რუსმა დეპუტატებმა თავი საპატრიარქოს შეაფარეს

  • 20 ივნისი 13:24

საქართველოს პარლამენტის შენობიდან გამოძევებული რუსი დეპუტატები, სერგეი გავრილოვის მეთაურობით, ესკორტით, სავარაუდოდ, საპატრიარქოს შენობის ეზოში შევიდნენ.

ამის შესახებ ადგილიდან „პირველის“ კორესპონდენტი იუწყება.

მანამდე „პირველს“ საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ უთხრა, რომ არ იცის, პარლამენტში განვითარებული მოვლენები იქონიებს თუ არა გავლენას რუსი დეპუტატების შეხვედრაზე პატრიარქ ილია მეორესთან.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა.

ფაქტს პარლამენტში პროტესტი მოჰყვა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა შეწყდა.

უმრავლესობის რეაქცია

"რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი.

არ ვიცი რა უნდა ვთქვა.

ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა",- წერს ჩუგოშვილი.

,,ის რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია!", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა წერს.

,,ის რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში იმართებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ გუშინდლამდე არც ის ვიცოდი რომ მას ეს რუსი დეპუტატი გავრილოვი ხელმძღვანელობდა!", - წერს უმრავლესობის დეპუტატი.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოს პარლამენტში აღარ გაგრძელდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მადინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო, რომ სხდომა სერგეი გავრილოვს უნდა წაეყვანა.

„ხვალ გაგრძელდება სხვა სივრცეში სხდომა, ნებისმიერი სასტუმრო იქნება თუ სხვა, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და მათი პარლამენტის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად განაგრძონ ასამბლეის ფარგლებში მუშაობა, მაგრამ საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ, ვეღარ დაიშვება და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ სერგეი გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.