თამარ მახარობლიძე: ქართული სასამართლოს მართლმსაჯულების ხარისხი უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა!

  • 18 ივლისი 15:02

„კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში სასამართლო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია!“ - ასე აფასებს სამართლის ექსპერტი თამარ მახარობლიძე „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„რ2“-ს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არცერთ მუხლზე დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის, კონვენციის მე-6 მუხლის ნაწილში, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.


საქმეში განხილულ იქნა ბევრი ეპიზოდი სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საბოლოოდ კი დადგინდა, რომ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა.


კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში სასამართლო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია! საქმის სრული გამარჯვებით დასრულებით, ქართული სასამართლოს მართლმსაჯულების ხარისხი უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა! ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილად დიდი აღიარებაა.
„რ2“ კი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამჯერად, სტრასბურგში დამარცხდა.
მხარეს აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას“. - წერს თამარ მახარობლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.


დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.