ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ცნობილ ღვინის საწარმოებში გაივლიან

  • pia.ge
  • 25 ივნისი 17:17

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა.

ღონისძიება „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის“ ინიციატივითა და ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების მხარდაჭერით ჩატარდა.


კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილმა. სტუდენტებსა და სტუმრებს იტალიიდან ვიდეოჩართვით მიესალმა Inter Vitis-ის პროექტის მენეჯერი პანკე ემანუელა. სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ქვარცხავამ, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ და „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქობლიანიძემ.


გამოსვლისას თამარ ქობლიანიძემ აღნიშნა, რომ Inter Vitis-ი ევროპაში ერთ-ერთი კონტროლირებადი გზაა, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ევროკომისიამ კი 2009 წელს აღიარა. მისი თქმით, Inter Vitis-ი კულტურული გზაა, რომელიც ევროპაში ხელს უწყობს ღვინის, ყურძნის, ღვინოპროდუქციისა და ღვინის ისტორიის, როგორც კულტურული ფასეულობების განვითარებას, საქართველო კი Inter Vitis-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.


„ეს პირველი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ახალ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. კონფერენცია ეხება მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემებსა და თანამედროვე ტენდენციებს ღვინის კულტურისა და ეთნოგრაფიის, ღვინის ბიზნესისა და მარკეტინგის, ასევე, ღვინის ტურიზმის შესახებ. კონფერენცია წარმომადგენლობითია, რამდენადაც აერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით“, - აღნიშნა თამარ ქობლიანიძემ.


როგორც ვიდეოჩართვისას პანკე ემანუელამ განაცხადა, Inter Vitis-ის წარმომადგენლები საქართველოში პირველი ვიზიტით 2009 წელს იმყოფებოდნენ. პროექტის მენეჯერის თქმით,  მათი პირველი პარტნიორობა საქართველოს კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან სწორედ მაშინ შედგა, თუმცა, თანამშრომლობა არ გაგრძელებულა.  


„ჩვენ განვაახლეთ თანამშრომლობა „ღვინის გზის ასოციაციასთან“, გასული წლიდან კი პროფესორ თამარ ქობლიანიძესთან აქტიური ურთიერთობა გვაკავშირებს. მადლობას მინდა გადავუხადო მას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კონფერენციის მოწყობისათვის, რამაც საშუალება მოგვცა, საქართველოში დავბრუნდეთ“, - განაცხადა პანკე ემანუელამ.


ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ზურაბ გასიტაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო კონფერენციამ სტუდენტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დასახელება ზუსტად განსაზღვრავს საქართველოსთვის იმ დარგის მნიშვნელობას, რომელსაც მევენახეობა-მეღვინეობა ჰქვია.


„ვაზი და ღვინო ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ღვინის სამშობლო - ასე ამბობენ საქართველოზე. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა ველური ვაზი გააშინაურა. მრავალი დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მსოფლიო ენებში სიტყვა „ღვინო“ ქართული სიტყვისგან გავრცელდა. ღვინის ჭურჭელი - ქვევრი და ქვევრში ღვინის შენახვა -  მიეკუთვნება ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას, რომელიც საქართველოში დღემდე შემორჩენილია. ქვევრის დამნუშავება და მნიშვნელობა ქართველ მეღვინეობაში უდიდეს ადგილს იკავებს და მისი წარმოშობა შორეულ წარსულში იწყება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი 8000 წელს ითვლის, ღვინის დაყენების ამ უძველეს მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.


როგორც სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, კონფერენციის მიზანია, მხარი დაუჭიროს მეღვინეობა-მევენახეობის დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და ამ დარგის აღორძინებას ქვეყნის ისეთ ადგილებში, სადაც ღვინის კულტურის მდიდარი ისტორიული წარსული და არასახარბიელო დღევანდელობაა.


„უნდა ვიზრუნოთ ქართული ვაზის გენოფონდის გადარჩენაზე, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით უნიკალური ქართული ღვინოების დამზადების მეთოდოლოგიის შენარჩუნება-პოპულარიზაციაზე. მნიშვნელოვანია, უცხოური გამოცდილების საფუძველზე წავახალისოთ მევენახეობა-მეღვინეობის ბაზრის შესწავლა, გამოვიყენოთ მოწინავე კონცეფციები და  მარკეტინგის კომპონენტი. რაც მთავარია, კონფერენცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევარების ჩამოყალიბებას, რითაც უზრუნველყოფთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების უკეთეს პერსპექტივას“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.


სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ქვარცხავას ინფორმაციით, კონფერენცია მრავალმხრივ საინტერესოა სტუდენტებისთვის.  


„პირველ რიგში, ეს ღონისძიება საინტერესოა სტუდენტებისათვის, რადგან დღევანდელი წარმატებული ახალგაზრდები, Inter Vitis-ის პროექტის მენეჯერის პანკე ემანუელას ხელშეწყობით და ჩვენი პარტნიორების დაფინანსებით, ევროპის ღვინის კერებსა და ცნობილ საწარმოებში სტაჟირებით გაემგზავრებიან. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ კონფერენციის ჩატარება წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც უთუოდ დიდი რეზონანსი მოჰყვება“.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge