რა შეიძლება ითქვას ურთიერთობაზე, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება

  • თბილისელები
  • 22 ივლისი 12:21

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება, ბევრის თქმა შეიძლება. თუმცა მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

ერთმანეთს ჯერ კიდევ არ იცნობთ, ვნება საღ აზრს თრგუნავს. საკუთარ გრძნობაში ვერ გარკვეულხართ და პრიორიტეტები ჯერაც ჩამოუყალიბებელია...


გაეცანით რამდენიმე ნიშანს, რომელიც დესტრუქციის მაჩვენებელია და მომავალი ახალგაზრდა წყვილისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. იქნებ რაღაცის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.


* ერთმანეთისთვის დრო არ გაქვთ – მთავარია, სამსახურის საქმეებით, დიპლომის წერით ან თავისუფალ დროს მეგობრებთან ყოფნის აუცილებლობით თავი არ გაიმართლოთ. ჯერ პარტნიორის გულის მოგებას უნდა შეეცადოთ და მისი ნდობა დაიმსახუროთ. თუ თავიდანვე ყველაფერი რაღაც ვერ მიდის, გამართლებას ეძებთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდეთ, რეალობა ნათელია – ეს ურთიერთობა არ გჭირდებათ. ან იქნებ, ჯერ მზად არ ხართ და შინაგან შიშებს ებრძვით. დაფიქრდით: ხომ არ სჯობს, აღიაროთ, რომ ის თქვენი ადამიანი არ არის.


მერწმუნეთ, როცა თქვენს ჭეშმარიტ მეორე ნახევარს იპოვით, ვერანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება და ბუნებრივი კატასტროფები ვერ შეგაჩერებთ. აქვს კი ურთიერთობას მომავალი, როცა პარტნიორებს ერთმანეთისთვის არ სცალიათ? – პასუხი ნათელია.


* წერტილის დასმის გეშინიათ – უკვე რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცით, თქვენ შორის რა სახის ურთიერთობაა? იცოდეთ, რომ ერთად ყოფნას დიდხანს ვერ შეძლებთ. ჰკითხეთ, რა გაერთიანებთ – სიყვარული, ჰობი, მარტო დარჩენის შიში, ბავშვური გართობა თუ რაღაც სერიოზული? რამდენად გონივრულია ერთობლივი სამომავლო გეგმის შექმნა? ჩვეულებრივ, ამ ყველაფრის განხილვა პარტნიორთან საუბრებში ხდება. მათ მიჯაჭვულობა და ერთობლივი პერსპექტივები არ აშინებთ. თუ წყვილში ერთ-ერთი ამ თემას თავს არიდებს, პასუხისმგებლობის ნებისმიერ ფორმას გაურბის, სიყვარულს ნაცნობებისგან მალავს – საქმე კარგად არაა. უნდა გაარკვიოთ, ვინ ხართ ერთმანეთისთვის.


* რეალობის დანახვა – სერიოზული ურთიერთობა გულწრფელობას მოითხოვს, აქ პირფერობასა და მსახიობურ თამაშს ადგილი არ აქვს. თუ უკვე რამდენიმე თვეა, ერთმანეთს იცნობთ, მაგრამ ყოველ ნათქვამ სიტყვას აკვირდებით, საათობით ფიქრობთ, რა პასუხი გასცეთ ამა თუ იმ საკითხზე, საყვარელი ადამიანის ქცევის შესახებ მეგობრებს რჩევებს ეკითხებით, თქვენს ურთიერთობაში რაღაც რიგზე არაა. გაეცით კითხვას პასუხი: რატომ გეშინიათ იყოთ ნამდვილი? აჯობებს, გამოხატოთ ემოციები, აჩვენოთ ის, რაც ხართ. თქვენ ან მიგიღებენ, ან არა. მაგრამ გულწრფელობა უმნიშვნელოვანესია.


* მხარდაჭერას ვერ გრძნობთ – თუ პარტნიორი პრობლემებთან მარტო გტოვებთ, გეუბნებათ, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს და მისი იმედი არ უნდა გქონდეთ, საკმაოდ ცუდი ნიშანია. თუ ადამიანი მოგვწონს, ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ მისი ნდობა მოვიპოვოთ, მისი ღიმილი დავინახოთ, მას ცხოვრება გავუმარტივოთ. მორალურ მხარდაჭერაზე უარს არ ვეტყვით, ყოველთვის მოვუსმენთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. საპირისპირო რეაქცია კი იმას ამტკიცებს, რომ მისთვის ძვირფასი არ ხართ.


* საკუთარი საქციელის გრცხვენიათ – ზოგჯერ ემოციური განცდის დროს პარტნიორს ყველაფერს ვუყვებით, ოჯახის, სამსახურის პრობლემებს, შემდეგ კი, ნათქვამის გამო, სირცხვილს განვიცდით. თუ ნამდვილი სახის ჩვენება, რეალური საზრუნავის გაზიარება გიჭირთ, მომავალში რისი იმედი გაქვთ? მიზეზი თქვენშია თუ თქვენს პარტნიორში? უფრო ღრმად გამოიკვლიეთ და სიტუაცია შეცვალეთ, რადგან მოსიყვარულე ადამიანებს ერთმანეთის არ უნდა ერიდებოდეთ.


* ერთმანეთის მიზნებსა და პრიორიტეტებზე არ საუბრობთ – ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ საყვარელი ადამიანის შესახებ თითქმის არაფერი იცით, რა არის ის, რაც თქვენ გაერთიანებთ? რა იქნება მომავალში – იქნებ თქვენ ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ და ის მხოლოდ გართობაზე? ან ცხოვრების მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა გაქვთ: ერთს ყოველთვის ყველაფრის დაგეგმვა ურჩევნია, მეორეს კი – დღევანდელი დღით ცხოვრება. ერთს ოქროს მთები და მოგზაურობა უყვარს, მეორეს კი სიმშვიდე და გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი. ერთმანეთის ღირებულებების არცოდნამ შეიძლება, თქვენ ურთიერთობას წერტილი დაუსვას.


* თქვენ ერთად ხართ, მაგრამ თავს მარტო გრძნობთ – თქვენ ერთმანეთი იპოვეთ და სალაპარაკო არაფერი გაქვთ? ერთმანეთი რომ არ დახოცოთ, ცდილობთ, თავისუფალი დრო რამით შეავსოთ. დროა დაფიქრდეთ, სწორად აირჩიეთ პარტნიორი?

წყარო: თბილისელები