენლები ან გარდაცვლილი ადამიანის სული. ადამიანები ზეციური მფარველობის გარეშე სრულიად უსუსურები არიან და ძალიან დიდ სირთულეში ვარდებიან – ან გიჟდებიან, ან მათ შვილებს ემართებათ რამე. ანუ, ის ღვთაებრივი ძალა, რომელიც ადამიანს სამყაროსგან ეძლევა, მხოლოდ დადებითი მიზნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მისი ვიღაცისთვის ზიანის მისაყენებლად გამოყენება არ შეიძლება. რაც უფრო მეტი კავშირი გაქვს სამყაროსთან, მით უფრო კეთილი უნდა გახდე.


– ხომ შეიძლება, მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში მსგავსი რამ: მოჩვენებები სახლში, გაურკვეველი ხმები, ნივთების გადაადგილება და ადამიანის ფსიქიკა მზად არ აღმოჩნდეს ამისთვის?


– ყოფილა შემთხვევა, რომ არასწორი განმარტების დროს ადამიანი ფსიქიკურად შეშლილა და ბევრი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვედრილა. იყო სუიციდის შემთხვევები, რადგან ეგონა, რომ ეს მარტო მას სჭირს, რომ ეს ნორმიდან გადახვევაა და საიდანღაც გადამხტარა, თავი მოუკლავს.


იყო შემთხვევები, როცა ადამიანს ჰქონდა თვალებით ზემოქმედების ნიჭი. თვითონ არ იცოდა საკუთარი უნარის შესახებ, არადა, როცა შინაურ ცხოველს გაბრაზებული შეხედავდა, ის იღუპებოდა. იყო შემთხვევა, როცა ადამიანს სამყაროსთან ამგვარი კავშირი დაწყებია და თუ გაღიზიანებული შეხედავდა ოჯახის წევრებს, მათ სხვადასხვა დაავადება უჩნდებოდათ.


– ეს ყველაფერი საქართველოში ხდება?


– კი, საქართველოში. ამისთვის მოუმზადებელი ადამიანი, თავისი არასწორი ქცევით, ოჯახში დაძაბულობას ქმნის. ამ დროს ოჯახის წევრებს ემართებათ სხვადასხვა დაავადება, მათ შორის ონკოლოგიურიც. ზოგჯერ პირიქით ხდება – ადამიანები ყვებიან, რომ რაღაც არსება შევიდა მასთან კონტაქტში, წინ დაუდგა და თვალებში უყურებდა. მერე ადამიანი რამდენიმე წუთით გაითიშა და არ ახსოვს, ამ დროს რა ხდებოდა. მერე ვიკვლევთ, ვსინჯავთ და ვიგებთ, რომ მას გარკვეული დაავადება ჰქონდა ამ შეხვედრამდე და განიკურნა, უფრო ენერგიულიც გახდა.


თბილისის ერთ-ერთ უბანში ადამიანები ანომალიური ზონის სიახლოვეს ცხოვრობენ, რაც დაუშვებელია. ამიტომ იქ ისინი ხშირად ხედავენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, არამიწიერ არსებებს. ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციიდან ხშირია გამოძახება, შველას გვთხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე გარდაცვლილის სული ან რაღაც არსება. აღმოჩნდა, ამ სულის აქტივიზაცია გამოწვეული იყო იმით, რომ სასტუმროს ერთ-ერთ თანამშრომელს აქვს გარკვეული უნარები და როცა ის ცვლაში იყო, სწორედ მაშინ ხდებოდა ამ სულის გააქტიურება. მოდიოდა და შველას სთხოვდა.
თბილისში რამდენიმე სახლია, სადაც ადამიანებმა თავი ჩამოიხრჩვეს, ზოგან რამდენიმე მფლობელი დაიღუპა თავის ოჯახიანად. არის კორპუსები, სადაც მიწისქვეშა წყლები ამოდის და მთელი სადარბაზო სიმსივნითაა დაავადებული ან ფსიქიური აშლილობა აქვთ. ან სახლები, რომლებიც ხევზე დგას და იქიდან ამოსული ქიმიური ნივთიერებები ძალიან ცუდად მოქმედებს მცხოვრებლებზე.


თუ ვინმეს მსგავსი რამ დაემართება, ნუ იფიქრებს, რომ უბედურია, რომ მსგავსი რამ მარტო მას სჭირს. იცოდეს, რომ არსებობენ სპეციალისტები, ვისაც მათი დახმარება შეუძლიათ, რომ არ უნდა ჩაიკეტონ საკუთარ თავში და ეს აუცილებლად გადაივლის. საამისო გზა კი ცხოვრების მოწესრიგებაა.

წყარო: თბილისელები