არ მეგონა, ცოლს კიდევ თუ მოვიყვანდი - მალხაზ ქვრივიშვილისა და ხათუნა ფეიქრიშვილის სიყვარულის ისტორია

  • სარკე
  • 22 ივლისი 11:17

რამდენიმე უიღბლო ქორწინების შემდეგ მალხაზს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ოჯახი აღარ შეექმნა, მაგრამ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა სიყვარულზე, დიდი გრძნობა სწორედ მაშინ ეწვია.

ქალი, რომელმაც აზრი შეაცვლევინა, ხათუნა ფეიქრიშვილი გახლავთ.


მსახიობის ამჟამინდელი ცხოვრება შორს არის სცენისგან, ის ბიზნესშია ჩართული, კომპანია "ბი-ბი-ემ" ჯგუფის გენერალური დირექტორია, თუმცა სამსახიობო სფეროში დაბრუნებას გეგმავს და რამდენიმე პროექტზე მუშაობს. თავის მომავალს პედაგოგიურ საქმიანობაშიც ხედავს.


ხათუნა ფეიქრიშვილი საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა. ერთხელ შემთხვევით მოხვდა სერიალში "ელიტარული დახმარება", სადაც პრემიერმინისტრის როლი განასახიერა და სწორედ იქ შეხვდა მალხაზ ქვრივიშვილს.


იმის დასტურად, რომ მათი გრძნობა წლებს გაუძლებს, მალხაზმა 10 წლის შემდეგაც დაგვპატიჟა ინტერვიუზე, დარწმუნებულმა, რომ მის გვერდით ისევ ხათუნა იქნება.


– მალხაზ, როგორც ჩანს, ამ ურთიერთობას დიდხანს მალავდით. საიდან იწყება თქვენი ისტორია?


მალხაზი: ზაფხულში 2 წელი გახდება, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ გრძნობები ალბათ ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. ერთმანეთი გავიცანით სერიალ "ელიტარული დახმარების" გადაღებებზე.


არ მეგონა, ცოლს კიდევ თუ მოვიყვანდი. ცხოვრებაში სულ სხვა მიზნები და გეგმები მქონდა, ბავშვებსა და ჩემს საქმეებზე ვიყავი გადართული.


ხათუნა: ერთი წლის განმავლობაში მეგობრები ვიყავით. რა თქმა უნდა, ორივე ვხვდებოდით, რომ ეს ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო, მაგრამ მალხაზი ინიციატივას არ იჩენდა. ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით, ბევრს ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, გავგიჟდი მის იუმორის გრძნობაზე.


სანამ უშუალოდ გავიცნობდი, მასზე სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა. მეგონა, რომ არასერიოზულად უყურებდა ბევრ რამეს, მათ შორის, სიყვარულის თემას. როცა გავიცანი, მასში სულ სხვა ადამიანი აღმოვაჩინე. გაკვირვებულმა ისიც კი გავიფიქრე, როგორ შეელივნენ ის ქალები, რომლებიც მას ცხოვრებაში ჰყავდა.


– რა თვისებები აღმოაჩინეთ მასში?


ხათუნა: ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულეა. უკონფლიქტოა, დაძაბული სიტუაციები არ უყვარს. ასეთი ადამიანები მხოლოდ ჩემს ფანტაზიაში არსებობდნენ და მეგონა, ცხოვრებაში ვერ შევხვდებოდი.


– მალხაზ, ახალი ურთიერთობის ხომ არ გეშინოდათ? თქვენს ცხოვრებაში იყო ოჯახების შექმნა, გაშორება, სკანდალები.


მალხაზი: კი, ამის გამო ბოლო წლებში ძალიან ჩაკეტილი ვიყავი. ჩემს პროფესიასა და პირად ცხოვრებაში იმედგაცრუებები ერთდროულად იყო. ამხელა პაუზის შემდეგ იმდენად კარგად შემოვიდა ხათო ჩემს სულში, რომ ცხოვრება ყველანაირად უკეთესობისკენ შეცვალა. ვთვლი, რომ ქალი ქმნის მამაკაცს.


თავიდან ამ გრძნობას ვებრძოდი, რადგან მეშინოდა. სულ ვფიქრობდი, შევძლებ კი, მივცე ამ ქალს ის სიყვარული, რომელიც მას ბედნიერს გახდის-მეთქი.


ხათუნა: გამოცდებსაც კი მიწყობდა იმისთვის, რომ ჩემი რეაქციები ენახა. ვხვდებოდი, რომ ეშინოდა ურთიერთობის.


პირველად ვაღიარებ ამას, ზოგადად არ ვარ აქტიური ქალი, ურთიერთობაში ყოველთვის პასიური ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ვიაქტიურე, პირველი მე გამოვუტყდი სიყვარულში.


– ხათუნა, რა გზა გამოიარეთ, სანამ მალხაზს შეხვდებოდით?


ხათუნა: სამწუხაროდ, ორი ოჯახი დამენგრა, ერთი ქალიშვილი და შვილიშვილი მყავს. მეც ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და აღარ ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე.


მალხაზი: ოჯახის დანგრევა ნამდვილი ტრაგედიაა. ყოველთვის კეთილი შურით მშურდა იმ ოჯახების, რომლებიც ბედნიერებას ასხივებენ. მეც ყოველთვის მინდოდა, ბედნიერი და სტაბილური ოჯახი მქონოდა. შეიძლება ბევრს ვატკინე, ბევრი ტკივილიც მივიღე.


ხათუნა: ძალიან მძიმე იყო ჩემთვის პირველი ოჯახის დანგრევა, თანაც ეს 1991 წელს ხდებოდა, როდესაც განათხოვარი ქალის სტატუსი სულ სხვანაირად ჟღერდა. პირველ ქმართან გაშორების შემდეგ პატარა ბავშვი დამრჩა. მეორედ გათხოვებით მას დიდი ტრავმა მივაყენე. როცა შვილი დაბინავებული გყავს, მას თავისი ცხოვრება აქვს, უფრო შეძლებ შენი ცხოვრების აწყობას. ახლა ჩვენს ასაკში სულ სხვანაირია სიყვარული და ურთიერთობა.


– რამდენი წელია თქვენ შორის სხვაობა?


მალხაზი: 10 წელი. ადრე ვამბობდი, რომ ქალი 40 წლამდე ვიცი-მეთქი, მაგრამ ეს ყველაზე დიდი სისულელე ყოფილა, რაც მიფიქრია.


– ხათუნა, მალხაზს მექალთანის იმიჯი ჰქონდა, მის ცხოვრებაში ხშირი იყო რომანები და ოჯახის დანგრევები. ასეთმა წარსულმა არ შეგაშინათ?


ხათუნა: მივხვდი, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანია და ამიტომაც ჩავებღაუჭე. ზუსტად ვიცი – მას არასოდეს უღალატია იმისთვის, ვინც უყვარდა.


მალხაზი: ყველა ჩემს ყოფილ მეუღლეს პატივს ვცემ, პირველ რიგში, ისინი ძალიან კარგი დედები არიან და მათი მეგობარი ვიქნები ყოველთვის.


– აპირებთ ჯვრისწერას, ხელის მოწერას?


ხათუნა: ჩვენი წინა ოჯახებიდან გამომდინარე, ჯვარს ვერ დავიწერთ და ამიტომ ხელის მოწერის ცერემონიალს გავაკეთებთ.

წყარო: სარკე