ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გაუქმდა - რას წერს მისი ხელმძღვანელი

  • fortuna.ge
  • 26 ივნისი 12:37

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ორგანიზაცია 20 ივნისს გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციამ ქართული წიგნის პოპულარიზაციაში საქართველოს საზღვრებს გარეთ უდიდესი წვლილი შეიტანა და სწორედ მისი თაოსნობით მომზადდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა, რომელიც ძალიან რეზონანსული გახლდათ.


დეა მეტრეველი წერს:


„20 ივნისს გაუქმდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი. ორგანიზაცია, რომელმაც ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა და, თავისი არსებობის 5 წლის განმავლობაში ქართველი მწერლები მსოფლიოს უახლეს თარგამნებში გააცნო. ძალიან რთული გზა გავიარეთ… ბევრს არ სჯერდა, რომ ამას შევძლებდით… დამერწმუნეთ, ასე იყო;) შევძელით და 2018 წელს საქართველოს ღირსების პროექტი განვახორციელეთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ქართული ლიტერატურის ისტორიაში უკვე შევიდა, როგორ უდიდესი წარმატება და ამაზე კიდევ დიდხანს სიამაყით ილაპარაკებენ ქვეყნის გარეთ თუ შიგნით… წარმატების მთავარი მიზეზი? თავისუფლების, საქმის სიყვარულის, პროფესიონალიზმის, შრომის, ენთუზიაზმის მაღალი ხარისხი. რის ფასად?… ბევრი დაბრკოლების და ტკივილის ფასად.


მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას, პარტნიორს, ქართველ გამომცემლობებს, ავტორებს, მთარგმნელებს… ყველას, ვისთანაც ამ წლების განმავლობაში მოგვიწია თანამშრომლობა. თქვენთან ერთად ჩვენ ევროპული სტანდარტის პროდუქტი შევქმენით. დიახ ევროპული, რადგანაც ქართველი მწერლების და გამომცემლების დაკვეთაც სწორედ ასეთი იყო.


ახალი ორგანიზაციის ახალმა გუნდმა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ეს შედეგი აუცილებლად შეუქცევადი უნდა გახადოს… გამოწვევა კი ძალიან დიდია. წინ პარიზის წიგნის ბაზრობაა. წარმატებები მინდა ვუსურვო ქართველ ავტორებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს!


რაც შეეხება ფოტოს. ის 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონის გახსნის ცერემონიალის დღესაა გადაღებული და ალბათ, ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს მდგომარეობას – დაღლილობას და დიდ სიხარულს (c) Holger Menzel


P.S. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს ეს დღეები და ბოდიშს გიხდით თუ ყველას დროულად ვერ გპასუხობთ… მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“.


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge