იმის გამო, რომ საყვარელი მყავს, ჩემი ქალიშვილი რძლად არ მიიღეს

  • თბილისელები
  • 27 მაისი 14:12

არასოდეს განმიხილავს სხვისი პირადი ცხოვრება. ვისაც უნდა და ვისთანაც ბედნიერია, ისე უნდა იცხოვროს.

 


24 წლის ვიყავი, როცა ქმარი გარდამეცვალა, დავქვრივდი და დავრჩი თვეების ქალიშვილთან ერთად. რასაკვირველია, მარტო – სულიერად, თორემ არც ჩემს მშობლებს მივუტოვებივარ და არც ქმრის ოჯახს. მე და ჩემი შვილი ცალკე, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით.


არც საჭმელი გვაკლდა, არც ახლობლებისგან მზრუნველობა, მაგრამ ბედნიერები არ ვიყავით. ჩემი ქმრის სიკვდილის მერე, ფრთამოტეხილი დავდიოდი. გავიდა წლები და ისევ შემიყვარდა. არაჩვეულებრივი ადამიანია, წლებია, ერთად ვართ, მთხოვდა დაქორწინებას, მაგრამ მე არ მოვინდომე. არც დამიმალავს, რომ საყვარელი მყავდა – მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ქმარი არ მყავს და არ მაქვს უფლება, ერთ მამაკაცთან მქონდეს ურთიერთობა? ბევრი მეუბნება: თუ ასეა, გაყევი ცოლად, რატომ არ გინდა მასთან ოჯახის შექმნაო.


მე ასეც კარგად ვგრძნობ თავს და არავის საქმე არ არის, ოფიციალურად ვიქნები მამაკაცთან თუ უბრალოდ, სიყვარულის გამო. მოკლედ, ჩემი გოგონა გაიზარდა და ერთოთხიან ბინაში ვეღარ ვეტეოდით. ცენტრში გავყიდე ბინა და იმ ფულით სამოთახიანი ბინა შევიძინე ცენტრიდან ცოტა მოშორებით. ერთი წელია, რაც გადავედით. ისე მოხდა, რომ გვერდით კორპუსიდან ერთ ბიჭს ჩემი მელანო შეუყვარდა. როგორც თავად ამბობს, ერთი ნახვით მოიხიბლა, ყველაფერი იღონა მისი გულის მოსაგებად და ახლახან, დაოჯახებაც შესთავაზა. მელანოსაც ძალიან უყვარს, მაგრამ ბიჭის ოჯახი წინააღმდეგია. ამბობენ: ისეთი ქალის შვილს, რომელსაც საყვარელი ჰყავს, ოჯახში რძლად ვერ შემოვუშვებთო. სიმართლე გითხრათ, ეს რომ გავიგე, არც მე მინდა ასეთ ოჯახში გავათხოვო ჩემი შვილი. წარმომიდგენია, ასე რომ აზროვნებენ, იმის იქით კიდევ რა იმალება და ზუსტად ვიცი, რძალს რა დღეში ჩააგდებენ. მაგრამ, მელანოს სიგიჟემდე უყვარს თავისი რჩეული და აღარ იცის, რა ქნას. ვერც მე მტკენს გულს, ვერც შეყვარებულს ეუბნება რამეს და მის ოჯახთან საერთოდ არ კონტაქტობს. ჩემმა საყვარელმა რომ გაიგო, რის გამოც დაიწუნეს სარძლოდ, კინაღამ გადაირია. მელანო საკუთარი შვილივით უყვარს და მე გამომლანძღა: ხომ გეუბნებოდი, გამომყოლოდი ცოლად. შენი სიჯიუტის და ახირების გამო ბავშვსაც პრობლემები შეუქმენიო. ფაქტია, ჩემს საყვარელში არ არის პრობლემა. პრობლემა მათი არასწორი აზროვნება და ჩამორჩენილობაა. ვის უკვრის საყვარელი, მით უმეტეს უქმრო ქალისგან? ან, შვილმა დედის საქციელის გამო რატომ უნდა ზღოს და დაიტანჯოს? ჩემი ნება რომ იყოს, იმ ოჯახს კარგად გამოვლანძღავდი და ავუხსნიდი, რომ ჩემს შემთხვევაში, საყვარელი კაცის ყოლა არ ნიშნავს აღვირახსნილობას, მრუშობას და ცუდ საქციელს. მაგრამ ამის ახსნა რომ არის საჭირო, ამაზე მეშლება ნერვები. იმათ დონეზე ხომ არ დავეცემი? თან, ჩემი შვილის შეყვარებულიც კარგი ბიჭია და არ მინდა, ვაწყენინო. კი არის პრობლემა, მაგრამ რა ვიცი, იქნებ ხვალ ოჯახს ქმნიან და მერე სანანებელი არ გამიხდეს. ჩემთანაც ვერ მოვიყვან სიძეს, რადგან ჩემი საყვარელი ხშირად ღამეც რჩება. რომც მოვიყვანო, მისიანებიც ხომ დაიწყებენ მოსვლას? ჩემი გოგო თავადაც არ მოინდომებს ამას. ფაქტია. ჩვენს დროშიც არსებობენ ადამიანები, ვინც საკუთარი შვილის ბედნიერებას, მისი სასიდედროს პირადს აყოლებენ.


კიდევ ვამბობ: სულ რომ აღვირახსნილი ვიყო, ჩემმა შვილმა რა დააშვა? ამის გამო უნდა აგოს პასუხი? უარი თქვას სიყვარულსა და პირად ბედნიერებაზე და გაუთხოვარი დარჩეს?


მზიკო, 48 წლის.

წყარო: თბილისელები