ექსპერტი: რუსული სპეცსამსახურების წარმატებული სპეცოპერაცია თბილისში

  • pia.ge
  • 22 ივნისი 00:07

ექსპერტი ვაჟა ბერიძე, თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ასელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი მიღწეულია – დესტაბილიზაციამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

"პირველი" ვაჟა ბერიძეს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


"ბოლო დღეებში ფეისბუქზე არ ვაქტიურობ, ჩემი ფეისბუქ–მეგობრები მეხმიანებიან და მთხოვენ მიმდინარე მოვლენები შევაფასო. არ ვაქტიურობ, არა იმიტომ რომ თავპატიჟს ვიდებ, არამედ მიმაჩნია, რომ ამიერიდან ჩვენს აქტიურობას ნაკლები ფასი აქვს. ჩვენი საზოგადოების უგუნურმა ნაწილმა და საზღვრებს გარეთ ბევრმა მტერმა და მოყვარემ ჩათვალა, რომ გამოსავალი საქართველოში შექმნილი ვითარებიდან დესტაბილიზაციაა. როცა ამდენი შიდა და გარე მოთამაშის ინტერესები ემთხვევა, შეუძლებელია პრობლემებით დახუნძლულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, არ მოხდეს დესტაბილიზაცია და არ შეიქმნას ქაოსი, რომელსაც მავანნი "მართვად ქაოსად" აქცევენ და თავიანთ მიზნებსაც მიაღწევენ.


 


მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე ბოლო რამდენიმე წელია სულ ვსაუბრობ ხელისუფლებასთან, მათ შორის მის ოპოზიციურ ნაწილთან ვოპონირებ კონსტრუქციული კრიტიკის ფორმატით და ეს ყველაფერიც ნაწინასწარმეტყველევი და დაპროგნოზებული მაქვს, თან არაერთგზის. არ მაქვს საკუთარ თავზე იოტისოდენა გადაჭარბებული წარმოდგენაც კი, არც ნათან ბრძენი ვარ, არა იერემია და არც იეზეკიელი, არანაირი წინასწარმეტყველი მე არ ვარ,მაგრამ ვარ რა ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და ანალიტიკოსი, გაჩუმება ღალატის ტოლფასად მიმაჩნია. ამიტომ, მოდით შევაფასოთ, რა ხდება ჩვენს თავს.


 


რუსული სპეცსამსახურების წარმატებული სპეცოპერაცია თბილისში


 


არც პრორუსი ვარ და არც რუსთმოძულე, მაგრამ ის ნიჰილიზმი, რომლითაც ჩვენ რუსეთს და მის შესაძლებლობებს ვეკიდებით, განსაკუთრებით ჩვენი სპეცსამსახურები, უბრალოდ, დაუშვებელია. რუსეთი ერევა აშშ–ის არჩევნებში, ტრამპთან აქვს "ფარული ალიანსი", რასაც იქ დღემდე იძიებენ და რუსეთს ამერიკის არჩევნებზე , მის შედეგებზე ზემოქმედების მოხდენაში ადანაშაულებენ, რუსეთი ერევა ბრექსიტში, მწვანე ჟილეტიანების ამბოხსაც საფრანგეთში მას მიაწერენ და არ ერევა საქართველოში პოლიტიკური პროცესებში? სასაცილოა! თუ ვინმემ ვერ გაიგო ერთ მშვენიერ დღეს რატომ დაიწყო და რატომ მიება ერთმანეთს პანკისი, დავით გარეჯი, ლგბტ საპროტესტო მოძრაობა და სახალხო ფორმირებების შექმნის დაანონსება, მუსულმანებთან დიალოგის დაწყება მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ბათუმში და აჰა, კიდევ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა თბილისში და კომუნისტ გავრილოვის წამოსკუპება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იმასთან რუსეთიდან მართულ პროცესებზე საუბარი არ ღირს.


