თამარ ხულორდავა: დღეს დადგინდა, რომ საქართველოში ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება სამართლიანად განხორციელდა

  • 18 ივლისი 13:58

„გადაწყვეტილება საკმაოდ ცალსახა და მკაფიოა. სხვათა შორის, სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

„ამ სასამართლოს გადაწყვეტილებით დღეს ძალიან ცხადად და ნათლად უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება სამართლიანად და სწორად განხორციელდა. აი, ეს დაადასტურა დღეს ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ.


ჩვენ ვცდილობთ, ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება. ის, რომ ჩვენთვის გამოხატვის, აზრის თავისუფლებაა, რომ შესაძლებლობაა, თავისი აზრი ცენზურის გარეშე დააფიქსიროს, ეს რომ ღირებული და მნიშვნელოვანია, ამ პროცესმაც დაგვანახა. ამ საქმეზე ეს გადაწყვეტილება ქართულ სასამართლოს წლების წინათ აქვს მიღებული. მას შემდეგ ორ წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ ჩვენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდით.


რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ამას ქვეყანაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ხულორდავამ.


ცნობისთვის, დღეს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა და შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებით უქმდება დროებითი აღსრულების მექანიზმი.


„რუსთავი 2“ სტრასბურგში ევროკონვენციის ოთხი მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვდა, კერძოდ: სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება (მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10), უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18), საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი).