როდის ეგონა თეონა თავართქილაძეს, რომ ცხოვრება დამთავრდა

  • თბილისელები
  • 27 მაისი 18:57

თეონა თავართქილაძემ ახალი – ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო და ქალბატონებს მისთვის ძალიან ახლო და ნაცნობ თემაზე, როგორიცაა სილამაზე და თავის მოვლა – ახლა უკვე „იმედის“ არხის მეშვეობით გაესაუბრება.

თეონა თავართქილაძე: ამ შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ჩემს ცხოვრებაში „ბიუთი ენდ ზე ბოქსი“ არსებობს და მთელი ეს პერიოდი ამ თემით ვარ დაკავებული. ვეძებ სიახლეებს და ვეცნობი ყველაფერს, რაც კი სილამაზის სფეროში ხდება. ეს რუბრიკაც სილამაზეს ეძღვნება. უნდა ვისაუბრო იმაზე, რაშიც თავიდან ფეხებამდე ჩართული ვარ. ამიტომ, არ შევხედე ამას, როგორც ძალიან დიდ სირთულეს. პირდაპირ ეთერში წამყვანობა, ალბათ, მარტივი არაა, ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ რითიც მთელი დღე ვარ დაკავებული, იმის მოკლე ვარიანტი უნდა გავაკეთო რუბრიკების სახით, აქტუალობის მიხედვით და ამიტომ მგონია, რომ არ უნდა გამიჭირდეს. ამ პროფესიას თავის სპეციფიკა აქვს და მიხარია, რომ მე მომცეს უფლება, ვისაუბრო ბუნებრივად და დავრჩე ისეთად, როგორიც ვარ. ესაა საავტორო რუბრიკა. ძალიან კარგი თანაწამყვანები მყავს და მათი იმედი მაქვს, მგონია, ერთად საინტერესო გადაცემა გამოგვივა.


– ყოველთვის კარგ ფორმაში ხართ, საქმეში – წარმატებული, არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვთ... ამას როგორ ახერხებთ?


– სანამ „ბიუთი ენდ ზე ბოქსზე“ დავიწყებდი მუშაობას, წლების განმავლობაში, მოდის სფეროში ვიყავი და რა თქმა უნდა, ოჯახისგან უდიდესი ხელშეწყობა მქონდა. ახლა ამ პროექტს იმდენად დიდი დრო სჭირდება, ვამბობ, გამიმართლა, რომ ჩემი შვილები უკვე დიდები არიან-მეთქი. ვატო ფეხბურთს თამაშობს პოლონეთში, ნიკა უცხოეთში მუშაობს. ისინი რომ ახლა პატარები იყვნენ, ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა ბევრად ძნელი იქნებოდა. სწორ დროს რომ სწორ საქმეს აირჩევ, ეს ზუსტად ის შემთხვევაა. რეზი, რა თქმა უნდა, ძალიან მიწყობს ხელს. მაგალითად, ახლა ვატოს დასჭირდა ჩვენი იქ ყოფნა და რეზი წავიდა. ნაწილობრივ, ალბათ, ბავშვებს დააკლდათ რაღაც, ნიკა რომ ლონდონში სწავლობდა, მე თვეობით ვიყავი მასთან, მაგრამ რაც „ბიუთი ბოქსი“ არსებობს, ერთხელაც ვერ ჩავედი, თუმცა ახლა თვითონ ჩამოდის. ოჯახის წევრები მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ერთმანეთს. გარეგნობა, კარიერა და ოჯახი, მე ვფიქრობ, რომ ჯაჭვური პრინციპითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თუ ერთგან პრობლემაა, მეორეზეც აისახება და პირიქით.


– როგორც ვიცი, ვატოს ახალი და ძალიან სასიხარულო ამბები აქვს.


– კი, ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რითაც ყველა ძალიან გახარებულები ვიყავით. წელს წავიდა და ჯერჯერობით პოლონეთში თამაშობს, უმაღლეს ლიგაში. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მამა ყველაზე კრიტიკულია მის მიმართ. ჩვენი ოჯახის ბიჭებიდან მარტო ვატო თამაშობს ფეხბურთს და „ჩაფრენილები“ არიან მასზე. მისთვის ძალიან რთულია, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რასაც კარგად გრძნობს. 21 წლის ბიჭისგან მე თვითონ მიკვირს, რომ სხვა სურვილები არ უჩნდება, რაც ამ ასაკში ყველას აქვს. ფეხბურთია მისთვის ამომავალი წერტილი. ყურადღებით უსმენს ყველანაირ რჩევას თუ კრიტიკას, ხანდახან მეჩვენება, რომ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის (იცინის).


– დედას როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა ვატომ ეს გადაწყვეტილება მიიღო?


– არც მქონდა საშუალება, სხვა რამე დამეძალებინა. ასე არცერთი შვილი არ გამიზრდია. ვხედავ, რომ ფეხბურთის გარდა სხვა რამე არ აინტერესებს. ამ ასაკში სახლიდან გასვლა ბიჭებთან ერთად გასართობად ძალიან ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მაგრამ არა, თავის რეჟიმს ძალიან უფრთხილდება. ხანდახან ვეუბნები, ვატო, კინოში მაინც წადი, გარეთ გადი-მეთქი და ბევრჯერ მომისმენია მისგან, არა, ზეგ თამაში მაქვს და უნდა დავისვენოო. ვხვდები, რომ პროფესიასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ფეხბურთი ან ასე უნდა გიყვარდეს, ან საერთოდ გაეშვა.


– კრიზისულ პერიოდებს და ცხოვრებისეულ სირთულეებს როგორ უმკლავდებით?


– ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგიური მომენტები ადამიანის ცხოვრებაში და ხშირად ვკითხულობ შესაბამის ლიტერატურას, თუნდაც კრიზისულ წლებზე ქალის ცხოვრებაში. ზუსტად რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით მე და ჩემი მეგობრები და რომ ვთქვა, რაღაც განსაკუთრებული კრიზისი მქონდა-მეთქი, მოვიტყუები. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ პატარა აღარ ვარ, რაც ადრე მიზიდავდა, ახლა ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ამის გამო განცდებში არ ვვარდები, ბუნებრივად ვიღებ. რაც შეეხება ცხოვრებისეულ სირთულეებს, ესეც, ალბათ, ყველას გვაქვს. სამი წლის წინ მამა იყო ცუდად და საერთოდ ყველაფერი გადადებული მქონდა. ექვსი თვე არ გამოვსულვარ სახლიდან. მაგრამ როცა საქმე შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ეხება, საკუთარი თავის გვერდზე გადადება აღნიშვნადაც არ ღირს.


– შვილებთან განშორების ამბავიც ემოციებთან იქნება დაკავშირებული, მით უმეტეს, პირველ ეტაპზე.


– ყველაფერი მიჩვევადია. ნიკა პირველად რომ წავიდა ლონდონში სასწავლებლად, მგონი, ლოგინად ჩავვარდი, მეგონა, ცხოვრება დამთავრდა. მერე ეჩვევი და ამ ყველაფერს უკვე თავისი სიხარულები აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ელოდები, რომ მალე უნდა ჩამოვიდეს. როცა ვიცი, რომ კარგად არიან და საკუთარ საქმეს აკეთებენ, ისე მომწონს, რომ სხვა ყველაფერი მავიწყდება. ყველაფერის დანახვა შეიძლება კარგი კუთხით.


– მათი პირადი ცხოვრების ამბებს რამდენად იცნობთ?


– ასე თუ ისე ყველაფერი ვიცი და მხოლოდ რჩევისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების დონეზე თუ ჩავერევი. ჩემს შვილს რომ ვიღაც უყვარს, ის ბავშვი ისე მიყვარდება, მერე ვამბობ, სად წავიდა-მეთქი (იცინის).


– რამდენად ძლიერი ქალი ხართ?


– არ მინდა, ძლიერი ქალი ვიყო. პირიქით, მე ძალიან სენსიტიური ვარ და სულ არ მინდა, რკინის ვიყო. მომწონს ეს და ვფიქრობ, რომ ქალი ასეთი უნდა იყოს. თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რა მშველის რთულ პერიოდში – ძალიან ვცდილობ, იმ კონკრეტულ სიტუაციას დადებითი კუთხით შევხედო და გამომდის კიდეც.


– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის სიმყარის შესანარჩუნებლად?


– სიყვარული. შეიძლება ძალიან ბანალურია, მაგრამ ასეა. სიყვარული ტრანსფორმირდება წლიდან წლამდე და სხვადასხვანაირი ხდება, ისევე როგორც შენ. ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ როგორც კი ის ქრება, არა მგონია, ურთიერთობიდან რამე გამოვიდეს. დღეს აღარაა პეპლები და რომანტიკა, თუმცა საღად ვუყურებ ამ ყველაფერს. ბუნებრივიცაა, რომ ასე იყოს. ახლა მშვიდი სიყვარული გვაქვს, გულისფრიალების გარეშე, რომელიც გვანიჭებს ბედნიერებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება.

წყარო: თბილისელები