 


მე არ მძულს რუსეთი, პირიქით, ვაფასებ რუს ხალხს და რუსულ კულტურას, მაგრამ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმდენად დიდი მიზანია ჩემთვის, რომ რეალობაზე თვალს ვერ დავხუჭავ. დიახ, რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშეა, დეზინტეგრაციის და ეკონომიკის დაცემის პროცესი შეაჩერა, იმპერიული იდეა მოიმარჯვა, რომლის საყრდენი მართმადიდებლობა და "მესამე რომია", ააჟღარუნა უზარმაზარი ატომურ–კოსმოსური პოტენციალი და საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის აღდგენას ცდილობს, ჯერ პოსტ–საბჭოთა, მერე ალბათ პოსტ–სოციალისტურ ქვეყნებში.


 


ხომ არ გაუცრუა იმედი ბიძინა ივანიშვილმა პუტინს? ხომ არ ეგონა, რომ რუსეთში ნაშოვნი მილიარდების გამო მალე და უცებ შეაბრუნებდა საქართველოს რუსულ ორბიტაზე, ვთქვათ, „ევრაზიული კავშირისკენ“. ხომ არ ჩაიქნია მასზე ხელი? ნახეთ, მიშა თავისი ანტირუსული რიტორიკის მიუხედავათ რაოდენ სასარგებლო აღმოჩნდა რუსეთისთვის. 1999 წლის სტამბულის შეთანხმებით, საქართველოდან რის ვაივაგლახით გაყვანილი სამხედრო ბაზები 2008 წლის ომის შემდეგ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემოაბრუნა, სერიოზული ეკონომიკური აქტივები ჩააბარა რუსულ კაპიტალს, მეტი ამ ეტაპზე რუსეთს არც უნდა. აი, მართმადიდებლური ფორუმის მერე, ტურისტულ ნაკადს რუსეთიდან და ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტს დაემუქრა. თუმცა, ბოლო დრომდე საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა არ ჰქონია. იმიტომ,რომ უკრაინით იყო ძირითადად დაკავებული.


 


ახლა კბილი მოუსინჯა სიტუაციას პანკისში, დავით გარეჯში, პრაიდის თემაც ეფექტურად მოიმარჯვა, ახალქალაქი და ბათუმიც მარქაფში აქვს.


 


ჩვენ კი ქუჩებში გამოვედით და ერთმანეთს გაზი, რეზინის ტყვიები, ქვები, პლასტმასის ბოთლები დავუშინეთ. ამჯერად ამით შემოვიფარგლები. ამაზე დაფიქრება გვმართებს.


 


პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა კანონის ველიდან ცალსახა გასვლა იყო.


 


პოლიციის საპასუხო მოქმედება პრინციპში ადექვატური იყო, რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტი კი უფლებამოსილების გადამეტების გამოხატულება. რეზინის ტყვიების გამოყენებას თავისი წესი აქვს, რომელიც დაცული არ ყოფილა.


 


ახლა ინიციატივა „ნაციონალების“ და მათი მხარდამჭერების ხელშია. ისინიც და ჩვენც, ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ. ნუ წამოვეგებით ძალიან ძლიერი რუსული სპეცსამსახურების კარგად გათვლილ პროვოკაციას.


 


და შესაძლოა არამხოლოდ რუსული სპეცსამსახურების. შეიძლება არც ჩვენს მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორებს აძლევდეთ ხელს ქართული დემოკრატიის დღევანდელი რეალური შინაარსი. ამაზეც დავფიქრდეთ.


 


მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. როგორც არასდროს ბოლო 30 წლის განმავლობაში.


 


ერთადერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე სტუდენტური აქცია, მისი შინაარსი და ქართული საზოგადოების შორსმჭვრეტელობა იმედი მაიმედებს..


 


ყოველდღიურად შემოგეხმიანებით ფეისბუქზე. თქვენს პოსტებსაც დიდი ყურადღებით ვკითხულობ.


 


მინაწერე – ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა აკრძალონ ავია გადაზიდვები საქართველოში 8 ივლისიდან, ხოლო ტურისტულ კომპანიებს ურჩია საქართველოში გასამგზავრებლად აღარ გაყიდონ საგზურები. ეს, როგორც ვხვდებით, სერიოზულად დააზარალებს ტურისტულ სეზონს. 


 


ასე რომ, ზემოთქმულის კონტექსტში ცხადია ეს ყველაფერი სამწუხაროდ, იყო ჟურნალი. კინო აწი დაიწყება.
უნდა ვიყოთ მზად",-წერს ექსპერტი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge