"კანონიერი ქურდის" მკვლელობა, რომელიც მობილურით გადაიღეს

  • ვერსია
  • 18 ივლისი 15:12

სომხეთში ე.წ. კანონიერი ქურდის ანდრანიკ სოღოიანის მკვლელობის ფაქტსა და ზოგადად "შავ სამყაროში" არსებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გაზეთი ვერსია სტატიას აქვეყნებს.

 


2 ივლისის ღამეს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სომეხი ქურდი, ანდრანიკ სოღოიანი ერევანში ჩაცხრილეს. ის მეგობრებთან ერთად, სასტუმროს ეზოში ნარდს თამაშობდა, როცა ქილერი მიუახლოვდა და სროლა აუტეხა. 


ფიზიკურად ძლიერ სოღოიანს, მოხვედრილმა ორმა ტყვიამ ვერაფერი უქნა და მან ქილერს ხელჩართული ჩხუბი გაუმართა. მისი მეგობრები გაიქცნენ და ეს იყო საბედისწერო შეცდომა. ქილერმა დაჭრილი სოღოიანი მიწაზე მალე დააგდო და მჭიდი დააცალა. 


ამის მიუხედავად, "კანონიერი ქურდი" საავადმყოფოში ცოცხალი მიიყვანეს და იგი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. 


მომხდარის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი გავრცელდა და რამდენიმე ვერსიაც ითქვა, ვის შეიძლებოდა გაემატებინა ქურდი, რომელსაც როგორც რუსეთში, ისე სამშობლოში დიდი გავლენა ჰქონდა. 


ესეც არ იყოს, სომხეთის მთავრობის ახალი მეთაურის, ნიკოლა პაშინიანის მოსვლის შემდეგ, ქურდებზე ნადირობა გამოცხადდა, მაგრამ ანდრანიკმა ახალ ხელისუფლებასთანაც შეძლო საერთო ენის გამონახვა და ერევანში ესკორტით უპრობლემოდ გადაადგილდებოდა. 


გავრცელებული ვერსიებიდან, როგორც სამართალდამცავები, ისე "შავი სამყაროს" წარმომადგენლები, ყველაზე სარწმუნოდ შურისძიებას მიიჩნევენ. ვარაუდობენ, რომ სოღოიანი 2017 წლის დეკემბერში, სტამბოლში მოკლული ქართველი "კანონიერი ქურდის","დათო პანკისელის" მეგობრებმა გაისტუმრეს საიქიოს. 


ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ სოღოიანის მკვლელობა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ინტერნეტში გაავრცელეს. შესაბამისად, სამართალდამცავებს მარტივად შეუძლიათ იმის დადგენა, ვისი მობილური იყო ჩართული მკვლელობის 30-მეტრიან რადიუსში, თუმცა სომხურ პოლიციას დაკავებული არავინ ჰყავს. 


სამაგიეროდ, კრიმინალურ სამყაროში ვარაუდობენ, რომ ყველაფერი ამ ერთი მკვლელობით არ დასრულდება და "პანკისელის" მკვლელობაში ეჭვმიტანილ კიდევ რამდენიმე ქურდს გაისტუმრებენ საიქიოს. 


*** 


სომხეთში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, თითქოს უკანა პლანზე გადაინაცვლა ოლეგ შიშკანოვის დაკავებამ. "შიშკანი" რუსული კრიმინალური სამყაროს უგვირგვინო მეფედ მას შემდეგ აღიარეს, რაც შაქრო კალაშოვი დაიჭირეს. სლავური წარმოშობის "კანონიერი ქურდები", სწორედ მას აღიარებდნენ ნომერ პირველ ქურდად და შიშკანიც არცთუ ურიგო ურთიერთობაში გახლავთ, პრაქტიკულად, ყველა დაჯგუფებასთან და რაც მთავარია, ძალოვნებთან, რომელთა კეთილგანწყობის გარეშე, დიდი საქმეების კეთება წარმოუდგენელია. 


კრიმინალური წარსულისა და შავ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტის მიუხედავად, ბოლო ორი ათეული წელია, შიშკანი, პრაქტიკულად, მსხვილ ბიზნესმენად იქცა. მისი საქმიანობა კანონის ფარგლებში არის მოქცეული და სამართალდამცავებსაც პრეტენზიები არ ჰქონდათ. უფრო მეტიც, როცა კრიმინალებს შორის რაიმე დაპირისპირება მოხდებოდა, სამართალდამცავები, სწორედ მას მიმართავდნენ დახმარების თხოვნითა და სიტუაციის დარეგულირებით. 


მაშ, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმმა ხმაურიანი სპეცოპერაცია ჩაატარა და შიშკანოვი საკუთარ სახლში დააკავა?! 


"საკუთარი ბიზნესის ლეგალიზების შემდეგ, შიშკანოვი მოსკოვის რამენსკოეს ოლქის სათათბიროს დეპუტატს, ტატიანა სიდოროვას დაუახლოვდა. ის და სიდოროვა ბიზნესპარტნიორები გახდნენ და მსხვილი კაპიტალდაბანდებები განახორციელეს. შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიდოროვამ შიშკანოვი 300 მილიონ რუბლში (დაახლოებით, 12 მილიონი ლარი) გადააგდო და მათ შორის ურთიერთობაც გაფუჭდა. ბევრი ვარაუდობდა, რომ გავლენიანი კრიმინალი ამას არ შეირჩენდა და ერთ დღესაც სიდოროვა სამსახურში არ მივიდა. თანამშრომლებმა მას სახლში მიაკითხეს, მაგრამ ვერც მისი, ვერც მისი მეუღლისა და ორი შვილის კვალს ვერ მიაგნეს. სახლში მხოლოდ სისხლის გუბეები იდგა, გვამები კი არსად იყო. პოლიცია უშედეგოდ ეძებდა გვამებს, სიდოროვას ოჯახი თითქოს ცამ ჩაყლაპა _ უბრალოდ, გაქრა. 


რა თქმა უნდა, ეჭვი შიშკანზე მიიტანეს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს, რადგან მას მყარი ალიბი ჰქონდა. ახლა კი პოლიციას მტკიცებულება აქვს იმისა, რომ სიდოროვას ოჯახი, სწორედ შიშკანის დავალებით ამოწყვიტეს და გვამები რამენსკოესთან ახლოს, ტყეშია დაკრძალული", _ წერს რუსული მედია. 


შიშკანოვის დაპატიმრება მოულოდნელი კიდევ ერთი მიზეზით იყო _ მის ვილაზე, პრაქტიკულად, ყოველდღე იკრიბებოდნენ დუმის დეპუტატები, მომღერლები, ცნობილი სპორტსმენები ანუ მას გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა ყველგან და ვარაუდობენ, რომ შიშკანის დაპატიმრება პირადად ვლადიმირ პუტინის ბრძანების გარეშე, გამორიცხული იქნებოდა. 


*** 


გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი კრიმინალური მოვლენა ბაქოში, ნადირ სალიფოვის, იგივე „გულუს“ გამოჩენა იყო. სალიფოვი ბაქოში ბოლოს მაშინ გახლდათ, როცა 23-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე დატოვა და გასაგებად აუხსნეს, რომ თუ აზერბაიჯანის დედაქალაქს არ დატოვებდა, უკან შეაბრუნებდნენ. ამის შემდეგ გულუმ საცხოვრებლად ჯერ თურქეთი აირჩია, შემდეგ _ დუბაი და ორივე ქვეყანაში გამოძალვით ნაშოვნი ფულით, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციები განახორციელა და ორივე ქვეყნის პირველი პირების კეთილგანწყობაც დაიმსახურა. 


შესაბამისად, მას ბაქოში არავინ ელოდა, მაგრამ... 


„აქაური კრიმინალები ამბობენ, რომ „გულუ“ ბაქოში ილხამ ალიევთან შესახვედრად ჩამოვიდა. რაში სჭირდება აზერბაიჯანის პირველ პირს სალიფოვი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ მას, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში მყოფ აზერბაიჯანულ დიასპორაზე უდიდესი გავლენა აქვს. შეიძლება ითქვას, იმაზე მეტი, ვიდრე _ თავად ალიევს, რადგან პრეზიდენტი ბიზნესმენებს აკონტროლებს, „გულუ“ კი ქვედა რგოლს, დაბალ ფენას, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეული ათასია. ამიტომ, ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ამ მასიისთვის გასაჟღერებელი მესიჯებისთვის დაიბარა ალიევმა ყველაზე გავლენიანი ქურდი“, _ გვეუბნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამიერკავკასიაში მიმდინარე კრიმინალურ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები. 


მართალია, რუსული მედია საკუთარ ხელისუფლებას სთხოვს, ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე, რათა მან სალიფოვი რუსეთს გადასცეს და იქაური კანონებით გასამართლდეს, თან „გულუზე“ რუსეთის ფედერაციაში არაერთი საქმეა აღძრული და თუ ხელში ჩაუვარდათ, შეიძლება, 20-წლიანი სასჯელიც კო ცოტა იყოს, თუმცა ძალიან, ძალიან საეჭვოა, კონკრეტული გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, სალიფოვი დუბაიდან სადმე გასულიყო და წასულიყო.

წყარო: ვერსია