ირაკლი ჩიქოვანი: ფაქტი, რომ საერთო დეკლარაცია, რაზეც შეთანხმება იქნა მიღწეული პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის და რამდენიმე საათში გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რა მაღალ დონეზეა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის

  • 12 ივნისი 18:50

ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისი თქმით, განცხადება, რომელიც პრემიერ მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაკეთდა, იყო მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოში არსებული მიმდინარე რეფორმები უნდა გაგრძელდეს და რომ ეს ამერიკის ინტერესებშია.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ათი წლის განმავლობაში, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ათ წლისთავს ვზეიმობთ, რამხელა შედეგები გვქონდა, თუმცა ის გეგმები, რომელი გეგმებიც არის ასახული ამ საერთო დეკლარაციაში, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ გაცილებით უფრო დიდი პროექტების წარმართვა და გაცილებით უფრო მასშტაბური თანამშრომლობის უზრუნველყოფა შეგვიძლია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს არის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი და ამ პროექტების განხორციელებაში, ამ პროექტების წინ წაწევაში ერთად ვიქნებით ჩართულები, როგორც საქართველო, ისე ამერიკის შეერთებული შტატები“.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული ქარტიის თანამშრომლობის პირობებში ოთხ ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ადამიანებს შორის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ რეფორმები მიმდინარეობს არა მხოლოდ ქართული მხარის ინიციატივით, არამედ ამაში მნიშვნელოვანი თანამონაწილეობაა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

„სტრატეგიული ქარტიის თანამშრომლობის პირობებში ჩვენ გვაქვს ოთხი ძირითადი მიმართულება. ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთობა. ცხადია, რომ გასაგებია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რეფორმა და ზუსტად ამ მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაზეა საუბარი. ჩვენ არ ვაპირებთ, მივატოვოთ მიმდინარე რეფორმები. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალი პერიოდის განმავლობაშიც გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეფორმები მიმდინარეობს არა მხოლოდ საქართველოს მხარის ინიციატივით, არამედ ამაში არის თანამონაწილეობა ამერიკის, თუნდაც იუსტიციის დეპარტამენტის და, ასევე, ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, დემოკრატია არ არის სრულყოფილი, დემოკრატიზაციის პროცესი არ არის დასრულებული საქართველოში, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ მივაღწიოთ სრულყოფილ დემოკრატიას და ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება, ეს ეხება ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს არჩეული დემოკრატიის მმართველობის ფორმა“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მან განაცხადა, დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველო ამერიკისთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომ ამერიკა იქნება უშუალოდ დაინტერესებული, საქართველოში წარმატებით განხორციელდეს რეფორმები, ამერიკა დაინტერესებულია იმაში, საქართველომ შეძლოს ეკონომიკური განვითარება და გახდეს რეგიონის ჰაბი.