"მექალთანე ქმრის რჩენა ყელში ამომივიდა - მეთაკილება, მრცხვენია, მაგრამ..."

  • თბილისელები
  • 17 ივლისი 18:20

ჟურნალი "თბილისელები" რუბრიკაში "მოდი ვილაპარაკოთ" 43 წლის ნინოს ისტორიას ავრცელებს.

"ადრე ეს ჭკუა რომ მქონოდა, ახალგაზრდობაში ისეთი გარეგნობა მქონდა, ჩემს ქმარს ზედაც არ შევხედავდი. ხელისგულზე გაზრდილი გოგო ისე დამაბეჩავა, საკუთარ თავს სარკეში რომ ვუყურებ, ჩემი თავის მრცხვენია.


ქმარ-შვილი რომ ვარჩინო, დღე და ღამე ვმუშაობ, საკუთარი თავის მოვლის დრო კი აღარ მრჩება. ვაჟბატონი კი, ჩემი ფულებით „გულაობს“. მისმა გარეგნობამ დამიბრმავა თვალი და ისე გავყევი ცოლად, არც მიკითხავს, რა ოჯახის შვილი იყო. თანაცხოვრების დროს მივხვდი, რა სალახანაც იყო და მე რომ უნდა მეთრია. უზარმაზარი, ორსართულიანი, საკუთარი სახლი დამიტოვეს მშობლებმა, ქონება, ცხოვრება... მაგრამ, ვერ შეიშნოვა. ჯერ მისი ვალების გამო სახლის გაყიდვა მომიწია და ოროთახიან კორპუსის ბინაში შევსახლდი. მერე, ნელ-ნელა დანარჩენ ქონებასაც მიდგა და გამინიავა.


გაიძახოდა: ბიზნესი უნდა დავიწყო, ფულს ვიშოვი და უფრო მაგრად ვიცხოვრებთო. მაგრამ, უკვე თვრამეტი წელია, ჩემი ქმარია და ოჯახში შემოტანილი მისი კაპიკიც კი ვერ დავინახე. რომ ჰკითხოთ, უიღბლოა, დათარსული და ამიტომ არ გამოსდის საქმე. სინამდვილეში კი, მექალთანეა და ნებისმიერ კაბიანს ისე გამოეკიდება, ისე დაახარჯავს უკანასკნელ კაპიკს, არც კი იკითხავს, მისი ცოლ-შვილი რას ჭამს და სვამს.


ყველა მეუბნება: გაშორდი და დაისვენებ, შენ რასაც შოულობ, გეყოფა და შვილებსაც არ დაანახვებ უვარგისი მამის საქციელსო. რამდენიმეჯერ მართლა ვცადე გაშორება, მაგრამ არ მიდის და ჩემი სახლიდან მე ხომ არ წავალ? ყოველ დილით, ფული თუ არ დავუტოვე, მსაყვედურობს, ჩხუბობს: რა იყო, საქმეში რომ არ მიმართლებს და ფულს ვერ ვშოულობ, ამის გამო სიგარეტი არ მოვწიო და ამ პაპანაქება სიცხეში ლუდი არ დავლიოო? სწორედ, ამ პაპანაქება სიცხეში ვდგავარ და ვვაჭრობ ხელის გულზე, ფუფუნებაში გაზრდილი გოგო. მეთაკილება, მრცხვენია, მაგრამ ჩემმა ქმარმა სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. პირველად რომ დავდექი დახლთან, ერთი სიკვდილი გავათავე, თვალები დაჭყეტილი მქონდა, ნაცნობი არ მომადგეს-მეთქი. ახლა კი, ოღონდ ორი კაპიკი ვიშოვო და ნაცნობ-მეგობრის ნახვა სულაც არ მადარდებს. იმის გამო, რომ მათი მამა უვარგისი და უმაქნისია, შვილებს მშიერს ვერ დავტოვებ. რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ცხოვრება მელოდა? მაგრამ, ჩემი ბრალია. არ დავუფიქრდი და შემიყვარდა თუ არა, მალევე გავყევი ცოლად. მეგონა, ხელისგულზე მაცხოვრებდა, ისეთ სამყაროში, როგორსაც მიხატავდა და მპირდებოდა. არ მაქვს პრეტენზია, კი ბატონო, იჯდეს სახლში, მიხედოს ბავშვებს და მე ვიმუშავებ და ვარჩენ, მაგრამ მის მექალთანეობაზე ვერ ვხუჭავ თვალს. ამას წინათ, ტელეფონზე საუბრობდა, ვიღაც ქალს სიყვარულს უხსნიდა, სამყაროს ჰპირდებოდა... ფაქტზე შევასწარი, ვუსმინე და ბოლოს, რომ დავუყვირე და გავლანძღე, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა, იქით მაგინა. თურმე, უბრალოდ, ფლირტაობს ბიჭი და მე ვერ ვიგებ. მისი ასეთი საქციელების გამო ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. მომავლის იმედი სულ დავკარგე. შვილებისთვის ვშრომობ. ისინი რომ არ მყავდეს, არ ვიცი, თავს რას ავუტეხდი – რამდენ ხანს ავიტანდი ამდენ დამცირებასა და რაც მთავარია, ქმრის ღალატს. შვილებს რომ ვეუბნები, კარგად დაფიქრდით, სანამ ვინმეს შეიყვარებთ-მეთქი, მეუბნებიან: ჩვენ რომ გვაფრთხილებ, თავად რატომ არ დაფიქრდიო. მართალია, მე შევცდი, თავი მოვიტყუე და დღემდე ამ დღეში ვარ, მაგრამ მათ რა დააშავეს? არავის ვუსურვებ ისეთ მეორე ნახევარს, მე რომ შემხვდა. ჩემი ასაკის, გადაპრანჭულ ქალებს რომ ვუყურებ, გვერდით გამოწკეპილი მამაკაცი მიჰყვებათ, მშურს, თვალებს დაბლა ვხრი და გულში ჩემს ბედს ვწყევლი.


ნინო, 43 წლის.

წყარო: თბილისელები