გოჩა ჯოჯუა: "ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

  • pia.ge
  • 24 ივნისი 17:24

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ,,ქრისტიანულ დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა ისტორიულს უწოდებს.

მისი თქმით, ახალგაზრდების პროტესტის შედეგად ხელისუფლება ისტორიულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მივიდა.


,,პირველ რიგში, ეს არის ახალგაზრდების გამარჯვება, როდესაც იწყებდნენ აქციას, პოლიტიკაზე მათ არ უფიქრიათ, ისინი საქართველოს სუვერენიტეტს იცავდნენ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო მეტად მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა კარგი შედეგით. იმ გაგებით რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა იცვლება მთლიანად და ის რაც უნდა გაკეთებულიყო ძალიან ადრე, შეიძლება  დღევანდელმა სიტუაციამ მართალია დაგვიანებით, მაგრამ  გაასწოროს. შესაბამისად, ქართული პოლიტიკური სპექტრი ღებულობს ისტორიულ შანსს, იმისას, რომ გახდეს აქტიური თანამონაწილე ყველა იმ გადაწყვეტილებისა , რომელიც ქვეყანაში მოხდება“, - აცხადებს გოჩა ჯოჯუა.


რაც შეეხება ნულოვან ბარიერს მისი თქმით, ეს იმ პარტიებს აშინებთ, ვინნც ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში მოხვედრის უდიდესი შანსი აქვთ.


,,რაც შეეხება იმათ განცხადებას, ვინც ამბობს, რომ ნულოვანი ბარიერი, მათ აშინებთ და აშფოთებთ, ეს არის გაგრძელება სწორად რევანშიზმისა, როდესაც ვიღაცეები ფიქრობენ იმას, რომ დღეს შანსი აქვთ ხელისუფლებაში უდიდესი მხარდაჭერით მოვიდნენ და ფიქრობენ, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. ეს არის რევანშიზმი მხოლოდ და მხოლოდ. ვფიქრობ, რომ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რაც დღეს მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ“,  ამის გაუფერულება და გადაყვანა სხვა ასპექტში, მხოლოდ მცდელობაა იმისა, რომ ვიღაცებს არ აწყობთ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო.", - აცხადებს პოლიტიკოსი.


გოჩა ჯოჯუა ამბობს, რომ ,,ქრისტიანულ დემოკრატიული მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა და პროპორციული სისტემა საუკეთესო ვარიანტია, თუმცა მას დახვეწა სჭირდება.


,,ამისთვის ვემზადებოდით კიდეც , ეს არის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა, ძალიან ბევრ რამეს სჭირდება დახვეწა. გარკვეული პარიტეტის მომენტი, ზედა ზღვარი , მთელი ის რეკომენდაციები, რომლებიც ნათქვამი იყო, თუკი ამასაც ,,ქართული ოცნება გაითვალისწინებს და მოახერხებს გარკვეულწილად იმას, რომ რაღაც საკონსულტაციო მაგიდას გახსნის, სადაც შეგვიძლია, რეალურად დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, როგორ გადავიდეს ქვეყანა კრიზისიდან სტაბილურ გარემოში და როგორ მოვახერხოთ ეს ერთობლივად, თუკი ამ ნაბიჯსაც გადადგამს, მე ვფიქრობ რომ ,,ოცნება“ ამ შემთხვევაში მართლაც დაიტოვებს ისტორიულ შანსს, რომ შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც პოლიტიკური პარტია, რომელმაც შეძლო სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა“, - აცხადებს ,,ქრისტიანულ დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge