სად ისვენებდა ეკო ფანგანი დასტინ ჰოფმანთან ერთად

  • თბილისელები
  • 4 ივლისი 15:16

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი "თბილისელებთან" საუბარში ამბობს, რომ ბოლოს დასასვენებლად თურქეთში იყო. 

გამომწრებთან და ტურისტულ კომპანიასთან ერთად ვიყავი წასული და ის ადგილი გავაპიარეთ. თუმცა, უფრო ვისვენებდით. ასე გადაბმულად, ცხრა დღე, დიდი ხანია, დასასვენებლად არსად წავსულვარ. ხანგრძლივი დასვენება გამომივიდა და თან მაისში, ჯერ შეჩვეული რომ არ ხარ სიცხეს, მზეს და რასაც ჰქვია, გამოვცხვი. ძალიან პასიურად დავისვენე, საღამოს ადრე ვიძინებდი, იმიტომ რომ გასართობად არ მივდიოდით. დილას ადრე ვიღვიძებდით და მთელი დღე ზღვის სანაპიროზე ვნებივრობდით. ძალიან ბევრი არ ვიყავით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ის ხალხი შევიკრიბეთ, ვინც ასე თუ ისე ვმეგობრობდით. ვიყავით თურქეთის ორ სანაპიროზე. საკურორტო ქალაქებია – ბელეკი და ბოდრუმი.


სხვათა შორის, ვყოყმანობდი, წასვლა არ მინდოდა. ყველა მეუბნებოდა, საუკეთესო კურორტებზე მივდივართ და რატომ არ გინდაო. არ ვიცი, არ მინდოდა, არ იყო ჩემი დაგეგმილი, არ მქონდა წინასწარ განსაზღვრული. ადრე როცა პატარა ვიყავი, უფრო სპონტანურად ვმოქმედებდი. ახლა სად მაქვს მაგის დრო წინასწარ რომ არ განვსაზღვრო – სამი სამსახური მაქვს. გადავანაწილე სამსახურები, გავიქეცი რადიოში, წინასწარ ჩავწერე. პირველად გავაცდინე „იმედის დღე“, მაგრამ მაინც გადავიღე სიუჟეტი და ჩამოვიტანე. ბოდრუმის სანაპიროზე ადრეც ვიყავი. იქ ყველა ქვეყნიდან ჩამოდის ხალხი, მაშინ დასტინ ჰოფმანი ისვენებდა და თავის პატარა გემით თევზაობდა.



– ბევრი ტანსაცმელი მიგაქვს, როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ?
– უამრავი. ჩვენთან ერთად ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი იყო წამოსული, რომელსაც ჩემოდნით კომპანიის სახელობითი მაისურები ჰქონდა წამოღებული. ისინი რომ ამოალაგა, ჩემოდანი ვთხოვე და მკითხა – იშოპინგეო? ისეთი გატენილი მქონდა ეს ჩემოდანი, ვიფიქრე ფეხსაცმელებს სხვაში გადავაწყობ-მეთქი. რად მინდოდა მაკიაჟის ფუნჯები? ერთხელ არ გამიკეთებია მაკიაჟი. სადმე რომ მივდივარ, დღეში ორჯერ სხვადახვა სამოსს ვიცვამ. თურქეთში არაფერი ჩამიცვამს, სულ საცურაო კოსტიუმით ჩავდიოდით. საღამოს ისე გამოდიოდა, რომ იქვე ვვახშმობდით და საერთოდ არაფერს ვიცვამდით.
– დაბადების დღე გქონდა, რა მიიღე განსაკუთრებულ საჩუქრად?
– ჩამოსვლის შემდეგ, მეორე ოთხშაბათს ჩემი დაბადების დღე იყო. თან, სიცხე მქონდა, გადასხმები დამჭირდა, თან, სპონტანურად გავაკეთე და ბევრი მეგობარი გამომრჩა. „ამბასადორში“ გადავიხადე, ძალიან კარგი საჩუქრები მივიღე. მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც სკოლიდან მყავს, დაახლოებით, 15 წლის წინ ერთმანეთს ზღარბებს ვეძახდით, მოფერებით – ზღარბუ. დღემდე ერთმანეთთან მიმართვის ასეთი ფორმა გვაქვს. ზღარბების ბევრი ფოტო მაქვს. ნათლიაჩემმა მაჩუქა კარგი მხატვრის ნახატი – მულტფილმური სტილის დიდი ზღარბია და ახალ სახლს ძალიან მოუხდა.



