„ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში მთავარი გმირის ერთადერთი ქალი?

  • funtime.ge
  • 15 ივლისი 18:11

„ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ - ახალი წელი ამ ფილმის გარეშე ბევრისთვის წარმოუდგენელია. რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმი 1975 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჟენიასა და ნადიას ისტორიას მნახველი არ მოჰკლებია.

ანდრეი მიაგკოვი კი რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე შეყვარებული და რომანტიკული ადამიანია, როგორი იმიჯიც მან ჟენიას როლით შეიქმნა.


მსახიობი ცოლ-ქმრის ბევრი ოჯახი ვერ დაიტრაბახებს, რომ „ოქროს ქორწილამდე“ მიაღწია, თუმცა, გამონაკლისი ყველგან და ყოველთვის არსებობს.
ანდრეი მიაგკოვისა და ანასტასია ვოზნესენსკაიას ბედნიერი ქორწინება ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება. მიაგკოვს ბევრჯერ უთქვამს, რომ ამ წლების მანძილზე მისი ცხოვრების ერთადერთი ქალი მეუღლე იყო და მის სიტყვებში ტყუილის ნატამალი არ ურევია.


მათი რომანი სტუდენტობის წლებში დაიწყო და ლამაზი ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, რომელიც დღემდე გრძელდება. მსახიობებმა საკუთარი სამყარო შექმნეს, სადაც მოკრძალებულად ცხოვრობენ და ერთმანეთისა და თეატრის გარეშე არსებობა ვერც კი წარმოუდგენიათ.


ანდრეი მიაგკოვმა და ანასტასია ვოზნესენსკაიამ ერთმანეთი მოსკოვის დრამატული თეატრის სტუდიაში სწავლის დროს გაიცნეს.
თუ „ბედის ირონიაში“ მიაგკოვის გმირი მოსკოველია, რომელიც ლენინგრადში ჩადის და ლენინგრადელი ქალი უყვარდება, რეალურ ცხოვრებაში პირიქით მოხდა - ლენინგრადელი მიაგკოვი მოსკოვში ჩავიდა და მოსკოველი გოგონა შეუყვარდა.
ანდრეი კურსზე ყველაზე უფროსი იყო, ანასტასია კი - ყველაზე უმცროსი და თანაც მზეთუნახავი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. თავიდან გოგონა ანდრეის მომაჯადოებელმა სიმღერებმა, შემდეგ მისი სიარულის მანერამ მოხიბლა და ბოლოს მიხვდა, რომ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო.
ისინი ქუჩაშიც, რეპეტიციებზეც და სტუდენტურ სასადილოშიც ერთად დადიოდნენ და თანდათან, ანდრეი გოგონასთვის ყველაზე საჭირო, ერთგულ და საიმედო ადამიანად იქცა, რომელიც ყველა პრობლემისა და გასაჭირისგან იხსნიდა.
წყვილი მეორე კურსზე სწავლის დროს დაქორწინდა და მას შემდეგ, ერთმანეთს არასოდეს დაცილებია.


1965 წელს ერთად მივიდნენ თეატრ „სოვრემენნიკში“ და 1977 წელს ერთად გადავიდნენ მოსკოვის დრამატულ თეატრში, სადაც დღემდე მუშაობენ.


1976 წელს, „ბედის ირონიის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ანდრეი მიაგკოვი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მსახიობი გახდა. მისი გმირი - მორიდებული და მოუხერხებელი ჟენია ლუკაშინი მაყურებლისთვის საოცრად ახლობელი აღმოჩნდა.
ერთი წლის შემდეგ, ფილმ „სამსახურებრივ რომანში“ ანატოლი ნოვოსელცევის როლით მიაგკოვმა დიდებისკენ ტრიუმფალური სვლა განაგრძო.


მსახიობი კინოში უბრალო, ყველასთვის გასაგები და დაბნეული ადამიანების როლს ასრულებდა, თუმცა ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულია და რთული სიტუაციიდან ვირტუოზულად გამოსვლა შეუძლია. მიაგკოვი ოჯახში ყოველთვის უპირობო ლიდერი გახლავთ და ანასტასია მის გვერდით თავს ისევ სიფრიფანა სტუდენტ გოგონად გრძნობს, რომელსაც მზრუნველი და საიმედო დამცველი ჰყავს.


კოლეგებისგან განსხვავებით, მიაგკოვი გასტროლებზეც ცოლთან ერთად დადიოდა.
კოლეგები აღნიშნავენ, რომ მიაგკოვი დღესაც შეყვარებული ბიჭივით ცხოვრობს, ცოლთან ხელჩაკიდებული დასეირნობს და ამ დროს გარშემო ვერავის ამჩნევს.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge