თათია დოლიძე: არ ვიცი, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, ყოფილ მეუღლესთან ვმეგობრობო

  • თბილისელები
  • 26 ივნისი 11:13

თათია დოლიძისთვის ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული და ახალი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ათი თვის თაიას დედაა და პატარას მთელი ზაფხული ქალაქში ვერ გააჩერებდა, შესაბამისი ადგილის ძებნა უკვე დაიწყო.


თათია დოლიძე: ფაქტობრივად, მთელი ზაფხული მუშაობა მიწევს და დიდი ხნით დასასვენებლად წასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ რადგან პატარა მყავს, გამოსავალი უნდა მეპოვა. ამიტომ გადავწყვიტე, აგარაკი სადმე ახლოს ვიქირავო – წყნეთში ან წავკისში, სადაც ბავშვს ჰაერს გამოვუცვლი და თან, ყოველდღიურად სამსახურში სიარულს შევძლებ. სრულგანაკვეთიანი სამსახური ამ ეტაპზე არ მინდოდა და მხოლოდ მოქნილ გრაფიკიან პროექტებზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის ხელმძღვანელად დამნიშნეს, რაც საპასუხისმგებლო, მაგრამ ძალიან კარგი ამბავია. თუმცა ეს ორი თვე ძალიან დატვირთული მექნება, რასაც ბევრ პლუსთან ერთად, თავისი მინუსები აქვს. ბავშვს ვერაფრით დავჩაგრავ და ამიტომაც ვეძებ აგარაკს სადმე ახლოს, აგვისტოში კი მთაშიც აუცილებლად წავიყვან.


– პატარა ძალიან აქტიური გოგოა...


– ყველას უკვირს, ისეთი კომუნიკაბელურია. ათი თვისაა, მაგრამ სულ პატარაობიდან დამყავდა ყველგან, გარდა ვირუსების პერიოდისა. ხალხთან ურთიერთობა საოცრად უყვარს. დიდი ადამიანივით მოგყვება ყველგან და გამორიცხულია, სადმე იტიროს. ხალხმრავლობა რომ არ მოსწონდეს, არ წავიყვანდი, მაგრამ ძალიან სიამოვნებს. ვინმემ თუ უყურადღებოდ ჩაუარა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს (იცინის).


– ცოტა ხნის წინ ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა და დედასთან ერთად პოდიუმზე გამოვიდა.


– ეს იყო პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“. არ მქონდა გათვალისწინებული, რომ თაიასთან ერთად უნდა გამოვსულიყავი, უბრალოდ დედაჩემიც წამოვიდა და ბავშვიც წავიყვანეთ. პირველ რიგში, იჯდა და ისე მოეწონა, სულ ტაშს უკრავდა, ძალიან ბედნიერი იყო. ეს რომ დავინახე, პოდიუმზე გასვლის წინ კულისებში ვიკითხე, თუ შეიძლებოდა, თაიასთან ერთად გამოვსულიყავი და ეს აზრი ძალიან მოეწონათ. გავედი, აუდიტორიისკენ წავედი, ბავშვი ავიყვანე და ერთად განვაგრძეთ პოდიუმზე სიარული. ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი იყო, ბოლოს ყველას ხელს უქნევდა (იცინის). მუცლიდან დაწყებული აქტიურად ცხოვრობს. თუმცა უპასუხისმგებლოდ არსად მიმყავს, იქ, სადაც დისკომფორტი შეექმნება, რა თქმა უნდა, არ წავიყვან. სადაც მოსწონს ყოფნა და სიამოვნებას იღებს, მხოლოდ იქ დამყავს. მეც ძალიან აქტიური ბავშვი ვყოფილვარ. მაგრამ როგორც დედა მეუბნება, მე მხიარული და საყვარელი ვიყავი, თაია უფრო სერიოზული და თავდაჭერილია. უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებასავითაა. თვითონ ხომ ასეთი სერიოზულია და მგონი, მეც უფრო დამასერიოზულა (იცინის). თან, უპრობლემო გოგოა, თითქოს ყველაფერი ესმის. ამ ერთი წლის განმავლობაში სახლში მძიმე სიტუაციებიც გვქონდა. ორი თვის წინ ძალიან ახლობელი გარდაგვეცვალა და იმ დღეებში იმდენად წყნარად და მოწყენილი სახით იყო, თითქოს ყველაფერი გაიგო. თითქოს ხვდება, რომ რაღაც ისე არაა, რომ დედა თავს ცუდად გრძნობს. არ ვიცი, რა ხდება, ბევრი ამბობს, უფრო მეტად განვითარებული ბავშვები მოდიანო. არ ვაჭარბებ, მართლა ყველა აღნიშნავს, რომ განსხვავებული და ძალიან აზრიანი ბავშვია.


– რამდენად რთული აღმოჩნდა მარტოხელა დედობა?


– მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და ისინი ძალიან მეხმარებიან, მყავს ძიძაც. ბავშვს მამა ჰყავს, მათ ურთიერთობა აქვთ და შეძლებისდაგვარად, ჯანსაღად გვაქვს ეს ურთიერთობა დალაგებული. მგონია, რომ ჩემს შვილს ამის გამო არც მომავალში ექნება დისკომფორტი. რაც შემეხება მე, ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ჯობს, ოჯახი სრული იყოს, თუ ეს შესაძლებელია. კარგია, როცა მშობლები ყველაფერს ერთად აკეთებენ, მაგრამ თუ ამის საშუალება არაა, არც ესაა ტრაგედია. ვთვლი, რომ მარტოხელა დედები გმირები არიან. თუმცა, ჩემს თავს ნაკლებად ვგულისხმობ, რადგან მე ხელის შემწყობი გარემო მაქვს, მაგრამ ხომ არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით „მარტოხელა დედები“ – ეს ნამდვილი გმირობაა. რა თქმა უნდა, არაა კარგი ფენომენი, მაგრამ მთავარი ისაა, ბავშვი ჯანსაღ გარემოში იზრდებოდეს. თორემ ოჯახს იმიტომ არავინ ქმნის, რომ დაანგრიოს, ეს მარტივი და სასურველი მდგომარეობა არაა, მაგრამ მე ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამ, რადგან მყავს თაია, რომელიც საოცნებო გოგოა.


– მარტივი არაა ამ პრობლემებთან გამკლავება, საკმარისი ძალის პოვნა საკუთარ თავში.


– საკმაოდ რთულია, ძალიან ბევრია დამოკიდებული ინდივიდზე, გააჩნია, როგორ მიიღებ ახალ რეალობას. ნებისმიერი ცხოვრებისეული კრიზისი საჭიროებს საკუთარ თავთან ბევრ მუშაობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ორი წლის წინ დედა ისე ცუდად მყავდა, სიკვდილ-სიცოცხლეზე იყო საუბარი. ერთი თვე რეანიმაციაში გავატარეთ და გადავრჩით. ყველას აქვს ცხოვრებაში მძიმე მომენტები, რის შემდეგაც ერთნი სასოწარკვეთას მიეცემიან, მეორენი კი ხვდებიან, რომ ესაა ცხოვრება. ამ დროს მნიშვნელოვანია, ყველაფერ ცუდში, რაც თავს დაგატყდა, საკუთარი თავი არ დაადანაშაულო. არ უნდა იფიქრო, ეს იმიტომ დამემართა, რომ მე ვარ ცუდიო. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი. ვის მოვატყუო, რომ მარტივია? რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. თავს უნდა მოერიო, მით უმეტეს, როცა შვილი გყავს, ახალგაზრდა ხარ და ამდენი შესაძლებლობა გაქვს. უბრალოდ, საწყენი ისაა, რომ რაღაც ისე არ ვითარდება, რა მოლოდინიც გქონდა. თან, ეს უბრალო რაღაც არაა, ოჯახის დანგრევა მარტივი ვერაფრით იქნება, რადგან ემოციებთან და გრძნობებთანაა დაკავშირებული. მაგრამ არჩევანს ჩვენვე ვაკეთებთ და რადგან ეს მოხდა, ესე იგი, სხვანაირად არ გამოდიოდა, თორემ მსგავსი გადაწვეტილების მიღება არავის უხარია. დღეს, შვილიდან გამომდინარე, ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, ყოფილ მეუღლესთან ვმეგობრობო. ალბათ, ეს ურთიერთობა მეგობრობის ჩარჩოშიც გადის, თუმცა მეგობრობა კიდევ სხვა რამეს მოიაზრებს. ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომლებიც ერთ დროს წყვილს წარმოადგენდა, მეგობრობა კი მე ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია. თუ ის იგულისხმება, რომ მისთვის ცუდი არ მინდა და შვილის სახით უდიდესი საერთო ინტერესი გვაქვს, მაშინ – კი.


– ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში და როგორია შენი განწყობა პირველი დანგრეული ურთიერთობის შემდეგ?


– ერთი წელია, რაც ოფიციალურად და წელიწად-ნახევარია, რაც რეალურად დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. ერთ ადამიანს ვერ განვაზოგადებ და ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა თუ გამოჩნდება, მას ვეღარ მივენდობი. ვთქვათ ისიც, რომ პირველი ცუდი გამოცდილება ვერ დაგიცავს მეორე ცუდი გამოცდილებისგან, მეორე –მესამისგან და ასე შემდეგ. აქ დიდი წილი გამართლებაზეა. ვიღაცას პირველივეზე უმართლებს, სხვას – მეხუთეზე. მე ჩემი ყოფილი მეუღლე მიყვარდა, ეს ნამდვილი სიყვარული იყო, მაგრამ თუ სიყვარული კიდევ მეწვევა, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ამ კუთხით კომპლექსები არ მაქვს. არ ვარ ის ტიპაჟი, სიყვარულს რომ ეძებს, მაგრამ თუ რაღაც მოხდება – მოხდება. მიზანმიმართულად არც ჩემი ყოფილი ქმარი მიძებნია. თუმცა, 27 წლის ვარ და არ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება მარტო უნდა ვიყო, მაგრამ ასეთი რამეების დაგეგმაც არ ხდება. უბრალოდ, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ცხოვრებაში გამიმართლებს და მეორე ნახევარს ვიპოვი. თუმცა, რაც უფრო პატარა ხარ, ასეთ ურთიერთობებში მეტი წილი გულზე მოდის, მაგრამ წლებთან და გამოცდილებასთან ერთად, პრიორიტეტს გონებას ანიჭებ, უფრო მეტ რამეს უფიქრდები და აკვირდები.


– არ მიეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ სიყვარული მხოლოდ ერთელ მოდის?


– სიყვარულის ძალიან მწამს და ვფიქრობ, სიყვარული თუ მოდის, არც მიდის, მაგრამ ასევე მწამს სიყვარულის ორმხრივობის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის სიყვარული ჯერ კიდევ საპოვნელია, მაგრამ ამას ემოციურ დონეზე არ ვამბობ. ემოციურ დონეზე ვიცი, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე ნამდვილად მიყვარდა და არ მესმის, როცა ამბობენ – „თურმე, არ მყვარებია“. უბრალოდ, სიყვარული აბსტრაქტული ცნებაა და მისი ჩემეული და შენეული აღქმა ძალიან სუბიექტურია. უნდა ემთხვეოდეს ორი ადამიანის წარმოდგენა სიყვარულზე, თორემ, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლესაც ვუყვარდი, მეც მიყვარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი წარმოდგენები ერთმანეთს არ დაემთხვა. ჯერ კიდევ მჯერა, რომ არსებობს ისეთი სიყვარული, როგორიც მე წარმომიდგენია და მგონია, რომ ძალიან დიდი სიყვარულის უნარს ვატარებ. სიძულვილი, უბრალოდ, არ შემიძლია.


– ბოლოს, ახალ საქმეზეც ვთქვათ. ფაქტობრივად, ბიზნესვუმენის ამპლუა შეითავსე.


– ძალიან მომწონს ბავშვისთვის ფოტოების გადაღება, დედას ხელოვნების სტუდია აქვს და ხელოვნება, ზოგადად, ჩვენი ოჯახის საყვარელი სფეროა. ბევრგან მყავდა თაია გადაღებაზე, მაგრამ რაც მინდოდა, ის ვერ მივიღე. ამ ყველაფერს მე უფრო არტმიმართულებით ვუყურებ და გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა საბავშვო ფოტოსტუდია. ვიფიქრე, თან თაიას გადავუღებ და სხვებსაც შევთავაზებ გემოვნებიან ფოტოებს-მეთქი. დედაჩემის სტუდიაში ხელოვანები და მხატვრები გვყავს, ანუ ადამიანური რესურსი გვქონდა და მენეჯმენტი ჩემს თავზე ავიღე. ჯერჯერობით აქტიურად ვარ ჩართული ამ საქმეში, მერე კი სხვას გადავაბარებ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ფოტოები გამოგვდის და დასაწყისისთვის ყველაფერი კარგად მიდის.

წყარო: თბილისელები