სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია - პროტესტის მეშვიდე დღე თბილისში

  • 26 ივნისი 21:48

თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. შვიდდღიანი პროტესტის შემდეგ სამიდან ორი მოთხოვნა შესრულდა.

პროპორციული საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს და 20 ივნისს დაპატიმრებულების გამოშვება, - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეების ეს ორი მოთხოვნა შესრულებულია. 

კიდევ ერთი მოთხოვნა რაც მათ აქვთ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა.

სამოქალაქო პროტესტი თბილისის მთავარ გამზირზე ამ წუთებშიც გრძელდება.

აქციები თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საზოგადოების პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის წაყვანას მოჰყვა.

აღნიშნული პროტესტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.

დეპუტატის მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - დღეს, პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა.