რა ვერდიქტს გამოუტანენ ბათუმელ ლექტორს ?

  • pia.ge
  • 24 მაისი 12:35

სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე შექმნილი დისციპლინური კომისიის სხდომა მედიისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის დაიხურა.

   ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მიერ 19 წლი სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე შექმნილი დისციპლინარული კომისია ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მსჯელობს.

   სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მომჩივანი სტუდენტის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. გოგონას არ სურს, მისი პირადი ცხოვრების დეტალები მედიისთვის პირდაპირ გახდეს საჯარო.  შეხვედრას არ ესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. მომჩივანის ინტერესებს, მისივე გადაწყვეტილებით, კერძო ადვოკატი იცავს. "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" დირექტორი ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ განხილვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის აუცილებელია, კომისიის მუშაობაში არასამათავრობო სექტორიც ჩაერთოს.

  "ბუნებრივია არის ძალიან ცუდი ფაქტი, ამავდროულად, ლექტორი ამბობს, რომ "ფეისბუქი" გაუტეხეს, შესაბამისად, მოხდა ვიღაცის მიერ ფოტოებისა და მესიჯების გადაგზავნა. მხოლოდ განცხადება იმისა, რომ "ფეისბუქი" გატეხილია, არ იქნება საკმარისი, იმიტომ, რომ მაშინ უნდა გამოვლინდეს კონკრეტული დამნაშავე პირი. ალბათ, უნდა გამოეკითხათ სხვა სტუდენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი უფროსკურსელებმა გააფრთხილეს, ამ ლექტორის მხრიდან მსგავს მესიჯებს ხშირად ჰქონდა ადგილი.

  ფაქტია, რომ გოგონამ ეს არ მოიფიქრა იმიტომ რომ მესიჯობდა, ფოტოები არსებობს"- განაცხადა ასლან ჭანიძემ.

  უნივერსიტეტის 7-წევრიანი ეთიკის კომისია - აკადემიური პირებით, ადამინისტრაციის წარმომადგენლებითა და მომჩივანი სტუდენტის თანაკურსელებითაა დაკომპლექტებული.

  განხილვას ესწრება თავად 19 წლის სტუდენტიც.

  სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი, ამ დრომდე, მივლინებით უკრაინაში იმყოფება.

  ომარ მახარაძემ გუშინ მის მიმართ გაკეთებული ყველა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ სოციალური ქსელი გაუტეხეს. ფაქტზე გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge