"დინამოში" ხელფასი რომ დაუნიშნეს, უკვირდა: ფეხბურთს გვათამაშებენ, გვაჭმევენ, გვაცმევენ და კიდევ ხელფასს გვიხდიანო"

  • თბილისელები
  • 21 მაისი 11:26

ბორის პაიჭაძის შვილი იგონებს:

 

"ფოთში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვარდათ, მაგრამ პროფესიულ ფეხბურთს, რა თქმა უნდა, არ თამაშობდნენ. მამა ძლიერი ფეხბურთელი იყო და ფოთში ყველა ხელისგულზე ატარებდა. თბილისის "დინამო" ფოთელების ბაზაზე ჩამოყალიბდა. ლავრენტი ბერიას უშუალო მონაწილეობით მამაც წამოიყვანეს და მისი აღმასვლა იქიდან დაიწყო, თორემ მამა ფოთის პორტში მუშაობდა. მისთვის ფეხბურთი გატაცება იყო. მწვრთნელი, მასწავლებელი არასოდეს ჰყოლია. ჩემს პაპას ბურთისთვის ფეხიც არ დაურტყამს. მამა ბუნებრივად  იყო ნიჭიერი. თურმე, მას და  სხვა ბიჭებს "დინამოში" ხელფასი რომ დაუნიშნეს, უკვირდათ: ფეხბურთს გვათამაშებენ, გვაჭმევენ, გვაცმევენ და კიდევ ხელფასს გვიხდიანო.


ერთხელ "დინამოელები" საბჭოთა კავშირის პირველობაზე თამაშობდნენ. მამა მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა. ბურთი კარში დაარტყა, მაგრამ მეკარე გადახტა და ბურთი კარიდან გადმოაგდო. თვითონ კი თავი ბოძს მიარტყა და დაეცა. მამას ბურთი ფეხებთან მიუგორდა. კარი ცარიელი იყო, მაგრამ უგონოდ დაცემულ მეკარეს რომ შეხედა, ბურთი სხვა მხარეს ისროლა, მეკარეს მივარდა და ფეხზე წამოაყენა. ამაზე მთელ საბჭოთა კავშირში წერდნენ, ასეთი რამ არასოდეს მომხდარაო. ეს სცენა "პირველ მერცხალშიც" არის შეტანილი – როცა ინგლისელ მეკარეს იასონი,  დოდო  აბაშიძის გმირი, ასულიერებს."
 

წყარო: თბილისელები