„4 ადამიანია დაღუპული და კაცი გაამართლეს“ – გიორგი პაპასკირის მამა კვირიკაშვილის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

  • primetimenews.ge
  • 31 მაისი 10:29, 2019 წელი

როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი, ოჯახი გამინადგურეს, 4 ადამიანია დაღუპული და კაცი გაამართლეს“, – ამის შესახებ 2016 წლის 16 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საქმე თეთრი ძაფებით არის შეკერილი და სიმართლეს არ შეესაბამება.


მალხაზ პაპასკირი ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას ვერ მალავს. ამბობს, რომ მისი მოთხოვნა არა ვინმეს პატიმრობა, არამედ სიმართლის დადგენაა.


„ეს არის უნამუსო ქვეყანა. ვინ რა უნდა გაითვალისწინოს. ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელიც უბრალოდ გაგეცინებათ რომ ნახოთ როგორ ვითარდებოდა. ჩემს შვილზეც აღარ დგას საკითხი, აქ არის პრობლემა პრეცედენტზე, რომელიც არის ძალიან საშიში და არ უნდა დაიშვას.


პირადად მე, ვარ ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ მთავრობის მომხრე იყო, ახლა პირიქით, მე ვარ ამ მთავრობის პირველი მოწინააღმდეგე. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ვისთან მაქვს საქმე. აუცილებლად ვაპირებ გასაჩივრებას, რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს, მაინც არ შევწყვეტ. ყველამ იცის რა მოხდა. მე არასდროს არ მითქვამს რომ ვიღაცის დასჯა მინდოდა. მე ვითხოვდი სიმართლეს, და სიმართლე ყველამ იცის. ის თეთრი მანქანა, რომელიც ვითომ გადმოუხტა პირველ ექსპერტიზაში საერთოდ არ არის ნახსენები მოწმისგან. როგორ შეიძლებოდა ეს გამხდარიყო უბედური შემთხვევის მიზეზი. ეს არის დადგმული სპექტაკლი და იძახიან, რომ თურმე მე გამწარებული მამა ვარ და ამას ამიტომ ვლაპარაკობ. პატიმრობა ჩემი მოთხოვნა არ არის, მე მინდა უბრალოდ ითქვას სიმართლე“, – აცხადებს მალხაზ პაპასკირი.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მერაბ კვირიკაშვილი ესწრებოდა.


ბრალდების მხარე სასჯელის სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა.


მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა ორ წელზე მეტია მიმდინარეობდა.


შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge