"კაცი, რომელსაც უყვარხარ და შვილი, ყველაზე მთავარია ამ ცხოვრებაში" - ნინი ბადურაშვილი

  • სარკე
  • 7 ივლისი 15:06

მომღერალი ნინი ბადურაშვილი "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ქალის ბედნიერების გასაღები ოჯახია. 

ქალის სილამაზე, თქვენი აზრით, რა არის – გარეგნობა, ხასიათი, იდუმალი ხიბლი თუ კიდევ სხვა რაღაც?


– ყველაზე მნიშვნელოვანია, შინაგანად იყოს ლამაზი, კარგ ხასიათზე და ასხივებდეს ბედნიერებას. ღიმილშიც, როცა გაიღიმებს, ბედნიერება უნდა იღვრებოდეს. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარია შიგნიდან წამოსული განწყობა და შემდეგ უკვე ვიზუალი, გარეგნული მხარე.


– როგორ ფიქრობთ, რა არის ქალის ბედნიერების გასაღები?


– ქალის ბედნიერების გასაღები არის ოჯახი – მე ასე მგონია. მართალია, ვამბობთ, ქალები წარმატებული ვართ კარიერაში, ბედნიერები ვართო, მაგრამ მეორე ნახევარი როდესაც გყავს გვერდით, კაცი, რომელსაც უყვარხარ და შვილი, რომელიც ყველაზე მთავარია ამ ცხოვრებაში, ეს არის ბედნიერება.


– ეკრანმიღმა როგორი ხართ?


– მაინც სულ დაკავებული.


– შინაგანად?


– მაქვს ხოლმე მელანქოლიური მომენტები, მაგრამ ამ ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვცდილობ, უფრო მეტად მოვმართო ჩემი თავი, არ მოვეშვა, არ დავიღალო. ხშირად ვიღლები და ხანდახან მიფიქრია, რომ არა, აღარ მინდა, მეზარება, მაგრამ იმდენად დიდი სამეგობრო წრე მყავს, ჩემს ოჯახში იმდენად ბევრნი ვართ, ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს და მაბედნიერებს.


შინაგანად ეკრანმიღმა ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ნებისმიერი ადამიანი – პრობლემებით, განცდებით, წყენით, სიყვარულით და ა. შ.


– ქალის გარეგნობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?


– მე არ ვთვლი, რომ იდეალურია, როცა ქალი მაინცდამაინც ჰგავს მონიკა ბელუჩის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი. სამწუხაროდ, ბოლო დროს მოდაში შემოვიდა, რომ ტუჩი უნდა გქონდეს დაბერილი, ცხვირი – პატარა, თვალის კიდეები – აწეული და ამ მოდამ ძალიან ბევრი ქალი დაამსგავსა ერთმანეთს.


მომწონს, როდესაც ქალი არის ინდივიდუალური თავისი გარეგნობით. რა თქმა უნდა, თუ გაქვს ძალიან ცუდი ცხვირ-ტუჩი, პატარ-პატარა კორექცია გამართლებულია, მაგრამ მთავარია ზომიერება.

წყარო: სარკე