ბაკურიანში ძმის მკვლელობისთვის კაცს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

  • pia.ge
  • 2 ივლისი 17:39

ბაკურიანში, ექვს მარტს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა. ი.ბ.-ს ძმის მკვლელობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა.


"სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლი ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლეს შეეძლო, რომ პირობითი მსჯავრი შეეფარდებინა და გამოეშვა. ბრალდებული ამბობს, რომ გარდაცვლილი მასზე და დედამისზე მუდმივად ძალადობდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ალბათ, არ გავასაჩივრებთ. პატიმრობაში შვიდ მარტამდე დარჩება, სასჯელის ვადა დაკავების დღიდან აითვლება", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.


შემთხვევა ექვს მარტს მოხდა. ი.ბ.-მ საკუთარ ძმას, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. 30 წლის კაცი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ძმის მკვლელობისთვის 20 წლის კაცი ბაკურიანშივე დააკავეს.


ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა დანაშაული აფექტის მდგომარეობასში ჩაიდინა.


დასკვნის საფუძველზე საქმე გადაკვალიფიცირდა და 111-ე მუხლით გაგრძელდა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge