ცოლმა ჩემი ქონება ჩაიგდო ხელში, გათხოვდა და შვილს არ მანახებს

  • თბილისელები
  • 22 ივლისი 13:58

55 წლის ნუგზარის ისტორია ჟურნალ "თბილისელების" რუბრიკაში "მოდი, ვილაპარაკოთ" ვრცელდება.

საკმაოდ დიდ ასაკში დავოჯახდი. სულ ვამბობდი, ჯერ კარიერა უნდა შევიქმნა, ქონება დავაგროვო და მერე მოვიყვან ცოლს, რომ ჩემი შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ-მეთქი. ასეც მოვიქეცი. თუმცა, მოვტყუვდი. რომ მეგონა ჩემი რჩეული გოგონა სიყვარულით გამომყვა, თურმე, მხოლოდ ჩემი ქონება და ფული აინტერესებდა. ასაკით ჩემზე საკმაოდ პატარა იყო, თუმცა, სანამ ცოლად მოვიყვანდი, ისე მოქმედებდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რა ჰქონდა გულში ჩადებული. მოკლედ, გამომყვა, გააჩინა შვილი, გაინაღდა ქონება, წავიდა, გათხოვდა და ნანატრ შვილსაც არ მანახვებს. ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, ისე დამამცირა და თავს ლაფი დამასხა, გარეთ გასვლის მრცხვენია. ხანდახან ვამბობ, ნეტავ სულ არ დავქორწინებულიყავი, ვყოფილიყავი ჩემთვის, ამხელა დარდსა და ტკივილს ხომ ავცდებოდი-მეთქი, მაგრამ მერე, შვილი რომ მახსენდება, გული მიჩუყდება. ექვს თვემდე მე ვზრდიდი – ვუცვლიდი, ვაჭმევდი, ჩემს გვერდით ეძინა და ერთ დღესაც, სამსახურიდან დაბრუნებულს სახლი ცარიელი დამხვდა. მოხვეტა ძვირფასეულობა და ფული, დაავლო ბავშვს ხელი და ვიღაც უმუშევარ, ფუქსავატ, ძველ ბიჭს გაჰყვა ცოლად. მართალია, ის ჩემზე გაცილებით უმცროსია, მაგრამ ამის გამო უნდა გავეწირე? თან, მასზე იმდენად არ მწყდება გული, უბრალოდ, შვილი მენატრება, არ მაჩვენებს. რამდენჯერაც დავურეკე, მეუბნება, ახლა არ მცალიაო და გადის თვეები. მირჩევენ, დაანებე თავი, არ დაეხმარო მატერიალურად და აქეთ შეგეხვეწებაო. მე ხომ მას არ ვურიცხავ ფულს, არ მინდა, ჩემს შვილს რამე მოაკლდეს. ამას წინათ მეზობელმა მითხრა: შენი გადაპრანჭული, უნამუსი ცოლი დავინახე შენს ნაყიდ მანქანაში. გვერდით თავისი ახალი ქმარი ეჯდა და ბედნიერი სახეებით სადღაც მიქროდნენო. მერჩივნა, ტყვია ესროლა და მოვეკალი. მაგრამ ხალხს თვალებს ხომ არ ავუხვევ? ფაქტია, ახალგაზრდა ბიჭთან ბედნიერია და არც შვილს გამომატანს, რომ ფულის მიცემა არ შევუწყვიტო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ამ ხნის კაცი ცოლის მომყვანი აღარ ვარ და მინდა, შვილს მაინც ვახსოვდე და ვუყვარდე. რომ ვიცოდე, გავა წლები და ის მაინც დამიბრუნდება, დაველოდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დედამისი, არც კი ახსენებს ჩემს სახელს, არ ეუბნება, რომ მამას უყვარს და სიგიჟემდე ენატრება. მეშინია, შვილი წლების მერე არ მომიბრუნდეს და არ მითხრას: შენ რა კაცი ხარ, მიმატოვე და არ მნახულობდიო. ხომ ვერ ავუხსნი, რეალურად რაც მოხდა და შორიდან მისთვის არაფერი დამიკლია? რა ვქნა, დედამისი მიმალავს მის თავს, თორემ ცივ ნიავს არ მივაკარებდი. სამსახურშიც მკვდარივით დავდივარ, აღარც სანათესაოს გაგონება მინდა და აღარც სამეზობლოსი. სამსახურიდან დაბრუნებული სახლში ვიკეტები, ვრთავ სოციალურ ქსელს და ველოდები, როდის დადებს ქალბატონი ჩემი შვილის ფოტოს, რომ იქ მაინც ვნახო, როგორ იზრდება და ეკრანზე მოვეფერო. რისთვის ვიწვალე, ვიშრომე და ვაგროვე ქონება, რომ ასაკში შესული ასე გავმწარებულიყავი? აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. იმასაც ვფიქრობ, არ უნდა მომეყვანა ასაკით ასე პატარა გოგო, მაგრამ ესეც ბედია, სიყვარულში მოვტყუვდი, არ გამიმართლა. რას წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი ადამიანებიც არსებობენ? გამოვიდა, რომ გაინაღდა ჩემმა ცოლმა ჩემი სახლი, კარი, მანქანა, ფინანსები. იცის, უზრუნველი მომავალი აქვს მასაც და მის შვილსაც. რომ მოვიყვანე, ვიფიქრე, ახალგაზრდაა, არ მინდა რამეზე იდარდოს და ინანოს-მეთქი და ყველაფერი, რაც გამაჩნდა, მის სახელზე გადავაფორმე. ვიცი, ამასაც მალე გაფლანგავს და მეშინია, ქუჩაში არ ავღმოვჩნდე. თუმცა, ამაზე ჯერ არ გამოუთქვამს პრეტენზია და იმედია, ერთ დღეს არ წამომაძახებს, ჩემს ბინაში ცხოვრობო. ახლა კი მინდა, სიცოცხლეშივე დავწერო ანდერძი და შვილს დავუტოვო ჩემი ბიზნესის წილი, ისე რომ დედამისმა არ გაიგოს. იქნებ, რომ გაიზრდება, ასე მაინც მიხვდეს, რომ ყველაფერი მისთვის მინდოდა, მაგრამ დედამისმა მისი გაზრდა არ დამაცადა, გამტაცა და დღეებს მის მონატრებაში ვატარებდი.


ნუგზარი, 55 წლის.

წყარო: თბილისელები