“გარდაცვლილი ქმრის მეჯვარე სიყვარულს მეფიცება"

  • სარკე
  • 7 ივლისი 15:29

ლელა ქმრის გარდაცვალების შემდეგ საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც შეუქმნა ადამიანმა მისი უახლოესი წრიდან საკუთარი თავშეუკავებლობით.

თუ რა ხდება მოწიფულ, ცხოვრებაგმაოვლილ ადამიანებს შორის, ამაზე ლელა თავად გვიყვება:


– რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ჩემი ქმრის მეჯვარე და შვილის ნათლია, გიო, რამდენიმე წელია უცნაურად იქცევა, ლამის სიყვარულს მეფიცება. სარგებლობს იმით, რომ ქვრივი ვარ და გასაქანს არ მაძლევს. შესაძლებლობას მართმევს, ჩემი ცხოვრება მქონდეს. კვირაში ორჯერ მოდის ჩვენთან პროდუქტებით დახუნძლული.


ერთი მხრივ, მადლიერი ვარ, ასე რომ ირჯება, მაგრამ, მეორე მხრივ, თავს უხერხულად ვგრძნობ. მეზობლები ხედავენ და მეუბნებიან, ბედი გქონია, რა სახელი დატოვა შენმა ქმარმა, რომ ძმაკაცები მის ცოლ-შვილს ასეთ პატივს სცემენ, თავს გევლებიანო. ვინ იცის, გულში რას ფიქრობენ, ალბათ მჭორავენ კიდეც, კუდებს აბამენ. ან სად ხედავენ ჩემი ქმრის ძმაკაცებს – გიოს გარდა არავინ მოდის, არავის ვახსენდები.


რატომ უნდა მითხრან, ბედი გქონიაო?! ასე რომ ყოფილიყო, 34 წლის ასაკში არ დავქვრივდებოდი და აპოლონივით ქმარს არ ჩავდებდი მიწაში. მაშინ ჩვენი შვილი, ნიკა, 2 წლის იყო, ახლა 12 წლისაა. მარტოს მიწევს გაზრდა. ზოგჯერ ძალიან მაბრაზებს, არ მემორჩილება. იმასაც მეუბნება, ქალი ხარ და ამ ცხოვრების რა გაგეგებაო. ახლა სჭირდება კაცის ხელი. ძმა არ მყავს, რომ ყურადღება მიაქციოს.


– ნათლია ნათლულის გაზრდაშიც მონაწილეობს?


– ჩემს შვილს სიგიჟემდე უყვარს. იმ მამაშვილურ სიყვარულსაც გრძნობს, რაც მამასთან არ დასცალდა. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მგონია, რომ გიო ნიკას შეგნებულად დაუახლოვდა, ჩემთან მოსასვლელი რომ ჰქონდეს. სხვა ნათლულებიც ჰყავს, მაგრამ მათთვის ვერ იცლის.


– იქნებ ამით გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას სცემს პატივს.


– თავიდან ასე მეგონა, სიკეთედ ვუთვლიდი. ვწუხვარ, რომ გულუბრყვილოდ ვფიქრობდი. მერე მომეჩვია. ზოგჯერ შეიძლება შუაღამით დამადგეს თავზე. მოგვიკითხავს და პირს თუ არ ვუჩვენებ, მიდის. მგონი, მამოწმებს, მარტო ვარ თუ არა. ყოფილა შემთხვევა, ბავშვი გამიღვიძებია, გიოსთან მარტო რომ არ ვყოფილიყავი პირისპირ. ზოგჯერ ისეთი ლტოლვა მოდის მისგან…


– სიყვარულს ღიად გიხსნით?


– ასეა, იწყებს ლაპარაკს, თუ როგორ ვუყვარვარ, რომ მისი ცხოვრების აზრი ვარ. თუ მკაცრად შევხედე, მეგობრულ ახსნას უძებნის, მეგობრობაზე გადააქვს აქცენტი. ვცდილობ, ყურადღება არ გავუმახვილო, რომ არ გაუმწვავდეს გრძნობა.


ერთხელ ზედმეტად ახლოს მოვიდა, შემეხო – ვითომ ძალაუნებურად, ფეხი “დაუცდა”. უარყოფითად რომ შევხვდი, მითხრა, არ მინდოდა, შემთხვევით მოხდაო.


– იქნებ ჯობია, დაელაპარაკოთ ამ თემაზე, რომ თქვენც მოგეხსნათ დაძაბულობა და მანაც განსაზღვროს, როგორ უნდა მოიქცეს თქვენთან.


– ვეუბნები, რომ ქმრის მეგობრად და ნათესავად ვთვლი. ღიად რომ დაველაპარაკო, მეშინია, არ გათამამდეს. იცით, როგორი ტიპია? მისთვის სიტყვა “არა” არ არსებობს, ჯიქურად მოიწევს. თუ რამეზე ვეტყვი უარს, ვთქვათ, რამის მოტანა სურს და ვეუბნები, მაქვს და ნუ მოიტან-მეთქი, მაინც მოაქვს, თანაც ორმაგად.


– უცოლოა?


– მეჯვარედ რომ წამოგვყვა, უცოლო იყო. ქმარი შემიჩნდა, შენი მეგობარი ანი გავურიგოთო. ვაწყობდით შეხვედრებს ოჯახში, პიკნიკებსაც. ორივე მოდიოდა, მაგრამ ვერც ერთს გავუგეთ, უნდოდათ თუ არა ერთმანეთი. ანის რომ ვკითხავდი, მხრებს იჩეჩდა, გიო არაფერს მეუბნება და მე ხომ არ ვიაქტიურებო. არადა, რომ არ სდომოდა, ხომ არ ივლიდა? ერთი სიტყვით, ვერ დავაწყვილეთ და შევეშვით.


მერე გიომ ცოლი მოიყვანა, ანი არ გათხოვილა. სამი წელი იცხოვრა ცოლთან, ნორმალურად არც კი გაგვაცნო. იშვიათად გვსტუმრობდა, თანაც მარტო. ერთხელ სადილი მოვამზადეთ საგანგებოდ მათთვის, მაგრამ არ მოვიდნენ. მერე გაიყარნენ, მიზეზი არ ვიცი. გიო ცოლზე საუბარს თავს არიდებდა, არც ჩვენ ვეკითხებოდით. როგორც ამბობდნენ, ეჭვიანი ქალი იყო.


ხომ არიან ქალები, რომელთაც უნდათ, მარტო მათ ეკუთვნოდეთ ქმარი და მის მეგობრებს ვერ იტანენ. მერე შევიტყვე, რომ სხვა მეგობრებთან პრობლემა არ ჰქონდა, მარტო ჩვენ გვედო ტაბუ. ისიც ვიფიქრე, იმ ქალმა ანის გამო ხომ არ ამოგვიჩემა, ალბათ გაიგო, გიოს რომ ვურიგებდით-მეთქი. ცოლს რომ გაეყარა, გიომ კვლავ მოუხშირა ჩვენთან სტუმრობას.


– ქმარი რით დაგეღუპათ?


– ანევრიზმა დაემართა, სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ. ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა. ერთხანს ანი ცხოვრობდა ჩემთან და სტრესიდან გამოსვლაში მეხმარებოდა. დრო რომ გავიდა, ისევ გამიახლდა სურვილი, გიოსთან დამეახლოვებინა.


– თავიდან არაფერი გამოვიდა და ისევ რატომღა მოგაფიქრდათ მათი დაწყვილება, საბაბი მოგცათ რომელიმემ?


– გიომ სიარული დაიწყო ჩვენთან, თან იმ დროს ამთხვევდა, როცა ანი იყო. დარეკავდა, ამბებს იკითხავდა და მოვიდოდა.


მერე მივხვდი, რომ ჩემი ინტერესი ჰქონდა. ამ გზით მომეჩვია. არადა მაშინ ანისაც ეგონა, რომ გიო მის გამო მოდიოდა და იმედი მიეცა. ქალისთვის კი, ხომ იცით, იმედი რაც არის? მის ფიქრში მამაკაცთან დაკავშირებული გეგმები, ოცნებები გაჩნდა. როცა მიხვდა, რომ ფუჭი იყო, გული გაუტყდა და ჩემგანაც წავიდა. თანდათან ჩამომშორდა. თუ არ დავურეკე და მოვიკითხე, არც მეხმიანება.


– იქნებ გიოს ნამდვილად უყვარხართ და ეს არ არის მხოლოდ ლტოლვა? ათი წლის განმავლობაში თავს გევლებათ.


– კი, მაგრამ ხომ უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ შორის არაფერი მოხდება?! ბევრი წინაღობაა: ჩემი გარდაცვლილი ქმრის მეგობარია, ჩემს დაქალს ჩაუვარდა გულში, ეს ჩემთვის უკვე ბარიერებია. და რაც ყველაზე მთავარია, ნათელმირონობა გვაკავშირებს, ამიტომ ჩვენი ურთიერთობა უფლისგან კურთხეული არასოდეს იქნება.


– ნათელმირონობა რომ არ იყოს, გაგიჩნდებოდათ მის მიმართ სიმპათია?


– იმდენ სითბოსა და ყურადღებას იჩენს, ძნელია რამე ვთქვა. ქალისთვის, ხომ იცით, რას ნიშნავს სითბო და მზრუნველობა? თანაც სიმპათიურია, კაცურად მიმზიდველი.


– გეშინიათ, მის მიმართ გრძნობა არ გაგიჩნდეთ?


– ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ვერ მოვიწონებ კაცს, რომელიც ბუნებით მესაკუთრეა, თავს გახვევს თავის სურვილებს, გნებავთ, პრინციპებს და ზედმეტებს აკეთებს. სულ დაცვასავით მიდგას, არავის მაკარებს.

წყარო: სარკე