– მოგზაურობის დროს როგორ ადგილებში გიყვარს ვიზიტი?
– მიყვარს მთავარ სანახაობას რომ ნახავ, ექსპონატებს რომ დაათვალიერებ. ყველა დიდ ქალაქშია ისეთი რესტორნები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, თუნდაც ყავაზე შეხვიდე. ყოველ საღამოს თავს ვინებირვებდით ამით. ტვინის მაქსიმალური რელაქსი გვქონდა, თორემ იქ სულ ფეხით დავდიოდით და რომ ჩამოვედით, თავს ისევ დაღლილად ვგრძნობდი. დილიდან რომ ვიწყებდით სიარულს, დღეში 15 კილომეტრს მაინც გავდიოდით. მერე, საღამოს რომ ჩავიცვამდით ქუსლიანებს, წავიდოდით ბარში ან რესტორანში, იქ ვისვენებდით, ერთ ჭიქა კოქტეილს დავლევდით და თავიდან გვეხსნებოდა – „გუგლ მეფში“ ვნახავდით. ვიტყოდით, ვაიმე, ახლა ამას რა გაივლის ქუსლებით მოდი, ახლა გავაჩეროთ ტაქსი. არა, შემდეგ ქუჩაზე... რაღა დარჩა და ბოლომდე ფეხით ვბრუნდებოდით.



– საქართველოში ხშირად მოგზაურობ?
– დამთავრდა იმით, რომ ჩამოვედი გადაშტერებული, დაღლილი და კვირას რომ უნდა დამესვენა, ეგრევე, იმერეთში წავედი „საიმედო ტურით“. ვიყავით წყალტუბოში, გადავიღეთ ოკაცეს კანიონი, რომელიც ახალი გახსნილია. მეორე დღეს კი უკვე ოკაცეს ჩანჩქერის დასათვალიერებლად ავედით, საკმაოდ მაღალი ჩანჩქერია. ძალიან ლამაზი იყო სოფელი კინჩხა. გუთნით ხნავდნენ მიწას ამ დროში. გუთანი არსად მინახავს და მეგონა ძველ ფილმს ვუყურებდი. ძველი ღობეები იყო, ფიჩხებისგან გაკეთებული. ვგიჟდები, ისე მომწონს ასეთი რაღაცები. ჩვენმა გადაცემამ თეა სიჭინავა დაპატიჟა, ვითომ, პატივი ვეცით... ამ კანიონებზე ხომ ვიარეთ, მერე იმ ჩანჩქერზე თოკით უნდა ჩამოვსულიყავით, ოღონდ წინასწარ არ ვიცოდი, ვიჩხუბე, გავსვანდი, მაგრამ ბოლოს მაინც თოკით ჩამოვედით ორმოცი მეტრის სიმაღლიდან. მერე წავედით აჭარაში, ჩაქვში, სადაც მტირალას თავზე იყო, რაღაც ატრაქციონის მსგავსი გასართობი – ხეებზე თოკებია გაბმული, ამ თოკებზე დადიხარ. თეამ გაიარა ექვსი სხვადასხვა თოკი, მეც დავიწყე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ უბრალოდ, ნერვები მომეშალა, შუა გზიდან გამოვბრუნდი. გაბრაზებული ვიყავი, მე აქ აღარ გავალ, რა არის ეს, წინასწარ მაინც მცოდნოდა-მეთქი.

წყარო: თბილისელები