"დედამ ჩვენ და მამა მიგვატოვა, ვერაფერმა მაიძულა მეპატიებინა"

  • სარკე
  • 5 ივლისი 12:29

დედამ ჩვენ და მამა მიგვატოვა და სხვა კაცზე გათხოვდა.

მაშინ ლაშა 13 წლის იყო, მე – 3-ის. მამამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი, ლაშამ – კიდევ უფრო მძიმედ და დედას არ აპატია ღალატი: მას მერე არც ტელეფონზე დალაპარაკებია, არც შეხვედრია და ჩემი ნახვის უფლებასაც არ აძლევდა.


სამი წლის შემდეგ მამა გარდაგვეცვალა და დავრჩით მარტო. არც ბებიები გვყავდა, არც დეიდა-მამიდები (დედაც და მამაც დედისერთები იყვნენ). შორეული ნათესავები კი, რომლებიც ჭილყვავებივით შემოგვესივნენ დაობლების შემდეგ, ლაშამ უცერემონიოდ გაყარა სახლიდან, რადგან მიხვდა, რომ თითოეულის ერთადერთი მიზანი ჩვენი ბინისა და ქონების დაპატრონება იყო. ნათესავები კი არა, მამას გასვენებაში მოსული დედა გააგდო, თან ისეთი ფორმით, დედაჩემს თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, თავი უნდა მოეკლა.


მაშინ ბევრმა გაამტყუნა ჩემი ძმა – მაინც დედაა და ასე არ უნდა მოჰქცეოდა; შეცდომა ყველას მოსდის და შვილმა მშობელს უნდა აპატიოს, ამ შეცდომის გამოსწორების შანსი უნდა მისცესო. მაშინ მეც ვამტყუნებდი (გულში) ლაშას, რადგან სულ რაღაც 6 წლის ვიყავი და ძალიან მინდოდა, მეც მყოლოდა დედა, რომელიც იზრუნებდა ჩემზე, მომეფერებოდა. ამ ყველაფერს ხომ საშინლად ვიყავი დანატრებული. მაგრამ, ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები: ლაშას ტოლი რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ ვაპატიებდი, რადგან სახლიდან წასვლის შემდეგ დედას ერთხელაც არ ვყავდით ნანახი და, სამძიმარზე რომ მოვიდა (მე სურათიდან ვიცანი), ჩვენ წინ იდგა, ერთი კი შემოგვხედა და მერე იქვე მდგომ ქალს ჰკითხა, ბავშვები სად არიანო, ანუ ვერც ერთი ვერ გვიცნო. თან, ისე უმოწყალოდ იყო გამოპრანჭული, თითქოს იქიდან ოპერაში აპირებდა წასვლას: ასხმული ბრილიანტები, მოწითალო პომადა, დამაკიაჟებული სახე, იისფერი შარვალი და პიჯაკი, ამოჭრილი დეკოლტე…


მისი ეს შეკითხვა ჩემმა ძმამ რომ გაიგონა, ხმამაღლა უთხრა: საერთოდ, ვინ ხარ, ან აქ რას მოდიოდი; შენ დიდი ხანია, შვილები აღარ გყავს და მაგ ბრილიანტებისა და შენი დეკოლტეს გამომზეურება თუ გინდოდა, ღამის კლუბში უნდა წასულიყავი, იქ უფრო შინაური იქნებოდიო.


დედაჩემი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ მდგარი მოზარდი მისი შვილი იყო, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ლაშა გულში ჩაეკრა და მოენანიებინა ცოდვა, შე გველის წიწილოო, უთხრა და ისეთი გაულაწუნა სახეში, ტკაცანი, ალბათ გარეთ გაიგონეს. ხალხი შეცბა და ისეთი უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა, არავინ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მე, პატარა ბავშვი, გაფართოებული თვალებით შევცქეროდი ერთმანეთს მიშტერებულ დედა-შვილს.


ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ, არ დამავიწყდება ლაშას თვალები: ტკივილით, სევდით, შეურაცხყოფით, გაწბილებით, იმედგაცრუებით აღსავსე. მე დღესაც შემიძლია, ხატზე დავიფიცო, რომ ის ქალი, რომელსაც ოდესღაც ჩვენი დედა ერქვა, გონზე რომ მოსულიყო და, თუნდაც ამ გალაწუნების შემდეგ, ლაშა გულში ჩაეკრა და პატიება ეთხოვა, ჩემი ძმა ყველაფერს მიუტევებდა – ეს მაშინ ამოვიკითხე მის თვალებში. მაგრამ, ამის ნაცვლად, დედამ კიდევ ერთხელ თქვა, ერთი შეხედეთ, ეს გველის წიწილი რა უტეხად მიყურებსო და ხელი ასწია, რომ კიდევ ერთხელ გაერტყა ჩემი ძმისთვის, მაგრამ, მე მოვასწარი, ჩავაფრინდი იმ ხელში და ისეთი ძალით ვუკბინე, მისმა სისხლმა ტუჩები დამისველა. მერე გონება დავკარგე. როგორ დაასაფლავეს მამა, არ მახსოვს.


რამდენიმე დღის შემდეგ გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ერთი ნათესავი მეორეს ჩემზე: თან დედამისს კბენდა და თან მგელივით ყმუოდა. მეგონა, საწყალი ბავშვი ჭკუიდან გადავიდაო. ახლა რომ ვიხსენებ იმ დღეს, თვითონაც ვერ ვხვდები, ასე რატომ მოვიქეცი. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი საიმისოდ, დედას ფიზიკურად მოვრეოდი და იქიდან გამეგდო. ჩემი ძმის დაჩაგვრას კი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, ვერავის ვაპატიებდი.


მამას გარდაცვალებიდან 15 წელი ისე გავიდა, დედაჩემი საერთოდ არ შეგვხმიანებია. თუ მანამდე ჩუმად მაინც ვოცნებობდი ხოლმე მის ნახვაზე, იმ დღის შემდეგ სიტყვა „დედაც“ კი შემძულდა. ყველა ქალს ეჭვის თვალით ვუყურებდი. ჩემს მეგობრებთან რომ მივდიოდი, მათი დედებიც ორპირები და მოღალატეები მეგონა. თუმცა, რომ წამოვიზარდე, ამ განწყობამ გამიარა და გულში გადაწყვეტილი მქონდა, თუ ოდესმე გავთხოვდებოდი და შვილები მეყოლებოდა, დედამიწაზე საუკეთესო დედა უნდა ვყოფილიყავი.


ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ძმა გზიდან არ გადაცდა, კარგი, წესიერი, საქმიანი კაცი დადგა და ძალიან კარგი გოგო მოიყვანა ცოლად. შვილები რომ ეყოლათ, თან ვყვებოდი, მინდოდა, ძმის ამაგი ამით გადამეხადა. მე და ჩემი რძალი ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთთან და ლაშას ეს ძალიან უხაროდა. როგორც იქნა, ჩვენს ოჯახშიც დაისადგურა სიმშვიდემ და ბედნიერებამ.


ლაშას დაოჯახებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეც გავთხოვდი. ქორწილი, რა თქმა უნდა, ჩემმა ძმამ გადამიხადა. მე ქმართან გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ თითქმის ყოველდღე დავდიოდი ლაშასთან ან ისინი მოდიოდნენ ჩვენთან. ჩემი ქმარი და გიოც კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და ვცხოვრობდით ასე, ერთ დიდ ოჯახად. მაგრამ, პირველი შვილი რომ გავაჩინე, რაღაც გართულებები დამეწყო და საავადმყოფოში მთელი თვე ვიწექი უმძიმეს მდგომარეობაში.


