"21 სექტემბერს გვქონდა ქორწილი და ქორწინების წლისთავს უკვე სამნი შევეგებებით"

  • თბილისელები
  • 26 ივნისი 21:38

ჟურნალისტ მაიკო ჭაფოძის ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო სიახლეა: 5 თვის ორსულია და ოქტომბრის თვეში პატარა ბიჭს ელოდება.

მან და დათო ბახტურიძემ გასული წლის სექტემბერში იქორწინეს და ახალი, სიყვარულით სავსე ცხოვრება უკვე საკუთარი დიზიანით გარემონტებულ ბინაში დაიწყეს.


მაიკო ჭაფოძე: ველოდებით პატარა ბიჭს. ჯერ სახელი ვერ მოვიფიქრეთ. არ ვიცით, რა დავარქვათ. რაღაც ვარიანტები გვაქვს და შემდეგ მე და დათო ამოვარჩევთ. მინდოდა, დათი დამერქმია, რადგან მომწონს, როდესაც მამასა და შვილს ერთნაირი სახელები ჰქვიათ. მაგრამ დათო წინააღმდეგია და არ ვიცით, ამ ორთაბრძოლაში ვინ აჯობებს. 5 თვის ფეხმძიმე ვარ, პატარა ბიჭუნა ოქტომბრის 15-დან გაჩნდება. მე და დათო მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუმცა ბოლომდე ვერ აღვიქვამთ. მაგრამ რომ გამოძრავდება ხოლმე, მაშინ სულ სხვა შეგრძნება გვაქვს. ძალიან ვუფრთხილდები.


– საკმაოდ აქტიური ორსული ხარ.


– კი, მაგრამ თავიდან ცოტა გამიჭირდა. ტოქსიკოზი მქონდა, ცომეულის გარდა, ვერაფერს ვჭამდი და ეს ჩემზე ცუდად მოქმედებდა. ახლა უკვე კარგად ვარ, გადამიარა, დილით ჩართვებზეც ვდგავარ და გადაღებებზეც მივდივარ ხოლმე. გუნდი ძალიან მიწყობს ხელს, რომ მასშტაბურ გადაღებებზე არ ვიარო, მუშაობა გვიან ღამე არ მომიწიოს – მიფრთხილდებიან. დათოსაც გაწერილი აქვს ყველაფერი – ჩემი გეგმა და განრიგი. ხაჭო უნდა ჭამოო. არაჟანი მოაქვს, ხილი, ბოსტნეული. ყოველ საღამოს ვსეირნობთ, ხან – კუს ტბაზე, ხან – ლისზე, ჩემზე გადმოერთო და ფაქტობრივად, ჩემი რეჟიმით ცხოვრობს. პირველ ექოსკოპიაზე ერთად ვიყავით. გულისცემა მოვისმინეთ. შემდეგ, სქესის გაგება რომ გვინდოდა, ვინ იყო, როგორ გამოიყურებოდა, მაშინაც ერთად ვიყავით. გულისცემა რომ მოისმინა, ეგონა, აჩქარებული ჰქონდა. ექიმს ჰკითხა: ხომ მშვიდობააო. მერე აგვიხსნეს, რომ ასე უნდა ყოფილიყო.


– როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც გაიგე, რომ ორსულად იყავი?


– არ მჯეროდა. ჩართვიდან მივედი სახლში და მაშინ გავიგე, მე თვითონ შოკირებული ვიყავი. ჯერ დათოს მივწერე, მერე – დედაჩემს. ორივეს ემოცია საოცარი იყო. დედაჩემისთვის პირველი შვილიშვილია, ელოდება, ერთი სული აქვს როდის დაიბადება. მამასაც ძალიან გაუხარდა, განსაკუთრებით – ბიჭი, სულ უნდოდა, ბიჭი ჰყოლოდა. იქით – ჩემი და, მოკლედ, დამფოფინებენ. ეს პერიოდი, რაღაც, დედოფალივით ვარ.


– სქესს, რა თქმა უნდა, არ ექნებოდა მნიშვნელობა.


– არა, თუმცა, ბიჭი სულ მინდოდა. რადგან მე და ჩემი და ვართ, ბიძაშვილებიც – გოგონები მყავს, მამიდაშვილიც გოგოა, სულ მქონდა იმის დანაკლისი, რომ ძმა არ მყავდა. გოგონები რომ ადგენენ ხოლმე გეგმებს – თავის საოცნებო ქორწილს, ოჯახს, მე სულ მინდოდა ბიჭი და გოგო მყოლოდა. ძალიან გამიხარდა, არც ველოდი. ვფიქრობდი: ალბათ, გოგოა-მეთქი და სახელებიც სულ გოგონების მქონდა მოფიქრებული. ახლა ბიჭია და ვფიქრობთ. დათო ძალიან ამაყია, გაუხარდა. თუმცა, მისთვისაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. სქესის გაგებაზე მეგობრებმა წვეულება მოგვიწყვეს.


– მომიყევი, რა ხდებოდა ამ წვეულებაზე.


– მოკლედ, ექოსკოპიაზე მე და დედა ვიყავით. სქესი მე არ მითხრეს და დედაჩემმა ჩუმად იკითხა და ბიჭიაო. სახლში მივდივარ და ჩემი და მირეკავს: მე და ნინი შენთან ვართ და მალე ამოდითო. დათომაც არაფერი იცოდა. ისიც არ ვიცოდი, თუ ვინმემ ბავშვის სქესი იცოდა. ავდივართ სახლში და გვხვდება ვარდისფერი, ცისფერი ბუშტები, ტორტები. ცოტა ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. დათომ ისე ინერვიულა, რომ ბუშტებიც დათვალა: 30 ვარდისფერი იყო, 30 ცისფერი – რომელიც უფრო მეტია, ამით მივხვდები: გოგოა თუ ბიჭიო. ტორტი რომ გავჭერით, შიგნიდან ცისფერი იყო და მივხვდით, რომ ბიჭი იყო. დაგვრჩა ფოტოები, ვიდეომასალა და ჩვენ ბიჭს შემდეგ მოვუყვებით.


– იმდენად აქტიური მშობლები ჰყავს, თვითონაც აქტიური იქნება.


– მეც ასე მგონია და ალბათ, ძალიან ეყვარება ლაპარაკი, რადგან მე ბევრს ვლაპარაკობ. დათოსაც უყვარს საუბარი, მაგრამ მე ვჩაგრავ ხოლმე. დათო კარგად უკრავს გიტარაზე და საღამოობით ვუმღერით ხოლმე, რომ კარგი სმენა და ხმა ჰქონდეს. ერთი-ორჯერ ვიყავით მთაწმინდაზე. ვაყურებინეთ, როგორ დაფრინავს დათო, რომ იცოდეს, უკვე იამაყოს და შეისწავლოს. კარგად ვერთობით. კარგი გასართობი გამოგვიჩნდა – თან ვზრუნავთ, თან ვერთობით.


– ალბათ, ცხოვრების რეჟიმიც შეგიცვალა.


– მანამდე თუ შემეძლო, 3-4 საათამდე არ დამეძინა, მეგობრებთან ერთად გავრთობილიყავი, ახლა უარი ვთქვი ამაზე, ასევე ალკოჰოლზე, მავნე ჩვევებზე, კლუბურ ცხოვრებაზე. საღამოს ვსეირნობთ და მერე, 11 საათზე ვიძინებთ. რაღაცებზე მომიწია უარის თქმა, ცხოვრების რიტმიც შემეცვალა. გარუჯვაზე, აუზზე ვთქვი უარი, თუმცა საგურამოში რომ ჩავდივარ, დილით და საღამოს ცოტ-ცოტა ვეპარები მზეს, რომ ძალიან ფითქინამ არ ვიარო. ჯანსაღ კვებაზე გადავედით. დათოც უფრო მეტ დროს ატარებს ჩემთან ერთად. ეზარება თუ არ ეზარება, ფეხით დავდივართ. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი 3 კილომეტრი ფეხით იარო, თან, როდესაც მთელი დღე დაფრინავ. დაღლილი, მორჩილად მომყვება ხოლმე.


– მალე ქორწინებიდან ერთი წელი შეგისრულდებათ. აღნიშნავთ ხოლმე თარიღებს, მნიშვნელოვან დღეებს?


– 21 სექტემბერს გვქონდა ქორწილი და ქორწინების წლისთავს უკვე სამნი შევეგებებით. ისე, 5 წელია, რაც ერთად ვართ. მე ძალიან მიყვარს თარიღების აღნიშვნა, საახალწლო საჩუქრები, სიურპრიზები და დათოც იძულებულია, ავტომატურად ერთვება. კარგად ვერთობით, თან, მარტოები ვცხოვრობთ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მარტო ცხოვრება აუცილებელია. რაც უნდა ბევრი წელი იყოთ შეყვარებულები, თანაცხოვრება მაინც სულ სხვაა. თითქოს ყველაფერს თავიდან იწყებთ. გიწევს თავიდან გაიცნო და უკვე ახალი თვისებებით შეიყვარო.


– თანაცხოვრების შემდეგ რა აღმოაჩინე დათოში?


– როდესაც რაღაცას გამოიცვლის, ყველაფერს იქვე ტოვებს. იმდენად მოწესრიგებული ადამიანია, ეს თვისება თუ ჰქონდა, არ მეგონა. პერანგს სადაც გაიხდის, იქვე ტოვებს და მერე მე უკან დავდევ ხოლმე. ახლა აღარ აკეთებს, მიფრთხილდება, პირიქით, თვითონ ინახავს. მგონი, მიეჩვია და ძალიან მიხარია. რაც შემეხება მე, მისთვის ბუზღუნა აღმოვჩნდი. ძალიან მიყვარს, როდესაც ვუყურებ ტელევიზორს და სინათლე ანთია. ზოგადად, მიყვარს სინათლეში ყოფნა და ყველგან ყველაფერი ანთია ხოლმე. დათო ამაზე ღიზიანდება: ჩააქრე, თან, ახლა ძალიან ცხელა. ერთი რამე მაინც გათიშეო.

წყარო: თბილისელები