როგორ ცდილობდა „ცივი ომის“ შეწყვეტას ლავრენტი ბერია და რას მიიჩევდა ის სტალინის შეცდომად?

  • თბილისელები
  • 6 ივლისი 15:05

მკვლევარ-ისტორიკოსები. პროფესორი ნაუმ ბარნავსკი წერს:

„როგორც ზოგიერთი ყოფილი საიდუმლო არქივის დოკუმენტებიდან და ჯერ კიდევ ტაბუირებელი მემუარების ჩანაწერებიდან ირკვევა, ლავრენტი პავლეს ძე ბერია, თურმე, არა მარტო უზადო ორგანიზატორ-შემსრულებელი და გრანდიოზული პროექტების განმახორციელებელი ყოფილა, არამედ შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რომელიც საუცხოოდ ერკვეოდა გლობალურ პოლიტიკაში. რომ არა მარშალ ბერიას ვერაგული მკვლელობა, ის, ალბათ, პირველ რიგში, „ცივი ომის“ ყველა პრობლემას მოაგვარებდა, შემდეგ კი შეძლებდა, ეგრეთ წოდებული, „ნიუპოლიტიკის“ (ახალი პოლიტიკის) დამკვიდრებას მსოფლიოში, რომლის „იდეური მამაც“ თავად გახლდათ. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია უდიდეს პატივს სცემდა სტალინს და ბელადის ღვაწლი ქვეყნის მშენებლობაში განუზომლად მიაჩნდა, იყო სფერო, რომელშიც მას სტალინისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდა. განსხვავებული აზრი მათ გლობალური პოლიტიკის ზოგიერთ ასპექტში ჰქონდათ და ბერია სტალინის გარდაცვალებისთანავე შეუდგა მასზე მუშაობას“.
უკვე საყოველთაოდაა ცნობილი და საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ლავრენტი ბერია „ცივ ომს“ სტალინის შეცდომად მიიჩნევდა. ის ყოველ ღონეს ხმარობდა „ცივი ომის“ შესაწყვეტად, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მართალია, მსგავსი კონფრონტაცია, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებსა და სხვა კაპიტალისტურ სახელმწიფოებსაც დააზარალებდა, მაგრამ საბჭოეთს ხერხემალში გადატეხდა და ეს მართლაც ასე მოხდა... ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი კონსტანტინე სიმონოვი თავის გამოუქვეყნებელ, ტაბუირებულ ჩანაწერებში წერდა: „ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ 25 წლის წინ გრძნობდა, რომ ასეთ კრიზისში ჩავვარდებოდით. ცდილობდა ამ კრიზისის ქვეყნისთვის აცილებას, მაგრამ არ დასცალდა...“ ეს ჩანაწერი კონსტანტინე სიმონოვმა 1979 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. ბერია ამ დროს უკვე 25 წლის მოკლული იყო. 1979 წელს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე, მაგრამ უკვე ეტყობოდა ეკონომიკურ-პოლიტიკური რყევები და სწორედ ამაზე მიანიშნებდა სიმონოვი. 1953 წელს, როგორც კი სტალინი დაკრძალეს, ბერიამ ნიადაგი მოსინჯა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში და ამ ქვეყნების მეთაურებთან საკუთარი მოსაზრებების გადასაცემად თავისი ერთგული ემისრები გაგზავნა. როგორც ტრუმენი, ასევე ჩერჩილიც თანახმა იყვნენ, მნიშვნელოვან კომპრომისზე წასულიყვნენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი საბჭოეთი უარს იტყოდა რევოლუციის ექსპორტსა და აგრესიულ-დიქტატორული რეჟიმების მხარდაჭერაზე. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა საბჭოთა დიპლომატი ვადიმ ელისეევი, რომელიც 1953 წელს ბერიას საიდუმლო დავალებით უინსტონ ჩერჩილს შეხვდა და ესაუბრა. მოგვიანებით მან მემუარები გამოსცა, სადაც წერია: „ჩერჩილს სამი საათის განმავლობაში ვესაუბრებოდი. ჩვენ განვიხილავდით „ცივი ომის“ დასრულებისა და კვლავ მოკავშირეობის პერსპექტივებს. ბერია ჩერჩილს სთავაზობდა ევროპის დემილიტარიზაციასა და ზოგიერთ რაიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბებას, მათ შორის, საქართველოს შავი ზღვისპირეთში, მთელ „ქართულ სანაპიროზე“, რაც ეკონომიკურ აყვავებას მოუტანდა ბერიას მამულს, პატარა საქართველოს, რომელსაც მე საკუთარ მეორე სამშობლოდ ვთვლიდი, რადგან არაერთი წელი ვიმუშავე იქ. პრინციპში, ლავრენტრი ბერიას წინადადებები ბრიტანელი პრემიერისთვის მისაღები აღმოჩნდა და მხოლოდ ერთი მოთხოვნა გამატანა მასთან. ჩერჩილი სთავაზობდა, რომ ამერიკელებთან და ფრანგებთან შეთანხმებით, მთელი გერმანიის ტერიტორიაზე განეხორციელებინათ ოკუპაციური რეჟიმის კონტროლი და გაყოფილი ერისთვის შეზღუდულად, ლიმიტირებულად მიეცათ უფლება, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ, რაც მომავალში, ასევე, ლიმიტირებული ინტეგრაციის წინაპირობა იქნებოდა. ბერიას საპასუხო წინადადებამ კი შოკში ჩააგდო ჩერჩილი. ლავრენტი პავლეს ძემ ბრიტანელ პრემიერს გერმანიის გაერთიანება და იქ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება შესთავაზა.
– რას ითხოვს ბატონი ლავრენტი ბერია ამ მსხვერპლის სანაცვლოდ? – მკითხა ჩერჩილმა, როცა შოკმა გაუარა. მე ღიმილით მივუგე:
– ლავრენტი ბერიას სურვილია, რომ „ცივი ომის“ შეწყვეტასთან ერთად საბჭოთა კავშირს გაეწიოს მნიშვნელოვანი დახმარება ქვეყნის აღდგენაში და როგორც ევროპულ, ასევე ტრანსატლანტიკურ ზონაში (ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა) საბჭოეთთან სრულფასოვანი, ყოველმხრივი, სავაჭრო ურთიერთობები განხორციელდეს.

წყარო: თბილისელები