ძალიან ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული და ჩემი ჯგუფის სისხლის შოვნა გაუჭირდათ. უკეთ რომ გავხდი, მაშინ მითხრა ექთანმა, ვიღაც უცხო ქალმა გადაგისხა სისხლიო. ვინ ქალმა-მეთქი, – გამიკვირდა. სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ, რაც ამ პალატაში შემოგიყვანეს, იმ დღიდან არ მოგშორებია, იჯდა გარეთ და ტიროდა. როცა გაიგო, სისხლი დაგვჭირდა, მაშინვე გაიქცა ექიმთან და დონორობის სურვილი გამოთქვა.


კიდევ კარგი, რომ თქვენი სისხლი ერთმანეთს დაემთხვა, თორემ, ნახევარი საათიც რომ დაგვეგვიანა გადასხმა, ვეღარ გიშველიდითო. პრინციპში, მაშინვე მივხვდი, ვინც იყო ის ქალი, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, გული არ ამჩუყებია. ის კი არა, ვიფიქრე, ამით უნდა, რომ თავი „შემოგვატყუოს“ და ასე დაიბრუნოს შვილები-მეთქი. წლების განმავლობაში ისეთი გაქვავებული მქონდა გული, დედობის ბედნიერებამაც კი ვერ მაიძულა, დედაჩემისთვის მეპატიებინა. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, არც მომიძებნია.


დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ კი ვიღაცამ შემატყობინა, დედაშენი გარდაიცვალა და შაბათს დაკრძალვააო. ჩემი ცუდქალობა უნდა ვაღიარო – წასვლას არ ვაპირებდი, მით უმეტეს, რომ ლაშა საქართველოში არ იმყოფებოდა და მის გარეშე ამის გაკეთება ძმის ღალატად მიმაჩნდა, მაგრამ ჩემმა ქმარმა კატეგორიულად მითხრა, ასე თუ მოიქცევი, დედაშენზე უარეს საქციელს ჩაიდენ (მან ყველაფერი იცოდა ჩემგან) და არც ღმერთი გაპატიებს და არც შენი შვილები მოგიწონებენო.


ძალიან მიმძიმდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ, მაინც დავუჯერე ქმარს და ორივე წავედით.


იქ რაც განვიცადე და გადავიტანე, ამის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ, ის, რაც ვიღაც მოხუცი ქალისგან გავიგე, ისეთი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, აღარც კი ვიცოდი, გამხარებოდა თუ გავბრაზებულიყავი: თურმე, დედაჩემი თითქმის მთელი წელი იწვა საავადმყოფოში მძიმე სენით (თან, პატრონიც არავინ ჰყოლია) და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფრის ფულს ჩემი ქმარი იხდიდა ჩემგან მალულად. რომ ვკითხე, საიდან გაიგე, რომ ავად იყო, შენ ხომ მას არც კი იცნობდი-მეთქი, მითხრა, ვიღაც ქალმა დედაშენის მოწერილი წერილი მოიტანა, რომელშიც დახმარებას გთხოვდა. შენ სახლში არ იყავი და შენ მაგივრად ყველაფერი მე გავაკეთე. თქმით კი იმიტომ არ გითხარი, რომ არ გენერვიულა და, თანაც, არ მინდოდა, თუნდაც ცუდი დედის უკანასკნელ თხოვნაზე უარი გეთქვაო.


გამოგიტყდებით და, პირველად მაშინ დავიტირე დედა. ჩემი ქმარი კი უფრო მეტად შემიყვარდა.


ჩემი ძმა რომ ჩამოვიდა, ყველაფერი ვუამბეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც განიცადა დედის სიკვდილი. დედაჩვენის წლისთავი ჩვენ გადავიხადეთ, შვილებმა და, მაშინ პირველად გამოტყდა და (ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ნასვამი იყო), ვერ ვპატიობდი, მაგრამ დედა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და მენატრებოდაო.

წყარო: სარკე