"ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს ჩემი დედამთილი ის რო არა ქმართან არ გავჩერდებოდი"

  • თბილისელები
  • 2 ივლისი 14:00

33 წლის ხათუნას ისტორიას ჟურნალი "თბილისელები" რუბრიკაში - "მოდი ვილაპარაკოთ" აქვეყნებს.

"სანამ გავთხოვდებოდი, ჩემი საყვარელი მამაკაცი ისე მაჩვენებდა თავს, მეგონა, მისი ცოლი რომ გავხდებოდი, მთებს გადადგამდა, წელებზე ფეხს დაიდგამდა, იმუშავებდა და არაფერს მომაკლებდა. თუმცა, შევცდი. როგორც კი გავყევი, იმ დღიდან მივხვდი, არაფრის გამკეთებელი, დედიკოს კისერზე ჩამოკიდებული ბიჭი იყო. ვიფიქრე, იქნებ დრო რომ გავა და შვილები გვეყოლება, მოვალეობა იგრძნოს-მეთქი, მაგრამ ამაშიც მოვტყუვდი. უკვე 12 წელია, დაოჯახებულები ვართ და მხარ-თეძოზე წამოწოლილი ელოდება, როდის მიუტანს დედა და ცოლი საჭმელს და ჩაუყრის პირში. ბირჟაზე დგომისა და საძმაკაცოსთან ღლაბუცის გარდა არაფერი აინტერესებს. ჩემი დედამთილი კი საოცრად კარგი ქალია. მისგან, ერთი გადაკრული სიტყვაც კი არ მახსოვს. ხვდება, მის სალახანა შვილთან არავინ გაჩერდება და მიფრთხილდება. შვილიშვილებსაც თან ჰყვება. მე ადრე გავთხოვდი და უმაღლესის დამთავრება ვერ მოვასწარი, მერე შვილები გაჩნდნენ და აღარც მოვინდომე. ასე რომ, სპეციალობა არ მაქვს. დღეს კი ნასწავლი აღარავის უნდა, უსწავლელი ვის რაში სჭირდება. სამსახურს ვერსად ვიწყებ. ჩემი დედამთილი კი ბინებს ალაგებს, ხან ძიძად მუშაობს და ის გვარჩენს. უკვე მრცხვენია მისი. წარმოიდგინეთ, ფულს რომ მისცემენ, ჩემთან მოარბენინებს, კაპიკს არ ხარჯავს. მეუბნება: შვილო, შენ გაბარია სახლის საქმეები, ჭამა-სმა და როგორც გინდა, ისე მოიხმარეო. ამას საკუთარი დედებიც კი არ აკეთებენ. დედამთილი რომ არა, ალბათ, დიდი ხნის წასული ვიქნებოდი. ბოლო-ბოლო, შვილებს მშობლებთან დავტოვებდი და როგორც ბევრი, მეც წავიდოდი უცხოეთში ორი კაპიკის გასაკეთებლად. ამაზე მიფიქრია კიდეც, მაგრამ დედამთილს ვერ გავწირავ, თავისი უმაქნისი შვილის გვერდით როგორ დავტოვო? ამას წინათ ეზოდან ამოვიდა ვაჟბატონი და მითხრა: მრცხვენია, სულ სხვა მპატიჟებს ლუდზე, სამი ბიჭი ვართ და მომეცი ფული, ერთხელ მეც დავპატიჟებო. კინაღამ წნევამ დამარტყა. ვუყვირე: დედაშენმა აღარ იცის ამ სიცხეში, საიდან მოიტანოს ფული, ოფლად იღვრება სახლის დალაგებებში, სხვისი მონაა და შენ იმაზე ფიქრობ, ძმაბიჭებთან ერთად როგორ გაიგრილო, ეს გასახეთქი მუცელი-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გამკეთებელია, ჩხუბი და გინება არ იცის, მაგრამ ამ სიტყვებზე ისე გაბრაზდა, ყველაფერი თავზე დამახურა და ფული მაინც წამგლიჯა. საღამოს დედამთილი ისეთი დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა, ჭამის თავი არ ჰქონდა და ყავის მომზადება მთხოვა. ჩემთვისაც მოვიმზადე და დავსხედით სამზარეულოში. თვალები მქონდა ჩაწითლებული და მიხვდა, ნამტირალები რომ ვიყავი. ცრემლები წამოუვიდა. მითხრა: მოგიკვდეს ჩემი თავი, ეს რა დღეში ხარ, შვილო, სად გავამხილო, რომ საკუთარ შვილს არ ვედარდები ისე, როგორც რძალს. ნუ გეშინია, სანამ პირში სული მიდგას, შენ გვერდით ვიქნები, აი, მერე კი, რა გეშველება, ახლავე ამაზე ვდარდობო. როგორ არ მიყვარდეს ასეთი ქალი და როგორ არ ვცე პატივი. მას ვერ მივატოვებ, თორემ ჩემი უსაქმური და უნიათო ქმარი ყველაფრის ღირსია. შვილებიც აგრესიულად არიან მის მიმართ განწყობილი. ვხვდები, არ უყვართ მამა. ხევდავენ, რომ მხოლოდ საკუთარ მუცელზე ფიქრობს და სხვა ყველა ფეხებზე ჰკიდია. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს ჩემი დედამთილი, მაგრამ მერე რა მეშველება, ნამდვილად არ ვიცი.


ხათუნა, 33 წლის.

წყარო: თბილისელები