მამუკა მდინარაძე: მსოფლიოში ასეთი ჯერ არ გამოუგონიათ, რომ ერთი მიმართულებით, 20 მეტრის იქით ჩაახშოს და 20 მეტრის იქით არ ჩაახშოს

  • 19 მაისი 23:01

„ძალიან გთხოვთ, ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან შევიკავოთ თავი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, არჩევნების წაგებას ვერ გადაფარავს ამბების მოგონება ე.წ. ჩამხშობების შესახებ და არც ერთი წამით, არც ერთი ტელეკომპანიის მაუწყებლობა არც კი შეფერხებულა:

„როგორც ვაცხადებდით თავიდანვე დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, უკვე ოქმები ამის თქმის საშუალებას გვაძლევს. ის, რომ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ პრაქტიკულად ყველა ოლქში, ეს ნიშნავს, რომ  პროგნოზი გამართლდა.  ერთ-ორ ოლქში შესაძლებელია დავუშვათ, რომ იყოს მეორე ტური, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ ოლქებიდან არ არის შემოსული საკმარისი რაოდენობა, რომ განზოგადება შევძლოთ და შევძლოთ პრაქტიკული პროგნოზის დადება.


დაველოდოთ ოქმებს და ამის შემდეგ უკვე პრაქტიკულად უფრო ზუსტად ნახევარ საათში შეგვეძლება ზუსტი ინფორმაციის გადმოცემა. მთავარია, რომ ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს და განსაკუთრებით ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოიჩინეს უპრეცენდენტო აქტივობა და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებშიც საერთო ჯამში დამაჯერებლად, დაახლოებით 60 პროცენტის ფარგლებში იმარჯვებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებდა თავის მხარდამჭერებს არეულობისკენ:

„მე არ ვიცი ზუგდიდში დაიძაბება თუ არა მდგომარეობა, რას მოიმოქმედებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ჩვენ პროვოკაციის შესახვედრად, დასახვედრად და აღსაკვეთად მზად ვართ. თუმცა, ისიც შეგვიძლია დავამატოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებდა არეულობისკენ თავის მხარდამჭერებს, როცა მან მხარი დაუჭირა ჩანაწერში ნაციონალური მოძრაობის შტაბიდან ჩანაწერში გახმოვანებულ მესიჯებს არეულობის და ე.წ. ადუღების შესახებ. მინდა, მოგაწოდოთ დაკონკრეტებული ინფორმაცია, აბსოლუტური სიცრუეა, რომ რაღაც დამხშობები, მფრინავი თეფშები და უცხოპლანეტელები იყვნენ ზუგდიდში რომელიღაც შტაბთან.

აქვე გეტყვით, რომ ორი შტაბი, ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი სულ 20- 30 მეტრის მანძილით  არის დაშორებული. მსოფლიოში ასეთი ჯერ არ გამოუგონიათ, რომ ერთი მიმართულებით, 20 მეტრის იქით ჩაახშოს და 20 მეტრის იქით არ ჩაახშოს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და როგორღაც არჩევნების წაგებას ვერ გადაფარავს რაღაცა ამბების მოგონება ეგრეთწოდებული ჩამხშობების შესახებ და ისიც უნდა დავამატო, რომ არც ერთი წამით, არც ერთი ტელეკომპანიის მაუწყებლობა არც კი შეფერხებულა. ძალიან გთხოვთ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან შევიკავოთ თავი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ასევე, მამუკა მდინარაძე ზუგდიდის 86-ე უბანზე ჟუნრალისტის შესვლის ფაქტს გამოეხმაურა.

„ახლა, რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის 86-ე უბანზე თქვენი ჟურნალისტის შესვლა, რაც აბსოლუტურად კანონიერი იყო, მაგრამ კანონით მისი მოქმედება უნდა გაგრძელებულიყო ისე, რომ თავმჯდომარის მიერ გამოყოფილ ადგილას უნდა განთავსებულიყო ვიდეო კამერა და განეხორციელებინა ვიდეოგადაღება და არა პირდაპირი ჩართვა. როდესაც ჟურნალისტი თხოვს პოლიციელს რომ იცოდეს კანონი, მანაც უნდა იცოდეს კანონი იმდენი მაინც, რომ მას არ აქვს პირდაპირი ჩართვის და ხელშეშლის უფლება კომისიის წევრისთვის. ეს გათვალისწინებულია საარჩვენო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტით და გთხოვთ ამასაც ყურადღებით გაეცნოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.