გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში: დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას

  • 20 ივნისი 23:51

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისში გერმანიის საელჩოს ოფიციალური ფეისბუკ-გვერდის საშუალებით ეხმაურება.

ჰუბერტ ქნირში აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს:

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ“, - აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. ფაქტს პროტესტი მოჰყვა, შედეგად კი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეწყდა.


პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საპროტესტო აქცია პარტლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.