"ხაზარაძე ცდილობს შავლეგო მადლიანად მოგვევლინოს"

  • ახალი თაობა
  • 10 ივლისი 11:09

ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ, გაზეთ "ახალ თაობასთან" საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ ამბიციებსაც გაუსვა ხაზი. 

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- მეორე წელია, გეუბნებით, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური ამბიციები აქვს. ეს მან ამ დღეებში დაადასტურა.


- ახლა რატომ შემოვიდა?


- "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარ ორჯონიკიძის პოლიტიკაში შემოსვლა ვერ აიტანა, თავადაც იგივე გააკეთა და ახლა ცდილობს, შავლეგო მადლიანად მოგვევლინოს.


დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ივანიშვილმა ვერ გაუმართლა მოლოდინი ქართველ ხალხს, კორუმპირებულ  კვირიკაშვილის სულიერი და ფინანსური პარტნიორი ხაზარაძე რატომ გაუმართლებს?


თიბისი ბანკის ერთი-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ პოლიტიკურ მოძრაობას დააფუძებს.


მამუკა ხაზარაძე:


"ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 


20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება.თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.


სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. 


ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი".

წყარო: ახალი თაობა